Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძმობილებული ქალაქები თბილისი და ატლანტა ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ


საქართველოს დედაქალაქი თბილისი მრავალ ქალაქთანაა დაძმობილებული, მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის დედაქალაქი ატლანტა,

რომლის დელეგაცია 11 ივლისს თბილისის მერს ზურაბ ჭიაბერაშვილს ესტუმრა. მხარეებმა დაძმობილებულ ქალაქებს შორის ურთიერთობის აღდგენასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს და შეხვედრის ბოლოს დროშებიც გაცვალეს. რას ნიშნავს ქალაქებს შორის დაძმობილება და რა იციან ამის შესახებ თბილისელებმა?

რა იციან თბილისელებმა დაძმობილებული ქალაქების შესახებ და როგორ ესმით ქალაქების დაძმობილების მნიშვნელობა? ამის გასარკვევად რუსთაველის გამზირზე გამვლელებს გავესაუბრე.

[თბილისელების ხმა] ”ატლანტასთან, მე მგონი, შტატებში, და გერმანიაში... ვერ ვიხსენებ. - თქვენთვის რა სარგებლობა მოაქვს იმას, რომ თბილისი სხვადასხვა ქალაქებთან დაძმობილებულია? - არანაირი, შეიძლება არც იყოს მაინცდამაინც საჭირო.”

” - თუ იცით, თბილისი რომელ ქალაქებთან არის დაძმობილებული? - ვიცით, მაგრამ... ბაქოსთან არის... - რას ნიშნავს ქალაქების დაძმობილება, თუ გიფიქრიათ? - რა ვიცი, რა სარგებლობა მოაქვს, ვერ გეტყვით ახლა მაგას. ნუ, ურთიერთკავშირი აქვს ხალხს, ეკონომიკური დახმარება და...” (სტილი დაცულია)

ერთ-ერთმა რესპონდენტმა ჯორჯიის შტატის დედაქალაქი ატლანტა ახსენა. ამ ქალაქის მუნიციპალიტეტის დელეგაცია, რომელსაც დაძმობილებული ქალაქების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გადამდგარი გენერალი თომას მაკალა ხელმძღვანელობს, 11 ივლისს თბილისის მერს ზურაბ ჭიაბერაშვილს ესტუმრა.

შეხვედრაზე თბილისის მერმა და ატლანტის მერიის წარმომადგენელმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, რასაც, ძირითადად, თბილისისთვის დახმარების აღმოჩენის ფორმა აქვს. კერძოდ, თბილისის მერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ატლანტის ზოოპარკის გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. ასევე შესაძლებელია, თბილისის მერიის რეორგანიზების შემდეგ მუნიციპალიტეტის ახალმა თანამშრომლებმა სტაჟირება ატლანტის მერიაში გაიარონ.

თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი მიიჩნევს, რომ ქალაქების დაძმობილება და მათ შორის კულტურული თუ სხვა სახის თანამშრომლობა საბჭოთა გადმონაშთია:

[ნიკო ლეკიშვილის ხმა] ”ეს უფრო საბჭოთა ფენომენია. მე რამდენადაც ვიცი, ეს კაპიტალისტურ ქვეყნებში არ არსებობს. მაგრამ მაშინ ეს პირდაპირ ნაწილდებოდა. აი, მაგალითად, ცენტრალური კომიტეტი წყვეტდა, ვინ ვისთნ იქნებოდა დაძმობილებული - ასეთი განაწილება ხდებოდა, ცენტრალიზებული ხასიათი ჰქონდა.” (სტილი დაცულია)

საბჭოთა იდეოლოგიის თანახმად, განაწილებით თბილისს დასაძმობილებლად არა ქვეყნების დედაქალაქები, არამედ შტატების და პროვინციების ცენტრები ერგო. მათი ზუსტი რიცხვის დადგენა გამიჭირდა, თუმცა ის კი შევიტყვე, რომ თბილისთან დაძმობილებული ქალაქების რაოდენობა თითებზე ჩამოსათვლელია. მათ შორის, ატლანტასთან ერთად არის: საარბრიუკენი, ნანტი, ლიუბლიანა და პალერმო. ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი ამბობს, რომ ქალაქებს შორის თანამშრომლობას სულაც არ სჭირდება დაძმობილება.

[ნიკო ლეკიშვილის ხმა] ”მე, მაგალითად, ვთვლი, რომ უფრო მნიშვნელოვანია მსოფლიო დედაქალაქების ასოციაციაში ყოფნა, იმიტომ რომ იქ, მართლაც, ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიღებდით...” (სტილი დაცულია)

თბილისს ამ ასოციაციაში წევრობა შეჩერებული აქვს სიმბოლური საწევრო გადასახადის გადაუხდელობის გამო.
XS
SM
MD
LG