Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია სამარშრუტო ტაქსების რაოდენობას ამცირებს


თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში მიიჩნევენ, რომ დედაქალაქი, თავისი ვიწრო და ამორტიზებული ქუჩებით,

ბოლო დროს მკვეთრად გაზრდილ სატრანსპორტო ნაკადს ვეღარ აუდის, რის გამოც თბილისელი მძღოლების სამუშაო დღე სავსეა ავარიული სიტუაციებითა და უბედური შემთხვევებით, ხოლო "პიკის" საათებში წარმოქმნილი გაუვალი საცობები დედაქალაქში გადაადგილებას, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის. შექმნილი ვითარების განსამუხტავად თბილისის მერიის მესვეურებმა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის სქემისა და მათი რაოდენობის ოპტიმიზაცია გადაწყვიტეს, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში სამარშრუტო ტაქსების შემცირება იგეგმება.

ოფიციალური მონაცემებით, დღეს დედაქალაქში 223 სამარშრუტო ხაზი მოქმედებს, ხოლო თბილისელთა განკარგულებაში ყოველდღიურად 3200-მდე მიკროავტობუსია. ახალი სქემის მიხედვით, რომელიც მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში შეიმუშავეს, სამარშრუტო ხაზების რაოდენობა 118-მდე, ხოლო სატრანსპორტო საშუალებათა რიცხვი 1000-მდე შემცირდება.

[ზურაბ ჩიკვილაძის ხმა] "მარშრუტკების" რაოდენობა უნდა შემცირდეს... შემცირდება 1100-მდე და გახდება, ძირითადად, უბნური, რათა ცენტრალური ქუჩები ნაკლებად იყოს დაკავებული ამ ტრანსპორტით. რუსთაველზე, ჭავჭავაძეზე, „პლეხანოვზე“, წერეთელზე და ასე შემდეგ, სამარშრუტო ტაქსები არ ივლიან, მოსახლეობას მოემსახურება ავტობუსები. მცირე რაოდენობით დარჩება ტროლეიბუსებიც."

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამახურის უფროსის ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, მიმდინარე წლის აგვისტოდან თბილისელებს, სამარშრუტო ტაქსების ნაცვლად, დედაქალაქის სახსრებით შეძენილი 450 „დაფის“ მარკის ავტობუსი მოემსახურება, ხოლო განახევრებული სამარშრუტო ხაზების მფლობელთა გამოსავლენად, სავარაუდოდ, ორ კვირაში კონკურსი გამოცხადდება. თბილისის პრემიერი თემურ ქურხული მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირებასა და კონკურსის ჩატარებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების აუცილებლობით ხსნის:

[თემურ ქურხულის ხმა] "შემცირებამ, გარკვეულწილად, შეიძლება გამოიწვიოს პროტესტიც და გულისწყრომაც, მაგრამ ეს იქნება აბსოლუტურად ობიექტური კონკურსი, რომლის ჩატარება აუცილებელია. ეს არის ტენდერი, რომელიც პრაქტიკულად მოაწესრიგებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. მე ვფიქრობ, რომ მიკროავტობუსების მძღოლებსაც შევთავაზებთ ალტერნატიულ წინადადებას და ქუჩაში არ დარჩებიან."

თავად სამარშრუტო ტაქსების მძღოლები სიახლეს უნდობლობით ხვდებიან. ცხადია, უმუშევრად დარჩენის პერსპექტივა არავის ხიბლავს, თუმცა მძღოლები უბრძოლველად წასვლასაც არ აპირებენ.

[მიკროავტობუსის მძღოლის ხმა] "ამათ არ ეგონოთ, რომ, ელიავას ბაზრობის ან გარევაჭრობის მსგავსად, უხმაუროდ წავიდეთ... როცა მე ტექპასპორტს მაძლევს, სიარულის უფლებას მაძლევს, რა მაგათი საქმეა, მე სად ვივლი. მაგათ მომთხოვონ ფული და თუ არ ეღირება სიარული, მე თვითონ წავალ. რა მაგათი საქმეა, როგორ და სად ვივლი." (სტილი დაცულია)

[მიკროავტობუსის მძღოლის ხმა] "არ ვიცი, ავტობუსების შემოყვანით არიან დაინტერესებულები. ტროლეიბუსების გაუქმებამაც წამოიწია, რომ ვაკეში არ უნდა გაიაროს ტროლეიბუსმაო. ტროლეიბუსზე ეკოლოგიური ტრანსპორტი თუ არსებობს რამე, თუ ეკოლოგიაზე და ხალხზე ფიქრობენ ეგენი... მაგრამ აქ სულ სხვა ინტერესებია..." (სტილი დაცულია)

რას ფიქრობენ სამარშრუტო ტაქსების შემცირებაზე საკუთრივ თბილისელები, ანუ ის ადამიანები, რომელთა ცხოვრების, შრომისა და დასვენების პირობებზე უშუალოდ აისახება ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებები?

[ქალბატონის ხმა] "ტექნიკური თვალსაზრისით, სპეციალისტები გააკეთებენ სწორ დასკვნას. ისე, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე ავტობუსით და ტროლეიბუსით მგზავრობა მირჩევნია."

[ქალბატონის ხმა] "მარშრუტკა" უფრო სწრაფია, მაგრამ სივიწროვეც არის, სულ სავსეა, ფეხზე უნდა იდგე, მოკუნტული, ამდენად..."

[მამაკაცის ხმა] "ვისაც ავტობუსით უნდა მგზავრობა, ავტობუსით ივლის, ვისაც არ უნდა - „მარშრუტკით“ იმგზავრებს, რა პრობლემაა?"

ერთი სიტყვით, თბილისელებს არჩევანის საშუალება არ უნდა წაართვან. ვინ ავტობუსს ამჯობინებს, ვინ - ტროლეიბუსს, ვინ - მიკროავტობუსს და ვინ კიდევ - მეტროპოლიტენის მომსახურებით სარგებლობს. თბილისელებისთვის მთავარია ყველა სატრანსპორტო საშუალება ტექნიკურად გამართული იყოს, ანუ კონკურსში გამარჯვებული და სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული ტრანსპორტი მგზავრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ უქმნიდეს საფრთხეს. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ირწმუნებიან, რომ სიახლე, ანუ სამარშრუტო ტაქსების შემცირება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG