Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას აძლევს ქვეყანას სამხედრო უწყების ზედმეტი კარჩაკეტილობა?


საქართველოს სამხედრო უწყება, რომელსაც მეორე წელია

სათავეში სამოქალაქო პირები უდგანან, ნაბიჯ-ნაბიჯ იმაზე უფრო მეტად მიუწვდომელი ხდება სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიისათვის, ვიდრე დამოუკიდებლობის პირველ დეკადაში იყო.

სამხედროები ყოველთვის ცდილობენ გასცენ რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია, ჟურნალისტებს კი სულ უფრო მეტის მიღება სწადიათ. ეს გამოთქმა 50 -იანი წლების ამერიკაში დაიბადა და ბევრ განვითარებულ ქვეყანაში აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს. მაგრამ, საქართველოს შემთხვევაში, ეს დილემა გაცილებით მწვავედ გამოიკვეთა სწორედ მაშინ, როდესაც სამხედრო უწყების სათავეში სამხედროები სამოქალაქოებმა, ანუ პოლიტიკოსებმა, შეცვალეს, იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც თავის დროზე სწორედ კარჩაკეტილობისათვის აკრიტიკებდნენ წინა ხელისუფლებას. სამხედრო მშენებლობისა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ქართველი ჟურნალისტი, რომლის მუშაობის სტილი არ ჯდება სამხედრო უწყების საინფორმაციო პროპაგანდისტული პოლიტიკის ჩარჩოებში, რისკავს მოექცეს შერისხულთა სიაში. აი, რა განაცხადა ჩვენთან საუბარში ყოველდღიურ გაზეთ “რეზონანსის” ჟურნალისტმა ეკა გულუამ:

[ეკა გულუას ხმა]

მაგრამ ხაზის დაჭერა ყოველთვის ჭირს ჟურნალისტისათვის. მით უფრო, როდესაც ინფორმაცია სარწმუნოა და საზოგადოებისათვის მისი შეულამაზებლად მიწოდება პროფესიულ მოვალეობას წარმოადგენს. პოპულარულ გაზეთ “კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველმა ირაკლი ალადაშვილმა დაახლოებით ერთი თვის წინ, სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით, მოიპოვა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროს შენობაში ერთი მეორის მიყოლებით გაძარცვეს ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფი და შემდეგ ამერიკელ მეკავშირე ოფიცერთა ოფისიც ზედ მიაყოლეს. თუ როგორი იყო სამხედრო უწყების რეაქცია, ამის თაობაზე თავად ირაკლი ალადაშვილი საუბრობს:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა]

ანუ სამხედრო უწყების ხელმძღვანელობამ, უბრალოდ, იცრუა და რეალურად მომხდარი ფაქტი უარყო, რაც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში იკმარებდა იმისათვის, რომ დასმულიყო უწყების ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი. მაგრამ ზემოხსენებულ შემთხვევაში სრულიად საპირისპირო რამ მოხდა: ჟურნალისტი ირაკლი ალადაშვილი, რომლის სტატიებიც ხშირად იბეჭდება უცხოურ გამოცემებში და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი სამხედრო ექსპერტია, არაკეთილსაიმედო ჟურნალისტთა სიაში აღმოჩნდა. მოგვიანებით გამოქვეყნებული სტატიის გამო კი, რომელშიც კრიტიკულად იყო შეფასებული სამხედრო შესყიდვების პოლიტიკა, სამხედრო ჟურნალისტის ძმას სამხედრო უწყება დაატოვებინეს. თუმცა, მოდით მოვუსმინოთ თავად ირაკლი ალადაშვილს:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა]

ბოლო დროს გამოიკვეთა კიდევ ერთი ტენდენცია სამხედრო უწყების საინფორმაციო პოლიტიკაში: გარდა მინისტრის მოადგილეების და გენერალური შტაბის უფროსისა, ყველა დონის სამხედრო თუ სამოქალაქო ხელმძღვანელს ჩამოერთვა უფლება, პრესცენტრთან - ანუ პირადად მინისტრთან - შეუთანხმებლად მისცეს კომენტარი ჟურნალისტებს. პირადად მეც, თქვენს მონა-მორჩილს, ასეთი დაბრკოლება ბოლო ორი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე შემექმნა. პირველი შეეხებოდა ინფორმაციას სიმთვრალის გამო ერაყიდან ოთხი ქართველი ჯარისკაცის გამოძევების შესახებ, რაზეც სამხედრო უწყების არც ერთმა პასუხისმგებელმა პირმა არ ისურვა საუბარი, მაგრამ რაც დაადასტურა ერაყში მყოფი ქართული ქვედანაყოფის მეთაურმა გიორგი შენგელიამ. და ახლა იმის შიში მაქვს, რომ ეს მამაცი მეთაური არ დაისაჯოს ასეთი გულახდილობის გამო, როდესაც იგი საქართველოში დაბრუნდება. მეორე შემთხვევა კი, შეიძლება ითქვას, უკვე ქრესტომათიულია: ეროვნული გვარდიის სარდალმა გენერალმა სოსო ქუთათელაძემ, რომელსაც 1000-მდე სამხედრო მოსამსახურის და სამჯერ მეტი რეზერვისტის სიცოცხლე აბარია, ვერ გაბედა ჩვენთვის ეპასუხა ელემენტარულ შეკითხვებზე, რაც რეზერვისტების მომზადებას შეეხებოდა.

[სოსო ქუთათელაძის ხმა]

ნანა ინწკირველი, ჩემი ყოფილი კოლეგა ტელეკომპანია “რუსთავი 2-დან”, რომლის მიმართ შექმნილ სიტუაციაში მხოლოდ თანაგრძნობა შეიძლება დაგეუფლოს, თავაზიანად დამპირდა, რომ ჩემთვის საჭირო ინფორმაციას ფაქსის მეშვეობით გადმომიგზავნიდა, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეპორტაჟის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრს ინფორმაციის ფაქსით მიწოდებასაც აუკრძალავენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG