Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალ რატკო მლადიჩის დაკავების თემა სულ უფრო აქტუალური ხდება


სერბეთი სულ უფრო ძლიერი საერთაშორისო წნეხის ქვეშ ექცევა. მოთხოვნა კატეგორიულია: ბოსნიელი სერბების ყოფილი სარდალი რატკო მლადიჩი რაც შეიძლება სწრაფად

უნდა გადაეცეს ჰააგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალს. თუმცა იმისათვის, რომ ეს მოხდეს, გენოციდში ბრალდებული გენერლის კვალს უნდა მიაგნონ. მლადიჩზე ნადირობა კიდევ უფრო გააქტიურდა გასულ კვირას იმ ვიდეო-ფირის ჩვენების შემდეგ, რომელიც 1995 წელს სრებრენიცაშია გადაღებული და რომელზეც შეიარაღებული სერბების მიერ მუსლიმანი მოქალაქეების მკვლელობის ფაქტია აღბეჭდილი. ვაშინგტონი დარწმუნებულია, რომ გენერალ მლადიჩის თავისუფლებაში ყოფნის დღეები დათვლილია. ამ საკითხის ზოგიერთ დეტალს გაგაცნობთ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ნიკოლას ბერნსმა სამდღიანი ვიზიტის მიწურულს, ხუთშაბათს, ბელგრადში გამოხატა დიდი იმედი, რომ გენერალ მლადიჩის დაკავებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება:

(ნიკოლას ბერნსის ხმა) "აქ, ბელგრადში, გამართული შეხვედრების შემდეგ დამრჩა მტკიცე შთაბეჭდილება, რომ სერბეთის მთავრობა გენერალ მლადიჩის კვალს მონდომებით ეძებს. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ დაკავებულ იქნეს ანდა საკუთარი ნებით ჩაბარებაზე დაიყოლიონ, ხოლო შემდეგ - ჰააგის ტრიბუნალს გადაეცეს."

ამგვარი ოპტიმიზმის ფონზე მწვანე შუქი აენთო იმ 10 მილიონ დოლარსაც, რომელიც შეერთებული შტატების მთავრობამ სერბია-ჩერნოგორიის დასახმარებლად გამოყო და რომელიც 2005 წლის იანვარში ამერიკის კონგრესის მოთხოვნით გაიყინა. საქმე ის არის, რომ იმხანად სერბია უარს ამბობდა მსხვილი სამხედრო დამნაშავეების დაკავებასა და ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემაზე. ვაშინგტონს დამნაშავეთა დაკავების იმედი მას შემდეგ გაუძლიერდა, რაც სერბიის ეროვნული ტელევიზიით ნაჩვენებმა კადრებმა ბევრი სერბის აღშფოთება გამოიწვია. 1995 წელს გადაღებულ ფირზე აშკარად ჩანს, თუ როგორ ხოცავენ სერბი შეიარაღებული პირები (მათ მიერვე ტყვედ აყვანილ) 6 მუსლიმანს.

დღეს კი, რასიმ ლიალიჩი, სერბიის ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრი და მთავრობის წარმომადგენელი, ჰააგის ტრიბუნალთან თანამშრომლობის საკითხებში ამბობს სწორედ იმას, რისი მოსმენაც ამერიკას სურს:

(რასიმ ლიალიჩის ხმა) "ვიმედოვნებ, რომ წლის ბოლომდე ჩვენ ჰააგის ტრიბუნალთან მიმართებით არსებულ ყველა პრობლემას დავძლევთ. დამნაშავეები ჰააგის ტრიბუნალმა უნდა გაასამართლოს. სერბია ამჟღავნებს პოლიტიკურ ნებასა და აბსოლუტურ მზადყოფნას ამ ამოცანის შესასრულებლად. თუმცა აუცილებელია გაირკვეს, არიან თუ არა ჰააგის ტრიბუნალის მიერ ძებნილი დამნაშავეები ნამდვილად სერბია-ჩერნოგორიაში."

საინტერესოა ისიც, რომ ხუთშაბათს ბოსნიელი სერბების მთავრობამ პირველად დაადასტურა სერბი პოლიციური შენაერთების მონაწილეობა დაახლოებით 8 ათასი მუსლიმანის ჟლეტაში, რაც 1995 წელს სრებრენიცაში მოხდა.

მთავარ ძებნილად წოდებული გენერალი რატკო მლადიჩის ამჟამინდელი ადგილსამყოფელის გარშემო ათასგვარი ვარაუდი არსებობს. როგორც რადიო “თავისუფლების” სამხრეთ-სლავური სამსახურის თანამშრომელი დრაგან სტავლიანინი ამბობს, გენერალს ძალიან ბევრი მფარველი ჰყავს:

(დრაგან სტავლიანინის ხმა) "ის სარგებლობდა მეტად გავლენიანი წრეების მხარდაჭერით, იქნება ეს სამხედრო თუ უშიშროების სფეროები, ანუ იმ ძალების მხარდაჭერით, რომლებიც სერბეთში დღესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ (თუმცა არ ჩანან). ამბობენ ასევე, რომ მლადიჩს რუსეთის ექსტრემისტულად განწყობილი გარკვეული სამხედრო ძალებიც უჭერენ მხარს. თუმცა აქ ოფიციალური მოსკოვი არ იგულისხმება. ამბობენ იმასაც, რომ მლადიჩი რუსეთშია."

მართალია, გენერალი მლადიჩი სლობოდან მილოშევიჩის დაკავების შემდეგ, ანუ 2001 წლიდან, ხალხში აღარ გამოჩენილა, მაგრამ, როგორც ამბობენ, თაყვანისმცემლები ბელგრადში მას კვლავაც მრავლად ჰყავს. ასეთები მიიჩნევენ, რომ რატკო მლადიჩი სამხედრო დამნაშავე კი არა, ნამდვილი გმირია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG