Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთმა ბელორუსიიდან ელჩი გამოიწვია


28 ივლისს პოლონეთმა ბელორუსიიდან თავისი ელჩი

გამოიწვია და ამით მეზობელი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობა პრაქტიკულად სამართებლის პირზე აღმოჩნდა. ბოლო ორი თვის მანძილზე ქვეყნებს შორის ისედაც გაჩენილი ბზარი 27 ივლისს მომხდარი ფაქტის გამო კიდევ უფრო გაღრმავდა. გასულ ოხშაბათს ქალაქ ჰროდნაში ძალოვანებმა ბელორუსიაში მცხოვრებ პოლონელთა კავშირის შენობას შეუტიეს. მეორე დღეს მომხდარს ცუდი სიზმარივით იხსენებდა კავშირის თავმჯდომარე – ანჟელიკა ბორისი:

(ანჟელიკა ბორისის ხმა) "გუშინ საღამოს, დაახლოებით 9 საათზე, პოლონელთა კავშირის შენობაში შემოიჭრა შეიარაღებული პოლიცია და ომონი. ისინი მოითხოვდნენ, რომ კავშირის წევრებს სასწრაფოდ დაეტოვებინათ შენობა. იმ დროს იქ ჩვენი ორგანიზაციის დაახლოებით 20 წევრი იმყოფებოდა. ხალხი შეშფოთდა, ვერ მიხვდა – რაში იყო საქმე. შემოჭრილებმა, ახსნა-განმარტების გარეშე, ხალხის გარეთ გაყრა ძალის გამოყენებით დაიწყეს."

თუმცა თავად ანჟელიკა ბორისსა და მის რამდენიმე კოლეგას ბელორუსმა ძალოვანებმა გარეთ გამოგდება არ აკმარეს და, ასევე ახსნა-განმარტებების გარეშე, რამდენიმე საათით ისინი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.

ამ ინციდენტმა საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. ევროკომისიის წარმომადგენელი ამადეუ ალთაფაჯი ტარდიო 28 ივლისს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე გამოსვლისას, ბელორუსიას უმცირესობათა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებდა:

(ამადეუ ტარდიოს ხმა) "ჩვენ დიდი ინტერესი გვაქვს, რომ ბელორუსია, როგორც ევროკავშირის მეზობელი, დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფო იყოს. და ეს გულისხმობს ბელორუსიის მიერ ევროპის დემოკრატიული ფასეულობებისა და ნორმების აღიარებას. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია უმცირესობათა უფლებების დაცვა."

28 ივლისს ბრიუსელში ევროკომისიის წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ ბელორუსიაში ირღვევა არა მხოლოდ უმცირესობების, არამედ დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებიც. სხვათა შორის, პოლონელთა კავშირის შევიწროება ამ კონტექსტშიც განიხილება, რადგანაც ის ბელორუსიაში უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა. გავრცელებული ცნობით, კავშირში შემავალი 400 ათასი პოლონელიდან არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული 10 ათასი. ორგანიზაცია, რომელსაც ფინანსურად ვარშავა ეხმარება, საკმაოდ ძლიერია და ის საკუთარ გაზეთსაც კი გამოსცემს. მარტში ორგანიზაციის წევრებმა ყრილობაზე ახალი ხელმძღვანელობა აირჩიეს, თუმცა ბელორუსიის ხელისუფლებამ ყრილობის გადაწყვეტილება არ ცნო.

კავშირის წევრების განცხადებით, ბელორუსიის მთავრობას მათი ორგანიზაციის სათავეში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსადმი ლოიალურად განწყობილი ხალხის მოყვანა სურს.

ლუკაშენკოს მთავრობის მისწრაფებას - კონტროლქვეშ მოაქციოს ყველა დამოუკიდებელი და ძლიერი ორგანიზაცია, მინსკის სოციალ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ სწავლებათა ინსტიტუტის ექსპერტი ვლადიმირ დოროხოვიც საგანგებოდ აღნიშნავს:

(ვლადიმირ დოროხოვის ხმა) "ბელორუსიის ხელისუფალთა პოლიტიკური ფილოსოფია ებრძვის ყველა იმ ავტონომიური სტრუქტურის არსებობას, რომელიც მათ ნებას არ ექვემდებარება. და როგორც კი პოლონელთა კავშირი, შეიძლება ითქვას, მათი დაქვემდებარებიდან გამოვიდა, მოიწვია ყრილობა და ხელმძღვანელად აირჩია ადამიანი, რომელიც სურდა. ამან ბელორუსიის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია."


ბელორუსიის უკმაყოფილო ხელისუფლებამ პოლონელთა კავშირის დამორჩილება, მარტიდან მოყოლებული, სხვადასხვა ფორმით, არაერთხელ სცადა. და სწორედ იმ დროიდან დაიძაბა ურთიერთობა ბელორუსიასა და პოლონეთს შორის, რასაც ბელორუსიიდან პოლონელი დიპლომატების გამოძევების ფაქტებიც მოჰყვა. თავად ლუკაშენკო პოლონელთა კავშირის გარშემო შექმნილ სიტუაციას ქვეყნის შიდა საქმეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ პოლონეთს ბელორუსიის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება არა აქვს:

(ალექსანდრ ლუკაშენკოს ხმა) "პოლონეთის ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ბელორუსიაში მცხოვრები პოლონელები ჩვენი მოქალაქეები არიან. გესმით? -ისინი ჩვენი პოლონელები არიან. ისინი ბელორუსი პოლონელები არიან. და ჩვენ არავის მივცემთ ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევის ნებას."

პოლონეთის, ევროკავშირის ახალგაზრდა წევრი სახელმწიფოს, პრეზიდენტი ალექსანდრ კვაშნევსკი ევროსტრუქტურებთან ჯერ კიდევ მაისში საუბრობდა იმის შესახებ, რომ ბელორუსიაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ელემენტარული პრინციპებიც კი უგულებელყოფილია. თუმცა პოლონელთა კავშირზე განხორციელებული შეტევის შემდეგ მას კომენტარი არ გაუკეთებია და არც ელჩის გამოწვევის შემდეგ უთქვამს რაიმე.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ამ ფაქტს ევროკავშირის სათანადო და კონკრეტული რეაქცია არ მოჰყოლია. თუმცა იგრძნობა ევროკავშირის გლობალური მცდელობა, სასიკეთოდ შეცვალოს ლუკაშენკოს მიერ კარჩაკეტილი ქვეყანა. ორშაბათს ევროკომისიის წარმომადგენელმა სტეფან დე პინკმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ახსენა ევროკავშირის ბიუჯეტში გათვალისწინებული 8 მილიონი ევრო, რომელიც ბელორუსიაში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობას უნდა მოხმარდეს. საუბარია ასევე (ქვეყანაში უკიდურესად შევიწროებული) მას-მედიის დახმარებაზეც. თუმცა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ბელორუსიის პრეზიდენტს საერთაშორისო აზრი და აქტიურობა მაინცდამაინც არ აინტერესებს და მისთვის გამონაკლისს ამ მხრივ არც ევროსტრუქტურები წარმოადგენს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG