Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური შეხედულებები


საზოგადოების კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვა საქართველოს მოსახლეობას, პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით, 4 ძირითად ჯგუფში აერთიანებს. ესენია:

ოპოზიციონერი-კონსტიტუციონალისტი, მოდერნიზატორი, მართლმადიდებელი-ტრადიციონალისტი და ჰუმანისტი-ტრადიციონალისტი. მე შევეცადე გამერკვია, რის გარშემო უნდა გაერთიანდნენ ეს ჯგუფები, არის თუ არა საჭირო დიალოგი მათ შორის და რამდენად განსაზღვრავს ამა თუ იმ პიროვნების პოლიტიკური შეხედულება მისი, როგორც ამომრჩევლის, გადაწყვეტილებას.

იმისათვის, რომ საზოგადოების პოლიტიკური შეხედულებების ნიშნით დაყოფილ ჯგუფებზე გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას, თითოეულ მათგანში გაერთიანებული ადამიანების ზოგიერთი გამონათქვამის მოსმენაც საკმარისი იქნება. 2004 წელს ჩატარებული გამოკითხვის დროს გამოჩნდა, რომ, მაგალითად, ოპოზიციონერი-კონსტიტუციონალისტები რეალობას ასეთი თვალით უყურებენ: ”მმართველი აუცილებლად უნდა ემორჩილებოდეს კონსტიტუციას, ხოლო კონსტიტუცია არ უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც იურისტებმა იციან - უნდათ აქეთ მოაბამენ ქოთანს ყურს, უნდათ - იქით; არ მგონია, რომ დღეს პრეზიდენტმა მთელი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს ვითარების განსაკუთრებული ხასიათის გამო, ან კანონმდებლობა საკუთარ თავზე მოირგოს.”

ჯგუფ “მოდერნიზატორში” გაერთიანებული ადამიანები კი ასე ფიქრობენ: ”დროა, ხალხმა თავი დაანებოს პოლიტიკოსობას და ყველამ თავის საქმეს მიხედოს. რაც შეეხება კანონებს, მათ უფრო კარგად იურისტები მიხედავენ.”

მართლმადიდებელი-ტრადიციონალისტების აზრით: ”ყველაფერი აეწყობა, თუკი კონსტიტუციაში დაფიქსირდება მართლმადიდებლური რელიგიის განსაკუთრებული სტატუსი.”

დაბოლოს, აი, რა პოზიციაზე დგანან ჰუმანისტი ტრადიციონალისტები: ”კონსტიტუცია და კანონები კონსტიტუციონერმა უნდა დაიცვას, ხოლო ჩვეულებრივმა ადამიანმა ადამიანურად უნდა იცხოვროს.”

საზოგადოების კვლევის ცენტრის ექსპერტის, პოლიტიკური მეცნიერების სპეციალისტის მარინა მუსხელიშვილის თქმით, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, წარმოდგენილი ჯგუფები კონსტიტუციის ძირითადმა პრინციპებმა უნდა გააერთიანოს:

(მარინა მუსხელიშვილის ხმა) ”აი, ამ ადამიანებმა უნდა მოახერხონ ერთმანეთთან შეთანხმება იმაზე, თუ როგორ სახელმწიფოში უნდათ ცხოვრება და ეს აისახება კონსტიტუციაში.” (სტილი დაცულია)

საჭიროა ამ ჯგუფების აქტიურობა და დიალოგი მათ შორის, მაგრამ როგორ უნდა დაუკავშირდნენ ისინი ერთმანეთს, ამ ეტაპზე ეს მთლად ნათელი არ არის. მუსხელიშვილი მიიჩნევს, რომ უშუალოდ ხალხს შორის გასამართი დიალოგი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. საქართველოს კონსერვატორების წარმომადგენელს დეპუტატ კახა კუკავას ამგვარი დიალოგი ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს ფუნქცია ჰგონია:

(კახა კუკავას ხმა) ”ნორმალურ ქვეყნებში ასეთი დიალოგის ადგილი არის პარლამენტი, საკანონმდებლო ხელისუფლება, სადაც პროპორციულად არის წარმოდგენილი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები. მაგრამ ხელისუფლებას დიალოგის უნარი რომ არა აქვს, ეს სერიოზული პრობლემაა. დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსტიტუციაც სადავოა.” (სტილი დაცულია)

თუმცა, ეს შესაძლებელიც რომ იყოს, ვიდრე ჩვენ მიერ ხსენებული 4 ჯგუფის სახელით კონსტიტუციის გარშემო დიალოგს პარლამენტი წარმართავდეს, საჭიროა გაირკვეს, რამდენად განსაზღვრავს ამა თუ იმ მოქალაქის პოლიტიკური შეხედულება მისი, როგორც ამომრჩევლის, გადაწყვეტილებას. როგორც მარინა მუსხელიშვილი აღნიშნავს, მეორე პირველზე არ არის მიბმული:

(მარინა მუსხელიშვილის ხმა) ”სასურველია, ჩემი აზრით, რომ პოლიტიკური დაყოფები და ეს დაყოფები ერთმანეთს მეტ-ნაკლებად ემთხვეოდეს, მაგრამ, შეიძლება, ეგრე არც ხდებოდეს.” (სტილი დაცულია)

სხვათა შორის, იმავე აზრისაა კახა კუკავაც:

(კახა კუკავას ხმა) ”იმის გამო, რომ პოლიტიკური პარტიები არ არიან მაინცდამაინც მკვეთრად იდენტიფიცირებული ამ შეხედულებებთან, ძალიან ხშირად ხდება, რომ ერთი პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანი სხვა პოლიტიკურ პარტიას აძლევს ხმას.” (სტილი დაცულია)

დაბოლოს, მარინა მუსხელიშვილი ერთ საფრთხეზეც საუბრობს: თუკი საზოგადოება არ იაქტიურებს, ხსენებული 4-დან შეიძლება რომელიმე ჯგუფი სხვების დამორჩილების ცდუნებას აჰყვეს და შეეცადოს ყველაფერი საკუთარ შეხედულებებზე ააგოს. ეს კი უკვე დიქტატურაა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG