Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებმა პატრული ”წლის პიარ პერსონად” აღიარეს


ზაზა გაჩეჩილაძე ქართული პიარ საზოგადოება თავის ვირტუალურ გაერთიანებას ”პიარ ონლაინ კლუბს” აფუძნებს და, ამ სფეროში დასაქმებული სპეციალისტების ონლაინ გამოკითხვის შედეგად,

2004 წლის ”პიარ პერსონას” ასახელებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტების აზრით, გასულ წელს ყველაზე წარმატებული პიარი პატრულს ჰქონდა. მინდა გესაუბროთ ”ონლაინ პიარ კლუბისა” და ”წლის პიარ პერსონის” გამოკითხვის შედეგებზე.
თანამედროვე კომუნიკაციების პირობებში დღეს, ფაქტობრივად, არ არსებობს არც ერთი წარმატებული პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური პროექტი, რომლის წარმატების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად სწორედ შესაბამის პიარ უზრუნველყოფას არ მიიჩნევდნენ. უფრო მეტიც, ”ბოროტი ოპოზიციური ენები” ამბობენ, რომ საქართველო დღეს მხოლოდ პიარით იმართება, რაც, ბუნებრივია, ფანტაზიის ნაყოფად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან, მიუხედავად იმ მნიშვნელობისა, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობის აწყობილ და კარგად რეალიზებულ პოლიტიკას აქვს, შეუძლებელია წარმატებული პიარი განხორციელდეს იქ, სადაც თავად ”დასაპიარებელი” ობიექტი თუ სუბიექტი არ არის წარმატებული.
საზოგადოებასთან ურთიერთობა თანამედროვე მსოფლიოში უკვე ჩამოყალიბდა პროფესიად, საინტერესო კომუნიკაციურ დისციპლინად და მნიშვნელოვან სოციალურ მოვლენად. ამ ურთიერთობებს საქართველოშიც სერიოზულ, ხშირად უსამართლოდ ნეგატიურ დატვირთვასაც ანიჭებენ. დღეს უკვე ფუნქციონირებს რამდენიმე ათეული ადგილობრივი თუ უცხოური პიარ კომპანია, ბევრ სახელმწიფო თუ კომერციულ დაწესებულებაში არსებობს სპეციალური პიარ სამსახური ან პიარ მენეჯერი, რომელიც ამ ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის მედიატორის ფუნქციას ამა თუ იმ წარმატებით ასრულებს. ამ სპეციალისტებს, მძაფრი კონკურენციის მიუხედავად, ერთმანეთთან კონტაქტი აქვთ, საერთო პრობლემებზე მსჯელობენ და პროფესიულ ინტერნეტ-კონფერენციებსაც მართავენ. ამგვარი კონფერენციების ადგილად ბოლო პერიოდში ინტერნეტ პორტალი WWW.CONFERENCE.GE დამკვიდრდა. ამავე პორტალზე 2005 წლის თებერვლიდან ვირტუალური კონფერენციის პროცესში ასევე ვირტუალური ”ონლაინ პიარ კლუბის” ჩამოყალიბების იდეა გაჩნდა. აქვე საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებმა პირველი აქცია დაგეგმეს და გასული წლის ”პიარ პერსონის” გამოსავლენად ინტერნეტ გამოკითხვის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. პილოტური კვლევების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე პერსონა, რომელთაგან წლის პერსონა უკვე ინტერაქტიული გამოკითხვით გამოვლინდა. 2004 წლის საუკეთესო პიარ პერსონის ტიტულზე წარდგენილნი იყვნენ: შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, პატრული, კახა ბენდუქიძე, ქართველი ჯარისკაცი და კახა ლომაია. საბოლოოდ, ”2004 წლის პერსონად” სასტუმრო ”მარიოტ ქორთიარდში” 25 მაისს გამართულ ”ონლაინ პიარ კლუბის” შეხვედრაზე პატრული აღიარეს. გამოკითხვის ორგანიზატორებმა პატრულს, შინაგან საქმეთა მინისტრს და ამ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს სპეციალური პრიზები გადასცეს.
”ონლაინ პიარ კლუბის” დამფუძნებლის, საკონსულტაციო ჯგუფ ”ჯეპრას” დირექტორის სოსო გალუმაშვილის განცხადებით, ”წლის პიარ პერსონის” ნომინაცია მომავალში ტრადიციული გახდება და იგი არამარტო ამ ნომინაციაზე წარდგენილი პრეტენდენტებისათვის იქნება საინტერესო:
[სოსო გალუმაშვილის ხმა] ”ტრადიციული რომ გახდება ეს პრიზი, ფაქტია, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოწონება ხვდა თავად პიარ პროფესიონალებში, პრაქტიკოსებსა და პიარ თეორეტიკოსებში, ანუ პიარ საზოგადოებამ ძალიან კარგად მიიღო ეს ფაქტი. თვითონ ამ პრიზის დაწესება არ არის მხოლოდ თავად ამ პერსონის წარმატების, დამსახურების აღიარება-წახალისება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, პიარ კლუბის ორგანიზატორებისათვის, რომ მომხდარიყო საზოგადოების თვალში პიარის, როგორც პროფესიის, და პიარ პროფესიონალების გარკვეული მხარდაჭერა და საზოგადოების თვალში პიარის, როგორც კომუნიკაციის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულების, აღიარება.”
”ონლაინ პიარ კლუბი” მომავალში, ”წლის პიარ პერსონის” ნომინაციის გარდა, იმ პიარ სპეციალსტების წახალისებას და საზოგადოებისათვის გაცნობასაც გეგმავს, რომლებიც, როგორც წესი, ყოველთვის ჩრდილში არიან და სხვა პერსონების წარმოჩენით არიან დაკავებულნი. პიარ პროფესიონალების შრომის დაფასებით კლუბი თავად საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობის პოპულარიზებას შეეცდება.
XS
SM
MD
LG