Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და “ათასწლეულის გამოწვევის” პროგრამა


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვიზიტის წინ ცნობილი გახდა, რომ დასასრულს მიუახლოვდა მოლაპარაკება

საქართველოსთვის დახმარების გამოყოფის შესახებ ”ათასწლეულის გამოწვევის” პროგრამის ფარგლებში. წინასწარი ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მიერ გაწეული სამუშაო მოიწონა და დაფინანსების გამოყოფა ზაფხულში დაიწყება, მას შემდეგ, რაც პროგრამას აშშ-ის კონგრესი დაამტკიცებს. რას და როგორ მოხმარდება საქართველოში ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა ფული?

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გასული წლის მიწურულს შეიქმნა სპეციალური ფონდი - ”ათასწლეულის გამოწვევა - საქართველო”, რომელსაც “ათასწლეულის გამოწვევის” პროგრამით გათვალისწინებული დახმარების პრიორიტეტების განსაზღვრა დაევალა.

ამ ფონდის წარმომადგენლის ეკა ზღულაძის განცხადებით, საზოგადოების გამოკითხვის შედეგად, დადგინდა ის 4 მიმართულება, რაშიც ამერიკის მთავრობის დახმარება დაიხარჯება. ესენია: თბილისისა და სამცხე-ჯავახეთის, ასევე თბილისისა და სომხეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია- მშენებლობა, რეგიონის ინტეგრაციის მიზნით; სპეციალური ფონდის შექმნა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშესაწყობად; ასევე რეგიონების ინფრასტრუქტურის განვითარების ფონდის შექმნა და, მეოთხე, მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია:

[ეკა ზღულაძის ხმა] ”ერთი კვირის წინ დაბრუნდა ჩვენი დელეგაცია ამერიკიდან და ჩამოგვიტანა ძალიან კარგი ამბავი, რომ 120 მილიონამდე გაიზარდა ჩვენი ბიუჯეტი გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. სხვა სამ კომპონენტზე ჩვენ ვიმედოვნებთ 30-დან 40 მილიონამდე, ცალ-ცალკე.”(სტილი დაცულია)

ეკა ზღულაძისვე ინფორმაციით, ამერიკული მხარის მოთხოვნით, ამ თანხის ხარჯვამ ეკონომიკის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი, რათა დაძლეულ იქნეს სიღარიბე.

საქართველოში ასეთივე კეთილშობილური მიზნით რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მუშაობს, თუმცა ჯერ არც საქართველოს ეკონომიკას დასტყობია განვითარება და არც სიღარიბე შემცირებულა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თანხების არამიზნობრივი ხარჯვაა. ”ათასწლეულის გამოწვევის” პროგრამაშიც იგივე რომ არ განმეორდეს, არასამთავრობო ორგანიზაციამ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ათასწლეულის პროგრამის თანხების ხარჯვის საჯაროობის უზრუნველყოფა სცადა. ამ ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის მარკ მალენის განცხადებით, მან წერილით მიმართა ათასწლეულის პროგრამის როგორც ვაშინგტონის, ასევე თბილისის ოფისებს:

[მარკ მალენის ხმა] ”არ ვიცი რატომ, მაგრამ ათასწლეულის პროგრამის ვაშინგტონისა და თბილისის ოფისებმა უპირატესობა არ მიანიჭეს დიალოგს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან. ვფიქრობ, ეს არის ცუდი და სახიფათო. ვიმედოვნებ, რომ მომავალში, როცა უკვე დაიწყება პროგრამის დაფინანსება, უფრო ინტენსიურ ურთიერთობას დაამყარებენ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საქართველოში.”

მარკ მალენი ურჩევს ”ათასწლეულის გამოწვევა - საქართველოს”, ყველა გადარიცხვა, თანხის მოცულობა და მისი მიმღების ვინაობა 24 საათის განმავლობაში გამოაქვეყნოს ინტერნეტში, რათა საზოგადოებამ შეიტყოს რამდენად სწორად იხარჯება სახსრები.



”ათასწლეულის გამოწვევა - საქართველოს” წარმომადგენელი ეკა ზღულაძე კი ამბობს, რომ მარკ მალენის წერილი განხილვის სტადიაშია და მასზე ოფიციალურ პასუხს უახლოეს მომავალში მიიღებს.

”ათასწლეულის გამოწვევის” პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 2002 წლის გაზაფხულზე დააფუძნა. პროგრამა მიზნად ისახავს გარდამავალი ქვეყნების განვითარებისთვის გრანტებისა და ინვესტიციების გამოყოფას. საქართველოში “ათასწლეულის გამოწვევით” გათვალისწინებული დაფინანსების დაწყებას 2005 წლის შუა ზაფხულისთვის ვარაუდობენ.
XS
SM
MD
LG