Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიულ დოკუმენტს ამზადებს


რა პერსპექტივა აქვს აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების კურსს და რა არის აუცილებელი პროცესის წარმატებისთვის? - ამ შეკითხვებს პასუხი უნდა

გასცეს სტრატეგიულმა დოკუმენტმა, რომელსაც ამჟამად საქართველოს ხელისუფლება ამზადებს.
პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ შეიქმნება ერთი კონკრეტული სტრუქტურაც, რომლის კომპეტენცია აფხაზეთთან დაკავშირებული ყველა სახის პრობლემის დაძლევაზე ზრუნვა იქნება.
მინდა უახლოეს ხანში მოსალოდნელ ცვლილებებზე მოგითხროთ.

აფხაზეთთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურა მუშაობს: ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, უშიშროების საბჭო და საგარეო საქმეთა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროები. ამასთან, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მოლაპარაკების პროცესში მისი სპეციალური წარმომადგენლის მისიას აფხაზეთის მთავრობის მეთაური ასრულებს. ირაკლი ალასანიას განმარტებით, დღემდე გაფანტულია კომპეტენცია, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკების წარმართვის სტრატეგიის შემუშავებას სჭირდება:

[ირაკლი ალასანიას ხმა] ,,როდესაც გვაქვს ტაქტიკურ დონეზე შეხება ერთმანეთთან და ვგეგმავთ მოლაპარაკებების წინ ტაქტიკურ სვლებს, სტრატეგიული ხედვა ჩამოყალიბებული - საერთო, სახელმწიფოებრივი - არ არის.” (სტილი დაცულია)

სამშვიდობო მოლაპარაკების ბოლო რაუნდები ჟენევასა და მოსკოვში გაიმართა და რამდენიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება კვლავ სამომავლოდ გადაიდო.
ამჟამად საქართველოს ხელისუფლება ამზადებს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიულ დოკუმენტს, რომლის საბოლოო ვარიანტზე ეროვნული უშიშროების საბჭო იმსჯელებს. დამტკიცების შემდეგ საჯარო იქნება დოკუმენტის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც სტრატეგიის ზოგად პრინციპებს ასახავს:

[ირაკლი ალასანიას ხმა] ,,ძირითადად, დოკუმენტი იქნება დახურული ხასიათის, სადაც მთლიანად გათვლილი იქნება უახლოესი წლების მანძილზე, - აქ არის საუბარი რამდენიმე წელზე, - რა არის შორსმიმავალი ჩვენი გეგმები, პოლიტიკური კალკულაციები როგორია, პროგნოზები როგორია, რა საფრთხეებია და რა ტაქტიკური ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ორმხრივ ურთიერთობებში ქვეყნებთან, ვინც ჩართულია ამ კონფლიქტში და, ბუნებრივია, თვითონ აფხაზურ მხარესთან.” (სტილი დაცულია)

ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, უახლოეს ხანში მოსალოდნელია ცვლილება, რომლის თანახმად, აფხაზეთის პრობლემატიკაზე მომუშავე მხოლოდ ერთი სახელმწიფო სტრუქტურა ჩამოყალიბდება. ლეგიტიმური მთავრობის მეთაური აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს გაუქმების ვერსიას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ საბჭო ახალი ერთიანი სტრუქტურის ნაწილი იქნება. იმის ერთ-ერთ მაგალითად, თუ რას იწვევს გაფანტული კომპეტენციები და კოორდინაციის არარსებობა, ირაკლი ალასანია კოდორის ხეობაში არსებულ მძიმე ვითარებას ასახელებს. ერთიანი სტრუქტურის შექმნას არ ეწინააღმდეგება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გია გვაზავა, თუმცა მიაჩნია, რომ დასაკონკრეტებელი ბევრი რამაა:

[გია გვაზავას ხმა] ,,გააჩნია, რა სტრუქტურა იქნება, რა ჩაიდება მის დებულებებში, ვინ იქნება ამ სტრუქტურებში და რა სტრატეგია ექნება სახელმწიფოს. მერე შეიძლება ჩვენი სტრუქტურების, ბოლოს და ბოლოს, აი, ამ პოლიტიკურ მომენტებში გამოყენება. გავცვალოთ რაღაცა რაღაცაზე. ჩვენ მზად ვართ ამისთვის.” (სტილი დაცულია)

აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიულმა დოკუმენტმა პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას იმის თაობაზეც, თუ რას შეუძლია ქართველებისა და აფხაზების გაერთიანება. ამასთან, ხელისუფლება აცხადებს, რომ დიალოგს მხოლოდ დამნაშავეებთან არ აპირებს და რომ არჩეული უალტერნატივო სამშვიდობო კურსის შედეგიანობას დრო, მოთმინება და ყოველდღიური რეალური ნაბიჯები სჭირდება.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG