Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ელით დამოუკიდებელ მარეგულირებელ კომისიებს


საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა მთავრობისგან დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიების რეფორმირება გადაწყვიტა. შესაბამისი კანონპროექტის

განხილვა უახლოეს ხანებში საქართველოს პარლამენტს მოუწევს. პროექტის მიხედვით, მარეგულირებელი კომისიები ბიუჯეტიდან დაფინანსდება და არა ლიცენზიანტების მიერ, როგორც ეს აქამდე იყო. რატომ გადაწყვიტა მინისტრთა კაბინეტმა დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიების რეფორმირება და რა შედეგს მოიტანს ეს ცვლილება?

სულ საქართველოში 6 მარეგულირებელი კომისიაა. მათ შორის ყველაზე ძლიერი და დამოუკიდებელი - როგორც საკანონმდებლო ბაზით, ასევე ფინანსურად -ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია და კომუნიკაციების ეროვნული კომისიაა. ყველაზე მეტად სწორედ მათ რეფორმირებაა მოსალოდნელი და თუ რატომ, ამის მიზეზი ჩანს იმ განცხადებიდან, რომელიც გააკეთა კახა ბენდუქიძემ, სახელმწიფო მინისტრმა და, ამავე დროს, მარეგულირებელ კომისიათა რეორგანიზების პროექტის ავტორმა:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ბიუჯეტი შეადგენდა მთელი ამ მარეგულირებლების შარშან 11 მილიონ ლარს, წელს 15 მილიონი ლარია. რომ გვესმოდეს, რა არის 15 მილიონი ლარი: 15 მილიონი ლარი არის მთელი სასამართლო სისტემის დაფინანსება წელს. ანუ ეს სისტემა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ღერძია და რომლის გარშემოც საზოგადოება იქმნება, მისი დაფინანსება არის იმხელა, რაც ამ ადმინისტრაციების დაფინანსება.”(სტილი დაცულია)

კახა ბენდუქიძის მიერ მომზადებული პროექტის ამოქმედების შემთხვევაში მარეგულირებელი ორგანოების ბიუჯეტი 2 მილიონ ლარამდე შემცირდება. ეს კი მოხერხდება იმით, რომ კომისიათა წევრების ხელფასებისა თუ სხვა ხარჯების გაწევა სახელმწიფო ბიუჯეტს დაეკისრება, რაც იმას ნიშნავს, რომ მინისტრის ხელფასს გაუთანაბრდება კომისიის წევრთა ხელფასები, რომლებიც აქამდე, ზოგიერთ შემთხვევაში, ათჯერაც კი აღემატებოდა მინისტრის ჯამაგირს.

რაც მთავარია, მარეგულირებელ კომისიებს აღარ ექნებათ დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო. აქამდე მათი ბიუჯეტის ფორმირება ლიცენზიანტთა კაპიტალბრუნვის გადასახადიდან ხდებოდა.

ბრუნვის გადასახადი კი საქართველოში აღარ არსებობს ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების დღიდან. მე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში მომხმარებელთა უფლებების ყოფილ დამცველს, ადვოკატ ლია მუხაშავრიას ვკითხე, რეფორმის განხორციელების შემდეგ გაიზრდება თუ არა კომისიათა დამოუკიდებლობის ხარისხი.

[ლია მუხაშავრიას ხმა] ”ყოველწლიურად ხდება ბიუჯეტის დამტკიცება, გაზრდა ან შეკვეცა. კომისია რომ მთავრობის სასარგებლოდ არ მოიქცეს, მეორე წლის ბიუჯეტს გაუნახევრებენ და ჭკუის სწავლება ამით დასრულდება.”

რეფორმის ავტორს კახა ბენდუქიძეს კი მიაჩნია, რომ კომისიის წევრების დამოუკიდებლობის გარანტი იქნება მათი ერთი ვადით დანიშვნა, რაც კომისიის წევრს აღარ აიძულებს მეორედ არჩევის წინ ხელისუფლებისთვის სასარგებლო ნაბიჯები გადადგას. ასევე განხორციელდება სხვა ცვლილებებიც:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ყველა მოქმედების შესრულება უნდა იყოს საჯარო. ახლა, დღეს, არ არის საჯარო. ბოლო კანონიდან ამოიღეს საერთოდ საჯაროობა. პოლიტიკას არ უნდა განსაზღვრავდეს დარგში. იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა მაგათ განსაზღვრონ პოლიტიკა, გავანებოთ მთავრობას თავი. ეგეთი ქვეყანა ჯერ არავის შეუქმნია...”(სტილი დაცულია)

კახა ბენდუქიძის პროექტის მიხედვით, სტრუქტურულ დამოუკიდებლობას შეინარჩუნებენ ენერგეტიკის და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიები, ხოლო ავიაციის, საავტომობილო და საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციები, ასევე ნავთობისა და გაზის მარეგულირებელი კომისია მთავრობის სტრუქტურის შემადგენელ ნაწილებად ჩამოყალიბდებიან.
XS
SM
MD
LG