Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინის ნეშტი, შესაძლოა, სამშობლოში გადმოასვენონ


რუსეთის საზოგადოების ერთი ნაწილი კრემლის ტერიტორიიდან კომუნისტური პარტიის ბელადთა ნეშტების გადასვენების ინიციატივით გამოდის.

ინიციატორთა შორისაა რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე ნიკიტა მიხალკოვი, რომელიც მავზოლეუმიდან ლენინის მუმიის გამოტანასა და დაკრძალვასაც ითხოვს. ბელადთა გადასვენების პროცესი, თუ ინიციატივას მხარს ოფიციალური მოსკოვი დაუჭერს, ბუნებრივია, გვერდს ვერ აუვლის იოსებ სტალინს, რომელიც კრემლის კედელთან, მავზოლეუმის მახლობლადაა დაკრძალული. რა ბედი ელის ყველა დროისა და ხალხების ბელადის ნეშტს? გამოინახება თუ არა სამშობლოში იოსებ ჯუღაშვილისთვის გულზე დასაყრელი მიწა და რას ფიქრობენ სტალინის შესაძლო გადმოსვენების შესახებ თბილისელები?

იოსებ სტალინი ნახევარი საუკუნის წინ, 1953 წლის 5 მარტს, გარდაიცვალა. დიდი ბელადი, რომელიც საბჭოთა იმპერიას რეპრესიებითა და ტერორით სამი ათეული წლის განმავლობაში მართავდა, მავზოლეუმში, ლენინის სარკოფაგის გვერდით, დაასვენეს. სტალინს ჯერ კიდევ უძღვნიდნენ ლექსებსა და სიმღერებს.

[ისმის სიმღერა სტალინზე]

მავზოლეუმში სტალინის მუმია მთელი რვა წლის განმავლობაში ინახებოდა. 1961 წლის 31 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის 22-ე ყრილობის გადაწყვეტილებით, სტალინის ნეშტი ლენინისას დააშორეს და იქვე, მავზოლეუმთან ახლოს, კრემლის კედელთან დაკრძალეს, თუმცა ოთხი ათეული წლის შემდეგ მას მიწაშიც აღარ აჩერებენ. ყოველ შემთხვევაში, მოსკოვში ყოფნისას სახელმწიფო მინისტრს გიორგი ხაინდრავას რუსმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას უპირებთ სტალინის ნეშტსო:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] „მე ვუთხარი, რომ სტალინი რუსი პოლიტიკოსია, საქართველოში მასზე კარგი არაფერი ახსოვთ, უაღრესად დიდი როლი ითამაშა რუსეთის სახელმწიფოს ფორმირებაში, ამიტომ მისი ადგილი რუსეთის ისტორიაში უნდა იყოს, მაგრამ თუ დადგა საკითხი ისე, რომ მისთვის 4 კვადრატული მეტრი მიწა არ აღმოჩნდა რუსეთში, მაშინ, როგორც საქართველოს შვილს, მას უსაფლავოდ არ დავტოვებთ-მეთქი.“

სტალინის ნეშტის შესაძლო გადმოსვენების შესახებ გავრცელებულმა ცნობამ გულგრილი ვერ დატოვა 84 წლის მიხეილ გიორგანაშვილი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში საბრძოლო ნათლობა მოსკოვის მისადგომებთან მიიღო:

[მიხეილ გიორგანაშვილის ხმა] „უყვარდა ხალხი, აშენებდა ქვეყანას, მოიგო ომი, რა თქმა უნდა, მაგრამ რუსეთმაც არ დაუფასა ეს ამბავი. ეს კაცი ამის ღირსი არ იყო. რაც შეეხება გადმოსვენებას, ჩვენ, საქართველოს მოსახლეობამ, აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი, რომ გადმოსვენებული იქნეს და ღირსეულ ადგილზე მიეგოს პატივი.“

რუსეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სტალინის მოღვაწეობას დადებითად, ძირითადად, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები აფასებენ. უფრო ხანდაზმულები კი დღემდე მისტირიან სტალინს, ყოვლისშემძლე ჩია ტანის მმართველს, კავკასიური აქცენტით.

[ისმის სტალინის ხმა]

რუსეთისაგან განსხვავებით, იოსებ ჯუღაშვილს საქართველოში ნაკლებად სწყალობენ. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს გარდაცვლილისთვის გულზე დასაყრელი მიწა ენანება:

[მამაკაცის ხმა] „გადმოვასვენოთ, რა პრობლემაა. ბოლოს და ბოლოს, ვერსად წაუვალთ იმას, რომ საქართველოს გაზრდილია და საქართველოს შვილია. ქართული მიწა იმისთანა მადლიანია, რომ უღირს შვილებსაც კი მიიღებს.“

[მამაკაცის ხმა] „თუ დასაფლავდება მის მშობლიურ ქალაქში და მის მშობლიურ კუთხეში, ამაში ცუდი არაფერი იქნება, მაგრამ სადმე რომ დავასაფლავოთ და მონუმენტები დავუდგათ, ამის დრო, ალბათ, აღარ არის.“

ბელადის გადმოსვენებაში პრობლემას ვერ ხედავს საპატრიარქო, რომლის პრეს-სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ცხოვრებაძე საკითხს რელიგიურ ჭრილში არ განიხილავს:

[ზურაბ ცხოვრებაძის ხმა] „ეს საკითხი, გადმოსვენება ან არგადმოსვენება ამ პიროვნებისა საქართველოში, არ არის რელიგიური საკითხი. ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი და თუკი პოლიტიკური ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ ეს ასე უნდა იყოს, ბუნებრივია, ეს გაკეთდება. მთავარი ის არის, რომ მიცვალებული დასაფლავდეს. რაც არ უნდა ცუდი იყოს, ადამიანი გარდაცვალების შემდეგ მიწას უნდა მიებაროს“..

თქმა არ უნდა, იოსებ ჯუღაშვილს ქართლის მიწას არ დაამადლიან მშობლიურ გორში, სადაც იგი დაიბადა და რომლის ცენტრში აღმართულ ძეგლთან დღემდე არ ჭკნება ყვავილები.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG