Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ექსპერტები მეთვალყურეობას გაუწევენ ირანის


ანდრო ეული, პრაღა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები დღეს ირანში ჩავიდნენ,

რათა ქალაქ ისფაჰანის მახლობლად მდებარე ურანის გადამამუშავებელ ქარხანაში დაამონტაჟონ სამეთვალყურეო კამერები, რაც შესაძლებელს გახდის ზედამხედველობას ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვიეს სამშაბათს, რათა გააფრთხილონ ირანი - არ განაახლოს მუშაობა ისფაჰანში. მას შემდეგ, რაც 2004 წლის ნოემბერში შეთანხმება იქნა მიღწეული ირანსა და ევროკავშირის 3 წამყვან წევრს შორის - მოლაპარაკების გზით მოაგვარონ ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე აღძრული უთანხმოება, ისფაჰანის ქარხანამ შეწყვიტა მუშაობა. ირანი დათანხმდა ვიდრე მოლაპარაკება გაგრძელდება შეწვიტოს ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული ყოველგვარი სამუშაო.

მაგრამ შაბათს, თეირანმა უარყო ევროპელთა წინადადება, რომელიც არსებული კრიზისის მოგვარებას ითვალისწინებს. ევროკავშირმა მსუბუქ წყალზე მომუშავე რეაქტორებისთვის საწვავი შესთავაზა ირანს იმ პირობით, რომ თეირანი უკან დააბრუნებდა გადამუშავებულ საწვავს, ვინაიდან ეს უკანასკნელი ბირთვული იარაღის დასამზადებლად გამოიყენება. ევროკავშირი აცხადებს, რომ ისფაჰანის ქარხნის ხელახლა ამოქმედების შემთხვევაში ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს გადაეცემა განსახილველად. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰამიდ რეზა ასეფიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის მუქარას პოლიტიკური სარჩული უდევს {ჰამიდ რეზა ასეფის ხმა}: "ვფიქრობ ევროპელებმა უნდა შეწყვიტონ მუქარით ლაპარაკი. მათ საგანგებო სხდომა მოიწვიეს სამშაბათს ჩვენს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ამ საქმის გადაცემა განსახილველად უშიშროების საბჭოში უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული იქნება. და თუკი ისინი უშიშროების საბჭოში დააყენებენ ერთ მშვენიერ დღეს ირანის საკითხს, ეს ჩვენ სულაც არ გვაღელვებს. ევროპელებმა თავიანთი გზა უნდა აირჩიონ".

ასეფიმ აღნიშნა ამასთანავე, რომ ევროკავშირის წინადადების უარყოფა როდი ნიშნავს იმას, რომ ირანი აღარ გააგრძელებს მოლაპარაკებას {ჰამიდ რეზა ასეფის ხმა}: "ჩვენ მოლაპარაკების გაგრძელება გვსურს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკების მსვლელობისას მხარეები უკეთ გაეცნობიან ერთი მეორის პოზიციებს. მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია ეს წინადადება და პასუხსაც გავცემთ ევროკავშირს".

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ დუსტ-ბლეზიმ ირანს მოუწოდა ყურადღებით შეისწავლოს ევროკავშირის წინადადება. კვირას გამოქვეყნებულ ინტერვიუში ფრანგი მინისტრი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა, სხვათა შორის, შესთავაზა ირანს ნავთობის მთავარი მიმწოდებელი გახდეს შუა აზიასა და ევროპას შორის.

ახლახან მიღებული ცნობის თანახმად, ირანის ატომური სააგენტოს უფროსის მოადგილემ მოჰამად საიდიმ განაცხადა, რომ ბირთვულ ობიექტზე, ისფაჰანში, განახლდა ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული სამუშაოები. დღესვე ირანმა თავისი დელეგაციის ხელმძღვანელი შეცვალა ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ჰასან როჰანის ნაცვლად ირანის დელეგაციას უხელმძღვანელებს ალი ლარიჯანი - სახელმწიფო რადიომაუწყებლობის ყოფილი ხელმძღვანელი და ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის უახლოესი მოკავშირე.
XS
SM
MD
LG