Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


597-ე გამოშვება

ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 597-ე გამოშვებას. დღეს გესაუბრებით ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე; შევეცდებით გავარკვიოთ, ვინ არის ქსენოფობი საქართველოში - საზოგადოება თუ ინდივიდი; შემდეგ ქალის მშვენიერების თემას შევეხებით: შემოგთავაზებთ მასალას მის სამყაროზე და ვნახავთ, როგორი ქალი ითვლება იდეალურად საქართველოში. პროგრამას დავასრულებთ პრაღაში გამართული ერთი გამოფენის შესახებ.
პრაღაში გადაცემას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


ევროკავშირს საქართველოში აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ხილვა სურს

ბიძინა რამიშვილი:
21-22 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გაიმართა. წლევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ მასზე დაიწყო იმ სამოქმედო გეგმაზე მსჯელობა, რომელიც ევროკავშირის სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში საქართველოსა და ბლოკის მომავალი რამდენიმე წლის ურთიერთობის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ნინო გელაშვილი უფრო დაწვრილებით ამ თემაზე:

ნინო გელაშვილი:
მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ლიდერებმა სამეზობლო ინიციატივაში სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს ჩართვაც გადაწყვიტეს, გაიზარდა მოლოდინიც, რომ მალე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ახალ რეჟიმში გადავიდოდა. თუმცა, სამოქმედო გეგმა, რომელსაც უნდა დაეფუძნოს მომავალი ურთიერთობა, ჯერ კიდევ მზადების პროცესშია და სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის უნდა დამტკიცდეს. 21-22 ივნისს თბილისში გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის კომიტეტის მეხუთე სხდომა, რომელზეც ბრიუსელიდან საგანგებოდ ჩამოსული იუგ მინგარელი, ვროკომისიის საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთი ევროპის, კავკასიისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ქვეყნის პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციას ისმენდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ევროკავშირში კარგად იცნობენ საქართველოს პრობლემებს და რომ საუბარი სრული გაგების ატმოსფეროში მიმდინარეობდა:

[სიხარულიძის ხმა]
”იყო ძალიან შინაარსიანი საუბარი და პირველი ფაქტობრივად აზრის ურთიერთგაცვლა იმ პრიორიტეტებზე, რა პრიორიტეტების საშუალებითაც უნდა აიწყოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა მომავალში. ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველო არის უკვე ევროკავშირის სამეზობლოს წევრი და ჩვენ ვცდილობდით დღეს უკვე დაგვეწყო რეალური და კონკრეტული შეთანხმებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ერთი სიტყვით ევროკავშირთან მეზობლობა ქვია, ჩვენს შორის საერთო ენა ქვია”.

ევროკომისიის წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლების მიღწევებზე საუბრის გარდა, შეეხო იმ სფეროებსაც, რომლებშიც ევროკავშირი უკეთესი სურათის ხილვას ისურვებდა:

[მინგარელის ხმა]
”ჩვენს შექებას იმსახურებს საქართველოს ხელისუფლების მიღწევები პოლიტიკური რეფორმების სფეროში. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის დასაძლევად. აღსანიშნავია სახელმწიფო სახსრების მართვის გაუმჯობესებისთვის მიღებული ზომები. მაგრამ, მიგვაჩნია, რომ უნდა დაჩქარდეს სტრუქტურული რეფორმები. ასევე მიგვაჩნია, რომ უნდა გაძლიერდეს კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა ისევე, როგორც პოლიტიკური პლურალიზმი. ასევე ვისურვებდით აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ხილვას ამ ქვეყანაში”.

მინგარელიმ აგრეთვე დასძინა, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ დახმარებას გაუწევს საქართველოს დემოკრატიის განვითარების გზაზე.

კომიტეტის სხდომაზე რაიმე ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა, საწყის ეტაპზევე ისე მოჩანს, რომ საქართველოსთვის საინტერესო სფეროებში (როგორიც არის კონფლიქტების მოგვარება, რუსეთთან საზღვრის კონტროლი და ა.შ.) ევროკავშირის მხრიდან რაიმე საგულისხმო გააქტიურებას არ უნდა ველოდეთ. ამაზე მეტყველებს იუგ მინგარელის სიტყვებიც. 21 ივნისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჩემს შეკითხვას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ევროკავშირის როლი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარებასა და იმავე საქართველო-რუსეთის საზღვრის კონტროლის პრობლემის გადაჭრაში, მინგარელიმ მიპასუხა, რომ ევროკავშირი დღესაც ძალიან აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესებში. კერძოდ, კონფლიქტებზე საუბრისას მან განაცხადა:

[მინგარელის ხმა]
”უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვყავს ახალი საგანგებო წარმომადგენელი - ელჩი ტალვიტი, რომელიც ბოლო 18 თვის მანძილზე უხმაუროდ, მაგრამ ეფექტიანად მუშაობს ამ ორი კონფლიქტის საკითხზე. სამხრეთ ოსეთს რაც შეეხება, ბოლო ერთი წლის მანძილზე ევროკომისია მონაწილეობს შერეული საკონტროლო კომისიის სხდომებში. აფხაზეთში კი კომისია აფინანსებს მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებს, როგორიც არის ენგურის კაშხლისა და ელექტრო-სადგურის აღდგენა. ასე რომ, ჩვენ უკვე აქტიურად ვართ ჩართული ამ პრობლემების მოგვარებაში. თუმცა, გვსურს სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი როლი”.

ევროკომისიის წარმომადგენლის თანახმად, რამდენიმე კვირაში საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციების შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება სამოქმედო გეგმის ზოგიერთ დეტალზე საუბარი. რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთი-ინგუშეთი-დაღსტნის მონაკვეთის კონტროლს, მინგარელიმ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობს ევროკავშირის მონიტორინგის მისია. ახლო მომავალში კი საქართველოში ჩამოვა ევროკავშირის ათი ექსპერტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას კონსულტაციას გაუწევს საზღვრის კონტროლის გაუმჯობესების საკითხებში. ევროკომისიის წარმომადგენელმა შეგვახსენა ისიც, რომ ტასისის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირი უკვე ეხმარება საზღვრის დაცვის დეპარტამენტსა და პოლიციას რესურსების გაძლიერებაში. მინგარელის არაფერი უთქვამს საზღვრის მოცემულ მონაკვეთზე ევროკავშირის მიერ მეთვალყურეთა მისიის დაწესებაზე.

ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლება, თბილისი.


ვინ არის ქსენოფობი საქართველოში - საზოგადოება თუ ინდივიდი?

ბიძინა რამიშვილი:
უცხოს შიში თუ უცხოს სიძულვილი - რომელი უფროა ქსენოფობია და რა ნიშნები აქვს ამ ფენომენს საქართველოში - ამ საკითხებს უტრიალებდა თბილისში, ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართული დისკუსია, რომლის მონაწილეები - ქართველებიც და უცხოელებიც მრავალ განსხვავებულ მიმართებას გამოხატავდნენ. ზოგ მათგანს ახლა დავით პაიჭაძე წარმოგიდგენთ.

დავით პაიჭაძე:
დისკუსიამ ქსენოფობიაზე მოსმენისა და მონაწილეობის მოსურნენი საკმაო რაოდენობით მიიზიდა. ერთნი ამტკიცებდნენ, რომ არასწორია, ილაპარაკო ერის ან საზოგადოების ქსენოფობიაზე, ანუ ამტკიცო, რომ ერსა თუ საზოგადოებას სძულს ან ეშინია მისი, ვისაც სხვად, უცხოდ მიიჩნევს. ამგვარი პოზიციის ადეპტები მიიჩნევენ, რომ ცალკეული ჯგუფისა თუ ინდივიდის ქსენოფობია, მხოლოდ და მხოლოდ, გაუნათლებლობის ბრალია.

ეს მიდგომა არ გაიზიარა ფსიქოლოგიის პროფესორმა შოთა ნადირაშვილმა:

[ნადირაშვილის ხმა] “თუ ჩვენ გვექნება დაპირისპირება და 200 წელიწადი დაპყრობილ მდგომარეობაში ვიქნებით, ჩვენ მათ მიმართ შეგვიმუშავდება მტრული დამოკიდებულება და ძალიან გაორებული: დოსტოევსკი ძალიან გიყვარს, რუსეთი ძალიან გეჯავრება. როგორ ათავსებ ამას? ერს შეიძლება ქსენოფობია ჰქონდეს მეორე ერის მიმართ, მაგრამ ინდივიდს არ ჰქონდეს”.

შოთა ნადირაშვილის აზრით, ერში ქსენოფობიის არარსებობა პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, შედგება თუ არა ეს ერი სახელმწიფოდ. თუ შედგება და შეძლებს სხვა ერებთან, სხვა ქვეყნებსა თუ საზოგადოებებთან თანამშრომლობას, ქსენოფობიაზე ლაპარაკიც დამთავრდება.

ფილოსოფოსმა ლელა გაფრინდაშვილმა დასვა შეკითხვა, რას ვგულისხმობთ ქსენოფობიაში: უცხოს შიშს თუ უცხოს სიძულვილს? მისი აზრით, სიძლუვილია პრობლემა, თორემ უცხოსადმი შიში ძალიანაც ბუნებრივი და საჭიროა, რათა ამ უცხოს შეცნობა დავიწყოთ. ლელა გაფრინდაშვილს რაციონალიზებასა და საზოგადოებისათვის რაღაც თვისებების მიწერაზე უფრო მნიშვნელოვნად მისი ღირებულებების კვლევა მიაჩნია, რისი შედეგები ახსენა კიდეც ლაპარაკში:

[გაფრინდაშვილის ხმა] “უნდა შევთანხმდეთ ამ საზოგადოებაში არსებულ ღირებულებებზე. მაგალითად, ვილაპარაკებ თბილისზე, როგორც სოციუმზე, მხოლოდ იმ სოციალურ წრეს დავახასიათებ, სადაც მე ვტრიალებ: აქ ღირებულებები მკაცრად ფეორალურ-პატრიარქალურია. პირველი სამი ღირებულება არის ოჯახი, სამსახური, ნათესავები. ტინეიჯერებში ნათესავებს მეგობრები და ამხანაგები ენაცვლება. ხოლო კანონი, როგორც ღირებულება, საერთოდ არ არსებობს.”

პოლონელი ჟურნალისტი, მაგდა ნოვაკოვსკა 5 წელია, საქართველოში ცხოვრობს. ქსენოფობიაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ზოგადი აზრი ასეთია: საქართველო გახსნილია ყველასთვის, ვისაც აქ ჩამოსვლა და საქმიანობა მოესურვება. მისი აზრით, საქართველოში ორნაირ უცხოს ცნობენ - დადებითსა და უარყოფითს. დადებითი უცხო დასავლეთი ევროპიდან ან ამერიკიდან არის ჩამოსული, მეორე კატეგორიის უცხო კი სასურველი არ არის. ამ აზრით, მე სერიოზული პრობლემა არ შემქმნია, თქვა მაგდა ნოვაკოვსკამ, ქართული ენა და კულტურა აღარ მეუცხოება, თუმცა იქვე დასძინა:

[ნოვაკოვსკას ხმა] “ყველაზე ხშირად მეკითხებიან ტრადიციებთან და რელიგიასთან დამოკიდებულების შესახებ. მერე ამით აფასებენ ადამიანს. ყურადღებას მაინც გავამახვილებდი რელიგიაზე, რადგან ეს საკუთარ თავზე გამომიცდია. უცხო ადამიანი (მე მისთვის ვარ უცხო და ის ჩემთვის) მხვდება და ყველაზე ხშირად მეკითხება, მართლმადიდებლობაზე თუ გადახვედიო? ამ შეკითხვას მისვამს, სანამ ჩემს სახელს იკითხავდეს”.

პოლიტოლოგმა შალვა ფიჩხაძემ კი დისკუსიაზე საინტერესო შეკითხვა წამოჭრა: შეიცავს თუ არა ქსენოფობიის ელემენტს უცხოსადმი ხაზგასმით კარგი დამოკიდებულება და თავადვე უპასუხა:

[ფიჩხაძის ხმა] “მე, ქალბატონ მაგდას მსგავსად, იმ ეთნიკურ ჯგუფს მივეკუთვნები, რომელიც “კარგად” ითვლება. მეკითხებიან ეთნიკურად ვინა ხარ, სადაური ხარ? ვეუბნები, ებრაელი ვარ. უი, აგაშენა ღმერთმა, როგორ გვიყვარს ებრაელები! რატომ გიყვართ, ვეკითხები, რა არის მიზეზი, რომ ებრაელები გიყვართ? ვერ გიხსნიან, იწყება რაღაც, აბსოლუტურად ირაციონალური. ხომ არ იწყება ქსენოფობია იქ, სადაც ადამიანის მიმართ დამოკიდებულება მჟღავნდება არა როგორც პიროვნების მიმართ, არამედ, როგორც რომელიღაც ერის წარმომადგენლის მიმართ? მე მგონი, ასეთი ხაზგასმით პოზიტიური დამოკიდებულება ასევე შეიცავს ქსენოფობიის რაღაც ელემენტებს”.

არ ვიცი, ქსენოფობიურია თუ არა საქართველოს ერთ-ერთი კანონის ეს მუხლი, მაგრამ სწორედ ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე გავიგე: თუ უცხოეთის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინება სურს, მან საამისოდ იუსტიციის სამინისტროსგან ნებართვა უნდა აიღოს და ბაჟი - 120 ლარი გადაიხადოს. იურისტმა, თამარ გურჩიანმა თქვა, რომ ეს ყველაზე მაღალი საბაჟო მოსაკრებელია საქართველოში.

დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


“მის სამყარო”

ბიძინა რამიშვილი:
რამდენიმე კვირის წინ მსოფლიოს ტელეეკრანები ისევ მოიარა კადრებმა, რომლებიც ლამაზმანთა შორის ულამაზესთა თავყრილობაზე იყო გადაღებული: ამჯერად ბანკოკში გამართულ პომპეზურ ცერემონიაზე აირჩიეს წლევანდელი “მის სამყარო” - ანუ, მთელს სამყაროში უმშვენიერესი ქალი. თუ ჟიურის წევრთა გემოვნებას ვენდობით, ეს გახლავთ 23 წლის ნატალია გლებოვა - კანადის წარმომადგენელი. თუმცა, მისი გვარი რუსულ წარმოშობაზე მიგვანიშნებს...

ამიტომაც ჩვენი რადიოს რუსული სამსახური განსაკუთრებით დაინტერესდა წლევანდელი მის სამყაროთი და თავის კორესპონდენტს დაავალა ნატალია გლებოვასთან შეხვედრა. ალბათ, სასიამოვნო დავალება იყო... მათი საუბარი ნიუ-იორკში შედგა, დანარჩენს კი უკვე მარიამ ჭიაურელის მიერ მომზადებული მასალიდან შეიტყობთ.

[ისმის ჩანაწერი, გაკეთებული მის სამყაროს კონკურსში გამარჯვებულის გამოცხადებისას]

დავით კაკაბაძე:
“2005ი წლის მის სამყარო - კანადა”- აი, ასე შეიტყო მსოფლიომ, რომ სამყაროში ულამაზესი ქალი წელს კანადელია: წაბლისფერთმიანი, ლურჯთვალა ნატალია გლებოვა, რომელმაც მსოფლიოს 80 ქვეყნის უმშვენიერესი წარმომადგენლები დაჩრდილა თავისი სილამაზით. გამარჯვებული და მისი მშობლები სცენაზე ეხვეოდნენ ერთმანეთს, კანადის დროშებს აფრიალებდნენ, თან მადლობას უხდიდნენ ქვეყანას, რომელიც მათი ახალი სამშობლო გახდა ამ 11 წლის წინ.

დიახ, ნატალია გლებოვა და მისი მშობლები 11 წლის წინ გადასახლდნენ კანადაში რუსეთიდან, სადაც სამხრეთში, ქალაქ ტუაფსეში ცხოვრობდნენ.

გლებოვას ჩვენი რადიოს კორეპსონდენტთან საუბარში არ დაუმალავს, რომ თავიდან კანადაში (სულ 12 წლისას) ძალიან გაუჭირდა: [გლებოვას ხმა] “ იყო დრო, როცა ერთადერთი ვიყავი სკოლაში, ვინც ინგლისურად უცხოური აქცენტით ლაპარაკობდა, ვისაც რუსული გვარი ჰქონდა. დასაწყისში მიჭირდა ინგლისური, ამიტომ სულ მერიდებოდა და მრცხვენოდა”.

მორიდებისა და სირცხვილის მიზეზი გლებოვას კარგა ხანია აღარა აქვს - ის, ჩვენი ინფორმაციით, საუცხოოდ ფლობს ინგლისურს. ის კი არა, როცა რუსულად ლაპარაკობს, როგორც ჩვენს კორესპონდენტთან საუბრის დროს, შიგადაშიგ ინგლისურ სიტყვებს მოიშველიებს ხოლმე. ამიტომაც შეკითხვა: სადაურად მიაჩნია თავი ნატალია გლებოვას - რუსად თუ კანადელად? ან იქნებ, რახან მის სამყაროა, სამყაროს თუ არა, მსოფლიოს მოქალაქედ?

[გლებოვას ხმა] “მე თავი მიმაჩნია რუს კანადელად (რუს კანადელს ის ინგლისურად წარმოთქვამს “Russian-Canadian”- მ.ჭ.), რადგან ჩვენთან, კანადაში ძალიან ბევრი ადამიანია წარმოშობით უცხო ქვეყნებიდან - ჩვენ ყველანი კანადელები ვართ, მაგრამ ყველა საიდანღაც ჩამოვედით. ამიტომ თავი მიმაჩნია კანადელად, მე იქ ვცხოვრობ. მაგრამ რუსული “ფესვებიც” ყოველთვის იქნება ჩემში, ამიტომ თავი რუსადაც მიმაჩნია “.

გლებოვა არ არის პირველი რუსი, რომელსაც მის სამყაროს გვირგვინი ერგო: სამი წლის წინ ეს პატივი წილად ხვდა ოქსანა ფიოდოროვას - რუსეთის მოქალაქეს. თუმცა, მოგვიანებით ფიოდოროვას ჩამოართვეს ეს წოდება... მიზეზი? წონაში მომატება და “მის სამყაროს” მოვალეობების შეუსრულებლობა.

მაშ ასე, მის სამყაროს მოვალეობებიც აქვს: წლევანდელს, ნატალია გლებოვას, მოუწევს საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობა, შიდსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე ზრუნვა, საავადმყოფოების მონახულება...

[გლებოვას ხმა] “მთელი წელი ძალიან დატვირთული კალენდარი მაქვს, მთელს მსოფლიოში მომიწევს მოგზაურობა.
[ჟურნალისტის ხმა] რუსეთი ჩართულია პროგრამაში?
[გლებოვას ხმა] ვფიქრობ, ჩართულია. ორგანიზატორებმა იციან, რომ რუსეთში დავიბადე და მიპირებენ იქ გაგზავნას. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ჩავალ რუსეთში”.

მის სამყარო კიდევ ერთ მოგზაურობაზე ოცნებობს - ყირიმში დასვენებაზე: [გლებოვას ხმა] “ბევრი გოგონა გავიცანი, რუსულად მოლაპარაკე (მის სამყაროს არჩევნებზე). ექვსნი ძალიან დავმეგობრდით: მის ლატვია, რუსეთი, უკრაინა, საქართველო და ისრაელი. აუცილებლად ვაპირებთ შეკრებას და, იქნებ, ყველა ერთად ყირიმში წავიდეთ.”

ასე, რომ ყირიმში ამ ზაფხულს, ალბათ, მართლაც ღირს ჩასვლა...

ნატალია გლებოვას საქმიანი გეგმებიც აქვს: მან ახლახანს დაასრულა მენეჯმენტის კურსები და საკუთარი ბიზნესის აწყობას აპირებს - საინფორმაციო ტექნოლოგიების, ან პაბლიკ რილეიშენის სფეროში. მუშაობს მოდელადაც და, როგორც ჩვენმა კორესპონდენტმა შეიტყო, უკრავს ფორტეპიანოზე. [გლებოვას ხმა] “დავამთავრე მუსიკალური სკოლა ტუაფსეში. კანადაში რომ ჩავედი, სხვა ინსტრუმენტების შესწავლა დავიწყე: ერთი წელი საქსოფონზე ვუკრავდი, ცოტა ხანი გიტარაც ვცადე. მაგრამ ბოლოს მაინც ფორტეპიანოს დავუბრუნდი”.

გლებოვას ამ, მუსიკალური მიდრეკილებების გამო, ჩვენს კორესპონდენტს დაებადა შეკითხვა - ხომ არ მოისურვებდით დაკვრას ბილ კლინტონთან, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტთან, რომელიც საქსოფონზე უკრავსო? ნატალია გლებოვას პასუხი:

[გლებოვას ხმა] “არა მგონია, დაკვრა დიდი ხნის წინ ვისწავლე...
[ჟურნალისტის ხმა] მგონია, ისიც ზუსტად ასევე უკრავს.
[გლებოვას ხმა] ჰო... მაშინ კი...”

ვერ გეტყვით, როგორ უკრავს ნატალია გლებოვა ფორტეპიანოზე, მაგრამ როგორ უკრავს ბილ კლინტონი - ახლა შეგიძლიათ დარწმუნდეთ ჩანაწერით, რომელიც, დაახლოებით 10 წლის წინ გაკეთდა პრაღაში, ჯაზ-კლუბ ¨რედუტაში¨, როცა მას ორი პრეზიდენტი, ვაცლავ ჰაველი და ბილ კლინტონი, ესტუმრა. ბილ კლინტონმა ჰაველის ნაჩუქარ საქსოფონზე შეასრულა კომპოზიცია “სამერტაიმი”.

[მუსიკა]

ბიძინა რამიშვილი:
ისე რომ არ მოხდეს, რომ სილამაზის დედოფლისადმი მიძღვნილი სიუჟეტი ამერიკის პრეზიდენტზე საუბრით დავამთავროთ, ისევ ბანკოკში გამართულ კონკურსს დავუბრუნდებით. “მის სამყაროს” არჩევნებში ერთ-ერთ კანდიდატად, როგორც წეღან ნატალია გლებოვამ ახსენა, “მის საქართველოც” მონაწილეობდა - 21 წლის რუსუდან ბოჭოიძე და ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ მისი პასუხი შეკითხვაზე: ყველაზე მეტად რა სურს, მსოფლიომ შეიტყოს მისი სამშობლოს, საქართველოს შესახებ?

რუსუდან ბოჭოიძის პასუხი: [ბოჭოიძის ხმა]“მინდა მსოფლიომ შეიტყოს, რომ ჩემი ქვეყანა, მართალია, პატარაა, მაგრამ ძველი კულტურის პატრონია, ძალიან სასიამოვნო ხალხით და ულამაზესი ბუნებით”.


როგორია იდეალური ქალი?

ბიძინა რამიშვილი:
ადამიანების გემოვნება რომ იცვლება - ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ ყოველ ეპოქაში სრულიად განსხვავებული გარეგნობის ქალები ითვლებოდნენ სილამაზის ეტალონად. მაგალითად, საეჭვოა, შუა საუკუნეების მამაკაცებზე რაიმე შთაბეჭდილება მოეხდინათ დღევანდელ ლამაზმანებს. მეორე მხრივ, ვერც რუბენსის ან ტიციანის ეპოქის ქალები შესძლებდნენ დღევანდელი მამაკაცების მოხიბვლას. როგორი ქალი ითვლება იდეალურად საქართველოში - ამ საკითხით თამარ ჩიქოვანი დაინტერესდა.

თამარ ჩიქოვანი:
არაჩვეულებრივი მსახიობის ფაინა რანევსკაიას ერთერთი კინოგმირის ფრაზა, სილამაზე საშინელი ძალააო - სიმართლეს რომ შეესაბამება, ეს ცოტა ხნის წინ მეცნიერულად დაადასტურეს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის მკვლევარებმა. თურმე, ლამაზი ქალის დანახვისას, მამაკაცი იგივე ტვინის ცენტრებით რეაგირებს, როგორც ფულადი ჯილდოს მიღებისას. ასე რომ, ლამაზი ქალის ხილვაც კი მამაკაცებზე დადებითად მოქმედებს

[სიმღერა]

როგორია იდეალური ქალი. სხვათაშორის, ფსიქოლოგების განმარტებით, საკმაოდ დიდი განსხვავებაა ქალის და კაცის თვალით დანახულ იდეალურ ქალს შორის. ამჯერად მამაკაცების თვალით დანახული იდეალური ქალის ტიპის დადგენას ვცადოთ:

[ მამაკაცების ხმა] „მთელი კაცობრიობა იდეალური ქალის ძიებაშია. მარადიული კითხვაა.“

„იდეალური ქალი ისეთია, როგორიც მე მყვარებია. გარეგნულადაც და შინაგანადაც.“

„ალბათ, უნდა იყოს მაღალი, წაბლისფერი თმით და ლამაზი ტუჩებით. დანარჩენი მეორეხარისხოვანია.“

„ შარმი უნდა ჰქონდეს, ხიბლი. ეს აუცილებელია ქალში.“

შარმს ანუ ხიბლს რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ეს გამოკითხული მამაკაცების მიერ დასახელებული ცნობილი ქალების სიითაც დასტურდება - ყველა ეს ქალბატონი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, თუმცა შარმი ანუ ხიბლი ყველას აქვს.

[ მამაკაცების ხმა] „გარეგნობით - მარია შარაპოვა. შინაგანად - ბევრს უნდა იცინოდეს.“

„ანჯელინა ჯოლი და ბრიჯიტ ბარდო.“

„ ანჯელონა ჯოლი. კეტრინ ჯეტა ჯონსი. და შერონ სტოუნი. თან ჭკვიანია.“

ბოლო გამოკითხულის მოსაზრება, ალბათ, ეჭვქვეშ დააყენებს ქალთა საკმაოდ დიდ ნაწილში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ მამაკაცებს ჭკვიანი ქალები არ მოსწონთ. თურმე, მოსწონთ. ოღონდ, ლამაზი ჭკვიანი ქალები. და კეთილი - ეს უკვე ლამაზი ქალების ყურადღებით განებივრებული ელდარ შენგელაიას აზრია. მას დაეჯერება - ბატონი ელდარის დედა, მსახიობი ნატო ვაჩნაძე დღესაც ქართველი ქალის სიმალაზის სიმბოლოდ ითვლება.

[ ელდარ შენგელაიას ხმა] „საერთოდ, შვილი აღიქვამს დედას, რიოგორიც არის. ჩემთვის კითხვა არ დაბადებულა - დედაჩემი ლამაზია თუ არა. ის ჩემთვის იმდენად ორგანული იყო, რომ ლამაზიც იყო, კარგიაც. და მართლა ეეგთი იყო. ძალიან კეთილი არა მარტო ჩვენთვის, არამედ მეგობრებისთვის, მეზობლებისთვის, ყველასთვის...მისი სიმალაზე ჩემთვის იყო მეათეხარისხოვანი. სხვათაშორის, ამის გამო არ მიყვარდა მისი ფილების ყურება. თვალს ვარიდენდი, ეკრანზე რომ ჩნდებოდა. იყო სხვა და ეს შინაგან დისკომფორტს მიქმნიდა“.

დისკომფორტს არ განიცდის ჩემი კიდევ ერთი რესპონდენტი - ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იდეალური ქალის აღწერისას საკმაოდ ბევრ თვისებას ჩამოთვლის:

[ მამაკაცის ხმა] „ალბათ, ვერ ვიპოვნი იდეალურ ქალს. რომ ვიპოვნო - ცხოვრების აზრს დავკარგავ.“

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლება, თბილისი.


ძველი ავტომობილების გამოფენა პრაღაში

ბიძინა რამიშვილი:
პრაღის უმსხილესი საგამოფენო ცენტრი, ჩეხეთში ყველასათავის კარგად ცნობილი ვისტავისჩე, 15-დან 19 ივნისამდე უნიკალურ ავტომობილებს მასპინძლობდა. თითოეულ მათგანს საკუთარი - ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. გამოფენაზე წარმოდგენილი სახელგანთქმული ბრენდების: Porsche-s, Volkswagen-is, Skoda-sa da BMW-ს გვერდით, თავს იწონებდა გორკის ავტოქარხანაში გამოშვებული და ჩეხებისთვის უკვე ისტორიად ქცეული ვოლგა-21-ც. ჩეხეთის მობილური მუზეუმის, ავტოკლუბისა და კომპანია "ინხება პრაჰას" მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე წარმოდგენილი მოდელები ჩეხეთის რესპუბლიკის მუზეუმებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. ეს გამოფენა საგანგებოდ მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ორგანიზატორებმა მას 100 წლის წინათ პრაღაში გამართული მსგავსი გამოფენის გაცოცხლება უწოდეს. ძველი ავტომობილები ლელა კუნჭულიამ მოინახულა.


ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.

მომავალ პარასკევამდე.

XS
SM
MD
LG