Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინის დროს დეპორტირებულთათვის მეორ მსოფლიო ომი ჯერ არ დასრულებულა


ამ დღეებში მეორე მსოფლო ომის დასრულების 60 წლისთავთან დაკავშირებით იხსენებენ მთელ რიგ მოვლენებს, რომლებმაც ომისშემდგომი მსოფლიოს ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა.

ერთ-ერთი ტრაგიკული შედეგი ამ ომისა ისიც გახლდათ, რომ ომის პერიოდში საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან აყრილი და შორეულ მხარეებში გადასახლებული ხალხების ნაწილი ჯერაც ვერ დაბრუნებია მშობლიურ კერას. ამ ხალხებისთვის - შეიძლება ითქვას - ომი ჯერ არ დასრულებულა.

კლარა ბარათაშვილი ჯერ არ იყო დაბადებული, როცა მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. მაგრამ 50-ს გადაცილებულ ამ ქალს ცხადად ახსენდება მამამისის, ლატიფ შაჰის მონაყოლი 1944 წლის 15 ნოემბრის შესახებ, როცა ე.წ. მაჰმადიანი მესხები გადაასახლეს.

[ბარათაშვილის ხმა] "დილის 4 საათზე ხალხი გააღვიძეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. მთელი ღამე მინდორში, კალოზე ჰყავდათ გაჩერებული. მოგვიანებით ძალიან ბევრი სატვირთო მანქანა მოვიდა. ხალხი მანქანებზე აიყვანეს. მათ მინიმუმის თან წაღების უფლება მისცეს. მამაჩემმა წიგნები და თავისი ჩანაწერები წაიღო. მას ისე სწამდა კომუნიზმის იდეის, ისეთ ფანატიზმამდე მიდიოდა საქმე, რომ მხოლოდ სტალინის შრომები და ასეთი რამეები წაიღო."

ოფიციალური საბჭოთა ისტორიოგრაფია მსგავს გადასახლებებს ამართლებდა იმით, რომ ეს დეპორტირებული ხალხები თითქოს გერმანელ ოკუპანტებთან თანამშრომლობდნენ ყირიმის ნახევარკუნძულსა და კავკასიაში 1941-42 წლებში.

არაზუსტი მონაცემებით, 1943 წლიდან მოყოლებული მილიონნახევარი ადამიანი იქნა გადასახლებული შავი და კასპიის ზღვისპირა რეგიონებიდან. შინსახკომის მიერ გატარებული ამ ოპერაციების დროს მშობლიურ კერას მოსწყვიტეს და ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს ყირიმელი თათრები, ჩეჩნები, ინგუშები, ყარაჩაელები, ყალმუხები, ბალყარელები, ბულგარელები, ბერძნები, სომხები, ქურთები, ჰემშინები, ე.წ. მაჰმადიანი მესხები და სხვები.

მუსტაფა ჯემილევი ყირიმელ თათართა მილი მეჯლისის, ანუ ეროვნული პარლამენტის თავმჯდომარეა. ვეტერანმა დისიდენტმა, რომელიც ბავშვობაში გადაასახლეს და რომელმაც საბჭოთა ციხეებში 15 წელი გაატარა თავისი ხალხის უფლებების დაცვისთვის, ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ყირიმელი თათრების ომამდელი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი გაანადგურეს მარტო 1944-45 წლებში - ნაწილი დეპორტაციის პროცესში, ნაწილი კი გადასახლების ადგილებში.

[ჯემილევის ხმა] "დაახლოებით 380 ათასი ყირიმელი თათარი გადაასახლეს. ამაში არ შედის 50 ათასამდე ჯარისკაცი, რომლებიც გადაასახლეს ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ. ფრონტზე მრავალი დაიღუპა და ვინც გადარჩა, გადასახლებაში გაუშვეს. მაგრამ თუკი ამ 380 ათასს ავიღებთ ამოსავალ მონაცემად, შეიძლება ითქვას, რომ 150-დან 170 ათასამდე ყირიმელი თათარი განადგურდა გადასახლების პირველი ორი წლის მანძილზე."

ზემოთ ვახსენეთ, რომ ამ ხალხებისთვის ომი ჯერ არ დასრულებულა. საქმე ის არის, რომ სტალინის დროს გადასახლებული ხალხების დიდი ნაწილი დღემდე ვერ უბრუნდება თავდაპირველ საცხოვრებელ ადგილებს. მაგალითად, ე.წ. მაჰმადიანი მესხები შვიდ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში არიან გაფანტული. მხოლოდ რამდენიმე ასეულმა მათგანმა მოახერხა საქართველოში დაბრუნება.

მიუხედავად იმისა, რომ ყირიმელ თათრებს ყველა ბრალდება მოუხსნეს 1967 წელს, მათ 1989 წლამდე არ მისცეს ყირიმში დაბრუნების უფლება. მაგრამ ამით მათი პრობლემები არ დასრულებულა. ისინი დღემდე განიცდიან შევიწროებას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ პირობა დადო, რომ თავისი წინამორბედის პოლიტიკას გადახედავს, მაგრამ ჯერჯერობით ეს დაპირება მხოლოდ დაპირებად დარჩა.

საქართველოც ძლიერ ზეწოლას განიცდის ევროპის საბჭოს მხრიდან მესხეთიდან დეპორტირებულთა რეპატრიაციის გამო. მაგრამ მრავალჯერადი დაპირების მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება დღემდე ფეხს ითრევს.
XS
SM
MD
LG