უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში აღნიშნული ხელოვნური ტბების მიმდებარე ტერიტორიების აქტიური განაშენიანება მიმდინარეობს - შესაბამისად, ირღვევა თბილისის სასმელი წყლით მომარაგების სანიტარული ზონები, განსაკუთრებით კი ეგრეთ წოდებული პირველი სანიტარული ზონა, რომელიც ხელოვნური ტბის ნაპირიდან 100 მეტრის ფარგლებში არსებულ ტერიტორიას მოიცავს. ზოგიერთი ქართველი მაღალჩინოსანი საკუთარი აგარაკის განსაკუთრებულ მშვენებად სწორედ ამ ხელოვნურ ტბებს მიიჩნევს.
იმ მაღალჩინოსნებს შორის, რომელთაც ეგრეთ წოდებულ პირველ სანიტარულ ზონაში აქვთ აგარაკები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია ”მაჟორიტარების” ხელმძღვანელი ბესო ჯუღელია. მისი სახლი ერთ-ერთი ამგვარი წყალსაცავი ტბიდან 50 მეტრშია განთავსებული. აგარაკს, რომელიც, როგორც ირკვევა, კანონდარღვევითაა აშენებული, ბატონმა დეპუტატმა ”მშვენიერა” შეარქვა. აგარაკის მშვენიერებას თბილისის სასმელი წყლის წყალსაცავი ტბაც განაპირობებს.
[ბესო ჯუღელის ხმა]” ცხოვრებაში არ მიბანავია, მხოლოდ და მხოლოდ სილამაზისთვისაა და რომ ნახავთ, მიხვდებით, რომ ასეთი საოცრება იშვიათად რომ ადამიანმა ნახოს.”(სტილი დაცულია)
დეპუტატ ბესო ჯუღელის სახლის მეზობლად კიდევ დაახლოებით 5-6 აგარაკია. დეპუტატმა სახლის მშენებლობის ნებართვა ექვსი წლის წინ მიიღო. იმ დროისათვის მდინარე არაგვის ხეობაში არსებული წყალსადენი სათავე ნაგებობების ინფილტრაციული აუზების გასწვრივ აგარაკების გამალებული მშენებლობა მიმდინარეობდა. დღეისათვის ამ ტერიტორიაზე 400-მდე სახლი მაინცაა, მათ შორის უმრავლესობა - ფეშენებელური. ამ სახლების მფლობელთა ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებს საქართველოს მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე. მისთვის სხვა საკითხი უფრო არსებითია, კერძოდ, სად ჩაედინება ამ აგარაკების ფეკალური წყლები, მაშინ როდესაც ჟინვალი-თბილისის საკანალიზაციო კოლექტორის ექსპლუატაცია 1992 წლიდანაა შეწყვეტილი და მასში უკანონოდ ჩაერთებული საკანალიზაციო წყლები ზედაპირულად მიედინება, შემდეგ კი ღია არხებით ისევ თბილისის წყალმომარაგების მთავარ არტერიაში, მდინარე არაგვში, იჟონება.
[გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] ”ქსელი დაზიანებულია, იმას ფული უნდა. 30 მილიონი უნდა იმის რეაბილიტაციას, როგორც ამბობენ, მაგრამ ეს სხვა საკითხია. აქ არის წმინდა კანონმდებლობის დარღვევის საკითხები, სანიტარულ ზონაში უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხები და იმ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხები, რომელმაც ეს დაუშვა და რომელიც ახლა ჩუმად არის და რაღაც უცნაურ განმარტებებს იძლევა, რომ ნუ გეშინიათ, წყალს ჩვენ ქლორირებას ვუკეთებთ და სვით ეს წყალი უნიტაზებიდანო. დაახლოებით ეგეთი რაღაცაა.”(სტილი დაცულია)
საქართველოს სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსი დავით მესხიშვილი არ იზიარებს მის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს. ერთი მხრივ, იმის გამო, რომ იგი ამ სამსახურს ამ ცოტა ხნის წინ ჩაუდგა სათავეში, მეორე მხრივ, იმის გამო, რომ მშენებლობებზე ნებართვების გაცემა სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის კომპეტენცია არ არის. დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ კანონდარღვევებზე ძირითადი პასუხისმგებელი დუშეთის გამგეობაა, მით უფრო, რომ მშენებლობები ახლაც მიმდინარეობს. რაც შეეხება სანიტარულ ზონებს, იგი ამბობს, რომ ჯერჯერობით ამგვარი ზონების პროექტი ბუნებაში არ არსებობს და არც არასოდეს უარსებია:
[დავით მესხიშვილის ხმა]”თბილწყალკანალის არსებობის მანძილზე, როგორც მე ვარკვევ, მსგავსი პროექტი არ არსებობს. ახალ ხელმძღვანელობას ვუკავშირდები ახლა და გუშინ მქონდა საუბარი ქალაქის პრემიერთან, ბატონ თემურ ქურხულთან. იგეგმება ძალიან მალე აღნიშნული პროექტის თავიდან ბოლომდე შემუშავება და მისი წარმოდგენა ინსპექციაში შესათანხმებლად, ანუ ის, რაც 15-20 წელი არ გაკეთებულა. 2005 წლის 2 აპრილს, მთავრობის განკარგულებით, ამ საქმეზე მუშაობა დაიწყო და მიმდინარე წელს აღნიშნული პრობლემა უნდა მოგვარდეს.”(სტილი დაცულია)
პრობლემა, რომლის მოგვარებასაც დავით მესხიშვილი იმედოვნებს, სანიტარული ზონებიდან - განსაკუთრებით კი, პირველი სანიტარული ზონიდან - შენობების ეტაპობრივ დემონტაჟს გულისხმობს. მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპენსაცია თბილისის ბიუჯეტმა უნდა გაიღოს.