Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ დაასუფთავებს თბილისს?


ვინც თბილისში თუნდაც მცირე ხნით ყოფილა, ადვილად შეამჩნევდა, რომ საქართველოს დედაქალაქში მშენებლობის ნამდვილი ბუმია: ჩნდება ახალი უბნები, დასახლებები,

შენდება ახალი კორპუსები. ამ ფონზე, ბუნებრივია, თავს იჩენს პრობლემა, რომელიც ქალაქის სანიტარულ დასუფთავებას უკავშირდება. თბილისის დასუფთავების სამსახურების ასოციაცია, რომელიც სულ ახლახან შეიქმნა და რომლის განკარგულებაში 3 ათასამდე მეეზოვეა, დედაქალაქის ქუჩებში მოზღვავებული ნაგვის გატანას ვერ აუდის. ვინ უნდა ებრძოდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენებს - მეეზოვეები, რომელთა სამუშაო დღე ისედაც დილის ხუთ საათზე იწყება, თუ თბილისელები, რომელთა საზრუნავი ნაგვის სახლიდან გატანით შემოიფარგლება?

ნათელა ამირიანის სამუშაო დღე დილის ხუთის ნახევარზე იწყება. ცოცხითა და თუნუქის აქანდაზით შეიარაღებული ქალბატონი 13 წელია მზის ამოსვლამდე გადის სახლიდან, რათა ქალაქის გაღვიძებამდე დაასუფთაოს მასზე რიცხული 6 ათასი კვადრადული მეტრი ფართობის ტერიტორია.

[ნათელა ამირიანის ხმა] „ხუთის ნახევარზე პლეხანოვის ცენტრს ვალაგებ, შვიდისთვის დალაგებული მაქვს მთელი პლეხანოვი. 13 წელია აქ ვმუშაობ - 43 წლის ვიყავი რომ დავიწყე, ახლა 55- ის ვარ.“

ქალბატონი ნათელა მეეზოვის საკმაოდ მძიმე შრომაში 200 ლარიან ჯამაგირს იღებს. სულ, ოფიციალური ინფორმაციით, ბიუჯეტი თბილისის დასუფთავებაზე ყოველწლიურად 10 მილიონ ლარს ხარჯავს, დედაქალაქის ქუჩებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანით კი 200-მდე ნაგავმზიდი და 3 ათასი მეეზოვეა დაკავებული. თუმცა, როგორც თბილისის დასუფთავების სამსახურების ასოციაციის თავმჯდომარე თამაზ გუჯაბიძე ამბობს, მეეზოვის პროფესია საქართველოში ჯეროვნად არაა დაფასებული. ბევრი მოქალაქე, მათ შორის უმუშევარიც, მცირე ჯამაგირის გამო ცოცხის ხელში აღებას თაკილობს.

[თამაზ გუჯაბიძის ხმა] „ვაქვეყნებ შრომის ბირჟებზე, მაგრამ არავინ მოდის. ახალგაზრდობას არ აინტერესებს. მუშაობენ 60-70 წლის ქალბატონები. ახალგაზრდები რომ მოვიზიდოთ, ხელფასები უნდა გავზარდოთ - ამ ხელფასზე არავინ მოდის.“

თუმცა საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც მეეზოვის მძიმე შრომას სათანადოდ აფასებენ. ნაყინის მწარმოებელი კომპანიის, „აისის“, მესვეურებმა, დასუფთავების სამსახურების ასოციაციასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილთან“ ერთად, 28 ივნისს წლის საუკეთესო მეეზოვეებს სიგელები და ახალი ინვენტარი გადასცეს.

[გურამ ბერიკაშვილის ხმა] „ანალოგიურ აქციებს ვატარებთ უკვე სამი წელია. შარშან შემოვიტანეთ ურნები, წელს კი მოვიტანეთ სპეცტანსაცმელი და ინვენტარი, რომელიც დავურიგეთ მოწინავე მეეზოვეებს. ვალდებულება გვაქვს აღებული და ასეთ აქციებს მომავალშიც ჩავატარებთ.“

აქცია, რომლის შესახებაც „აისის“ გენერალური დირექტორი გურამ ბერიკაშვილი ლაპარაკობს, წელს შემდეგი დევიზით ჩატარდა: „ერთად ვიცხოვროთ სუფთა ქალაქში“. აქციაში მონაწილეობა მიიღო მსახიობმა ციცო კაპანაძემ, რომელიც ერთ-ერთ სატელევიზიო სერიალში მეეზოვის როლს ასრულებს.

[ციცო კაპანაძის ხმა] „ჩვენს შეგნებამდე უნდა დავიდეს, რომ სახლს როგორც ვასუფთავებთ, ისევე უნდა მოვუაროთ ჩვენს ქალაქსაც, თუ გვინდა რომ იყოს ლამაზი, იმიტომ რომ, როცა უცხოელი ჩამოდის, ჩვენს კულტურას სწორედ ქუჩიდან ეცნობა. შეიძლება მერე ბევრი ღირსშესანიშნაობანი ვაჩვენოთ, მაგრამ წავა და იტყვის, ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ ისეთი ბინძური ქალაქი აქვთ, არ ღირს იქ მეორედ ჩასვლაო.“

სტუმრები იქით იყოს და, სისუფთავის დაცვა, ალბათ, რაიმე განსაკუთრებული მოტივაციის გარეშეც საშური საქმეა. თუმცა, თუ მეეზოვეებს დავუჯერებთ, თბილისელებს ქუჩებში მიმოფანტული საყოფაცხოვრებო ნარჩენები დიდად არც აწუხებთ. მეტიც, სათაყვანებელი დედაქალაქის ქუჩებსა და ეზოებს სწორედ რომ თბილისელები აბინძურებენ.

[მეეზოვე ქალბატონის ხმა] „მოსახლეობა ძალიან ცუდი, ჭუჭყიანი ხალხია - ნაგავს ქუჩაში ყრიან.“

[მეეზოვე ქალბატონის ხმა] „მოსახლეობა ქუჩაში ყრის, მაგრამ, ჩვენი უფროსის დავალებით, დღეში სამ-ოთხჯერ ვგვით და გაგვაქვს ნაგავი.“

სულ დღის განმავლობაში დასუფთავების სამსახურებს თბილისიდან 4 ათას 500 კუბური მეტრი ნაგავი გააქვთ. საყოფაცხოვრებო ნარჩენების ერთი ნაწილი გლდანის, ხოლო მეორე ნაწილი იაღლუჯის პოლიგონზე იყრება. ექსპერტთა განმარტებით, ორივე ნაგავსაყრელი ღია ტიპისაა და მათი მუშაობა გარემოს დაბინძურების სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. თუმცა ეს უკვე სულ სხვა, ცალკე რეპორტაჟის თემაა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG