Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების მდგომარეობა თბილისში


განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს, ანუ ეგრეთ წოდებულ „ქუჩის ბავშვებს“, თბილისში ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით. ცენტრალური ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები,

მეტროპოლიტენის სადგურები, ბაზრობები - ეს ის ადგილებია, სადაც საშოვარზე გამოსული ბავშვები ყველაზე ხშირად ითხოვენ მოწყალებას და სჩადიან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში არასრულწლოვანებმა საქართველოს ტერიტორიაზე 300-მდე დანაშაული ჩაიდინეს, მათ შორის: განზრახ მკვლელობა, გაუპატიურება, ყაჩაღობა, ქურდობა, ავტოტრანსპორტის გატაცება და სხვ. როგორ ირჩენენ თავს განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები და რა საშუალებებით აპირებს მათ რეაბილიტაციას თბილისის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრი?


საქართველოში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ბევრ მოზარდს კვლავინდებურად ქუჩისკენ უბიძგებს. ამ კუთხით რაიმე რადიკალური ცვლილება ბოლო ორი წლის განმავლობაში არ მომხდარა. ქუჩაში დარჩენილი მოზარდები, ანუ განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები, როგორც წესი, თავს ქურდობითა და მათხოვრობით ირჩენენ.

[ისმის ხმები] „ღმერთმა დაგლოცოთ, დეიდა, დამეხმარეთ...“ „ბიძია, ბავშვს შია, დამეხმარე, რძის, პურის ფული მომეცი.“

თბილისის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრის ინფორმაციით, მოწყალების მთხოვნელი ბავშვების საქმიანობა ხშირ შემთხვევაში ორგანიზებულია, ანუ ბავშვები საკუთარი ინიციატივით არ მათხოვრობენ. ცენტრის ხელმძღვანელი ბელა სარია ამბობს, რომ ბავშვის მიერ ნაშოვნი ფულით თავს ზრდასრული ადამიანები ირჩენენ:

[ბელა სარიას ხმა] „ბავშვი მსხვერპლია ამ შემთხვევაში, მსხვერპლი, რომელსაც ზრდასრული ადამიანები იყენებენ. არსებობენ რამდენიმელარიანი დედები, რომლებიც ცხოვრობენ სოფელში და თავიანთ ჩვილ ბავშვებს ატანენ სხვებს თბილისში და, ხშირ შემთხვევაში, როცა მიწისქვეშა გადასასვლელებში ან ვაგონებში გვხვდებიან ქალბატონები ბავშვებით, ესენი მათი შვილები არ არიან.“(სტილი დაცულია)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუჩის, ანუ განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი, ბაშვები, ასაკის მატების პარალელურად, იშვიათად სჯერდებიან მათხოვრობას. არასრულწლოვანთა ინსპექციის თანამშრომლის, პოლკოვნიკ ანზორ შიოშვილის თქმით, ქუჩაში დარჩენილი მოზარდები თითქმის ყველა სახის დანაშაულს სჩადიან:

[ანზორ შიოშვილის ხმა] „ძირითადად, თავის გადარჩენის მიზნით არიან გამოსული ქუჩაში, მაგრამ პრობლემას წარმოადგენენ, რადგანაც დანაშაულამდე არის ძალიან მცირე მანძილი და ხვალ-ზეგ გვექნება სავალალო მდგომარეობა, თუ დღეს ზომებს არ მივიღებთ.“(სტილი დაცულია)

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის ხუთი თვის განმავლობაში 530-მა მოზარდმა 300-მდე დანაშაული ჩაიდინა, თუმცა, როგორც თბილისის საკრებულოს იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე ამბობს, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები ხშირ შემთხვევაში თავად გვევლინებიან მსხვერპლის - მათ შორის, შრომითი თუ სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლის - როლში:

[სევდია უგრეხელიძის ხმა] „ეს არის სულიერი მკვლელობა როგორც ამ ბავშვების, ასევე იმ მომხმარებლის, რომელიც სარგებლობს ორივე სქესის არასრულწლოვანების სექსუალური მომსახურებით. ნუ ვხუჭავთ თვალს - ეს ჩვენ გვერდით ხდება - და ნუ ვიქცევით ისე, თითქოს არაფერი ხდებოდეს. მოვუწოდებ საზოგადოების ყველა წევრს აქტიურად ჩაერთოს პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაში, იმიტომ რომ ხვალ მათ სახლებში შევა ეს უბედურება, დამნაშავეების სახით, თავდასხმების სახით, ავადმყოფობის სახით...“

მართლაცდა, უცნაურია, მაგრამ საქართველოში არ არსებობს არასრულწლოვანთა პროსტიტუციის გავრცელების რეალური სტატისტიკა, თუმცა კულტურათაშორისი და სოციალური კვლევის ცენტრისა და პარლამენტის მრჩეველთა დამოუკიდებელი საბჭოს მიერ ჯერ კიდევ 2001-2002 წლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ძალზე გავრცელებულია ორივე სქესის არასრულწლოვანთა პროსტიტუცია და რომ ამ საქმიანობით მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოში დასაქმებული ადამიანის საშუალო სტატისტიკურ შემოსავალს. თბილისის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრში მიიჩნევენ, რომ ქუჩის ბავშვების გადასარჩენად მარტო სახელმწიფო სტრუქტურების ძალისხმევა არ კმარა, საჭიროა მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთელი საზოგადოების სინქრონული მოქმედება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG