Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული სააღდგომო წეს-ჩვეულებები


როგორ აღნიშნავდნენ საქართველოში აღდგომის დღესასწაულს? - ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა და მეტ-ნაკლებად სრული სურათის წარმოდგენა მხოლოდ

სხვადასხვა წყაროების მიერ შემონახული ფრაგმენტებითაა შესაძლებელი. სააღდგომო წეს-ჩვეულებები ერთმანეთისგან მცირედით განსხვავდებოდა, თუმცა არსებობდა რიტუალები, რომელიც მხოლოდ ერთ რომელიმე კონკრეტულ მხარეში სრულდებოდა.
მინდა გესაუბროთ ქართულ სააღდგომო ტრადიციებსა და ერთ უნიკალურ ჩანაწერზე, რომელიც თითქმის ასი წლისაა.

ზამთრის დღეობებისგან განსხვავებით, ზაფხულის დღეობები საქართველოში, ძირითადად, მთვარის კალენდარულ სისტემას ეყრდნობა და მოძრავია. როგორც ხალხში ამბობდნენ, ,,ისინი აღდგომას დასდევენ.” მთვარესთან აღდგომის კავშირი მის მეორე ქართულ სახელწოდებაში, ,,აღვსებაშიც”, ჩანს, - ამბობს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო აბაკელია:

[ნინო აბაკელიას ხმა] ,,აღდგომის დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულის ატმოსფეროთია გამსჭვალული. ეს განწყობა გამოწვეულია იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით, რასაც ქრისტიანები დიდი სიხარულით უმოწმებენ ერთმანეთს და ახარებენ.” (სტილი დაცულია)

ეს უკვე რამდენიმე საუკუნეა ასე ხდება. რაც შეეხება საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ძველად არსებულ სააღდგომო წეს-ჩვეულებებს, მათი ნაწილი დღემდე შემორჩენილია, თუმცა ადრინდელი რიტუალების წარმოდგენა მხოლოდ ფრაგმენტულადაა შესაძლებელი:

[ნინო აბაკელიას ხმა] ,,სხვადასხვა დოზით სხვადასხვა ფრაგმენტი გვაქვს შემორჩენილი და ჩვენ მერე გვიხდება ამის ერთმანეთთან შეკავშირება და რეკონსტრუქცია, მთლიანად რა შეიძლება ყოფილიყო საქართველოში, რა ტრადიცია შეიძლება ყოფილიყო.” (სტილი დაცულია)

ეთნოლოგი ნინო აბაკელია ამბობს, რომ აღდგომის დღესასწაულს მრავალფეროვანი წეს-ჩვეულებები უკავშირდება - შემოვლითი და შემოსალოცი რიტუალები, კვერცხის შეღებვა, სააღდგომო გართობა-თამაშები, ნათლიების მილოცვა და კამარაი. განსაკუთრებულ რიტუალს წარმოადგენდა ჭონა, რომელსაც, აღდგომით გამოწვეული სიხარულის გამოხატვის გარდა, გლეხებისთვის საგანგებო მნიშვნელობა ჰქონდა. ამ რიტუალის კარგად შესრულებას ისინი ბარაქიან წელიწადს და სურვილების აღსრულებას უკავშირებდნენ:

[ნინო აბაკელიას ხმა] ,,ჭონი თვითონ ნიშნავს ბეწვიანი ქუდის მკერავსაც. შეიძლება ტოპონიმიც იყოს, მაგრამ დღესდღეობით არანაირი მასალა არ გაგვაჩნია, რომ ზუსტად გიპასუხოთ, რას უნდა ნიშნავდეს.” (სტილი დაცულია)

ნინო აბაკელია გვიყვება, რომ ჭონა სააღდგომო შემოვლითი რიტუალია, რომელსაც დიდ ხუთშაბათს ან დიდ შაბათს, საღამოს, ასრულებდნენ. ჭონის მომღერლებს რომ ხშირად დიდი გზის გავლა უწევდათ, ამას ეს ლექსიც ადასტურებს:

[ნინო აბაკელიას ხმა] ,,ქვემოთ ქართლიდან წამოველ, შემოვიარე დვირიო, აწყვრამდის უზმო ვიარე, იქ დავიბანე პირიო. ნინომ რომ კვერცხი შეღება, ის არის შობის პირიო.” (სტილი დაცულია)

ანსამბლ ,,რუსთავის” ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი ამბობს, რომ კარგი მომღერლობა ჭონის კარგად შესრულებას არ ნიშნავდა:

[ანზორ ერქომაიშვილის ხმა] ,,ჭონას განსაკუთრებული შესრულება ესაჭიროებოდა. ამა და ამ მომღერალზე იტყოდნენ, რომ ეს ჭონას მღერის არაჩვეულებრივადო. სოფელში ყველამ იცოდა, რომ ესა და ეს მომღერლები ჩამოივლიდნენ ოჯახებს და მიულოცავდნენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.” (სტილი დაცულია)

ანზორ ერქომაიშვილმა ლონდონში ჭონის უიშვიათესი ჩანაწერი აღმოაჩინა. 1907 წელს მას სახელგანთქმული სანდრო კავსაძე და მისი გუნდი ასრულებდნენ:

[ანზორ ერქომაიშვილის ხმა] ,,ეს არის უნიკალური ჩანაწერი, მართლაც. სიმღერა იწყება დალოცვით. ადრე ასე ხდებოდა თურმე, ჯერ ჭონას შემსრულებლები მივიდოდნენ, ოჯახს დალოცავდნენ და შემდეგ იწყებდნენ სიმღერას.” (სტილი დაცულია)

[ჩანაწერის ფრაგმენტი]

ამ უნიკალური ჩანაწერის ფრაგმენტი სწორედ ანზორ ერქომაიშვილის წყალობით მოვისმინეთ. მან ისიც აგვიხსნა, რომ სანდრო კავსაძე ორივე პარტიას თავად ასრულებდა, ჭონის თითქმის ასი წლის წინანდელი ტექსტი კი, ძირითადად, ემთხვევა იმას, რასაც ამჟამად მღერიან.
თავის მხრივ, ეთნოლოგმა ნინო აბაკელიამ გვიამბო, რომ ჭონის ტექსტი 1953 წელს დევიდ ლენგს ნიუ-იორკში რაჭველი კაცისგან ჩაუწერია.
აღდგომის დღესასწაულზე ქართველები მხოლოდ ჭონას არ მღეროდნენ. ანზორ ერქომაიშვილი, რომლის ბაბუა, არტემ ერქომაიშვილი, შესანიშნავი მგალობელი იყო, იხსენებს, რომ ბავშვობაში სააღდგომოდ გამორჩეულ სიმღერებს ისმენდა. თუმცა მათ რომ საგალობლები ერქვა, მოგვიანებით შეიტყო, რადგან კომუნისტები მსგავსს არაფერს სწყალობდნენ. მიუხედავად ამისა, არსებობს საგალობელი, რომლის შესრულებასაც არც მაშინ ერიდებოდნენ:

[ანზორ ერქომაიშვილის ხმა] ,,ბაბუა ჩვენ გვასწავლიდა ,,ქრისტე აღსდგას.” ეს იმდენად იყო ამ რიტუალთან დაკავშირებული, რომ, ალბათ, აკრძალვაც არ შეიძლებოდა. დილას ბაბუა დაგვადგებოდა თავზე, გაგვაღვიძებდა ბავშვებს და ჩვენ ,,ქრისტე აღსდგას” ვმღეროდით, გახარებულები. შემდეგ წითელ კვერცხებს დაგვირიგებდა ყველას.” (სტილი დაცულია)

როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, აღდგომის დღესასწაულს საქართველოში 3 კვირის განმავლობაში ზეიმობდნენ, სიტყვებით ,,ქრისტე აღსდგა” კი ადამიანები ერთმანეთს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეგებებოდნენ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG