Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკის რესტავრაცია ქართველი ექსპერტების მონაწილეობის გარეშე დასრულდა


გასული წლის ივლისის დასაწყისში, როდესაც საქართველოში, ძირითადად, ორ სიახლეზე - ცხინვალის რეგიონში სიტუაციის დაძაბვასა და საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრების მიერ

ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაზე -საუბრობდნენ, ეს ორი თემა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკის დაზიანებამ დაჩრდილა. ბერძნული საპატრიარქოს მფლობელობაში არსებულ მონასტერში ჩადენილი ვანდალიზმით გამოწვეული აჟიოტაჟი რამდენიმე დღეს გაგრძელდა, მოგვიანებით ისრაელში ჩასულ საქართველოს პრეზიდენტს კი ფრესკა ,,აღდგენილი” დახვდა. მოგითხრობთ იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა შოთა რუსთაველის უნიკალური ფრესკის სრულ რესტავრაციასთან დაკავშირებით.

იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკის დაზიანების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას ისრაელის მთავრობა სრულ დახმარებას დაჰპირდა. წუხილს გამოთქვამდა იერუსალიმის პატრიარქიც, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს მონასტერში არა მხოლოდ ქართველი ექსპერტების მუშაობას, არამედ თავად ჯვრის მონასტერში ბერძნებთან ერთად ორი ქართველი ბერის დამკვიდრებას ჰპირდებოდა. დღემდე არც ერთი ეს პირობა არ შესრულებულა. გასული წლის ბოლოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ,,იუნესკოს” შეთანხმებით, დაკომპლექტდა უცხოელი და ქართველი ექსპერტების ჯგუფი, რომელსაც ფრესკის რესტავრაციაზე უნდა ემუშავა, მაგრამ ეს მისიაც ჩაიშალა:

[თამილა მგალობლიშვილის ხმა] ,,სამწუხაროდ, ხანგრძლივი ბრძოლის მიუხედავად, ბერძნულმა საპატრიარქომ უარი განაცხადა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ მათ იერუსალიმის საპატრიარქოზე ზეწოლა არ შეუძლიათ. თუმცა მე ვთვლი, რომ ზეწოლა მათ შეეძლოთ, მაგრამ არ უნდათ ურთიერთობის გაფუჭება.” (სტილი დაცულია)

იერუსალიმის ექსპედიციის ხელმძღვანელი პროფესორი თამილა მგალობლიშვილი იანვარში იერუსალიმში გაემგზავრა, როგორც თავად ამბობს, სიტუაციის დაზვერვის მიზნით. შეხვდა ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებს და მათგან გარკვეული საჭირო ინფორმაციაც მიიღო. თუმცა დეპარტამენტის დანაპირები შოთა რუსთაველის ფრესკის რესტავრაციაში ქართველი ექსპერტების მონაწილეობის თაობაზე, კვლავ ბერძნული საპატრიარქოს წინააღმდეგობის გამო, ვერ შესრულდა. ამავე საპატრიარქომ ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტს თანხა თავად გადაურიცხა და ფრესკის რესტავრაცია დაუკვეთა. ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში ქართველმა მეცნიერებმა შეძლეს, დეპარტამენტს ჯვრის მონასტერთან დაკავშირებული ყველა მასალა გაუგზავნეს. პროფესორი თამილა მგალობლიშვილი ამბობს, რომ რუსთაველის ფრესკის რესტავრაციის პროექტი, რომელიც ქართველმა ექსპერტებმა ისრაელიდან რამდენიმე მცდელობის შემდეგ მიიღეს, რესტავრირების მსოფლიო სტანდარტების მიხედვითაა შექმნილი. თუმცა, რამდენად ზუსტადაა შესრულებული, ამას ადგილზე შემოწმება სჭირდება:

[თამილა მგალობლიშვილის ხმა] ,,პროექტი შეადგინა რესტავრატორმა, რომელიც ფაქტიურად, არის მოზაიკების რესტავრატორი. ფიზიკურად იმუშავა ვინმე ხაიფ კაფშიცმა, რომელიც არის მოსკოვის სკოლის წარმომადგენელი. როგორც ჩანს, რუსეთიდან გასული ებრაელია, რომელიც დღეს არის ისრაელის მოქალაქე.” (სტილი დაცულია)

გასულ წელს, ისრაელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის წინ, რუსთაველის ფრესკის რესტავრირებას შეეცადნენ, რის გამოც მისი საბოლოოდ დაზიანების ვერსია გაჩნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ რესტავრაცია მხოლოდ გამოსახულების გადაკვრით გამოიხატებოდა და რომ ფენებს არავინ შეხებია:

[თამილა მგალობლიშვილის ხმა] ,,ეხლაც მიმტკიცებენ, რომ ფენებს არ შეხებიან, მაგრამ ის, რაც ჩვენი ძალიან დიდი თხოვნა იყო, რომ შემოწმებულიყო ფენათა რაოდენობა, გაკეთებულიყო ტექნიკური ანალიზები და გადაღებები, სამწუხაროდ, არ არის ჩატარებული. თუ მონასტრის სრულ რესტავრაციაზეა ლაპარაკი, ამის გარეშე არ შეიძლება მუშაობა. ჩვენ იქ ვკარგავთ ფენებს.” (სტილი დაცულია)


ისრაელის ექსპერტთა მიერ შოთა რუსთაველის ფრესკის რესტავრაციის დასრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს ქართველი მეცნიერები უახლოეს ათ დღეში ელიან, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება საბოლოო დასკვნის გამოტანა:


[თამილა მგალობლიშვილის ხმა] ,,უნდა ვეცადოთ, რომ შევამოწმოთ ადგილზე და ჩვენი შენიშვნები გავუზიაროთ, ჩვენი სურვილები, ნუ იქნება ეს შენიშვნები. გვაქვს გარკვეული შეკითხვები ჩვენი ექსპედიციის წევრებს. ყველას ერთად დაჯდომაა საჭირო და ამ შენიშვნებზე მუშაობა როგორც ჩვენი, ასევე იმ შემსრულებლებისა. ისრაელის მხარე ამაზე წინააღმდეგი არ არის. რას იზამს ბერძნული საპატრიარქო, არ ვიცი.” (სტილი დაცულია)

იმის შანსი, რომ ბერძნული საპატრიარქო ჯვრის მონასტერში ქართველი ექსპერტების მუშაობაზე დათანხმდება, საკმაოდ მცირეა, რის გამოც თამილა მგალობლიშვილი აუცილებლად მიიჩნევს საკითხის გადაწყვეტას უშუალოდ საქართველოსა და ისრაელის უმაღლეს ხელისუფალთა დონეზე.
მით უმეტეს, რომ ბერძნული საპატრიარქო ჯვრის მონასტერში სხვა ფრესკების აღდგენასაც აპირებს, რაც, მეცნიერთა განცხადებით, ქართველი ექსპერტების მონაწილეობის გარეშე დამღუპველი იქნება.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG