Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და ევროკავშირი ერთობლივი სამოქმედო გეგმის განხილვას იწყებენ


ხუთშაბათს თბილისში ვიზიტი დაასრულა ევროკავშირის ,,ტროიკის” დელეგაციამ, რომელსაც საქართველოს მთავრობამ მომავალ თანამშრომლობასთან

დაკავშირებულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობის მზადყოფნა დაუდასტურა. თბილისში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოტანილ დასკვნებსა და თანამშრომლობის პერსპექტივაზე ევროკავშირის დელეგაციის წევრებმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს. მოგითხრობთ
ვიზიტზე, რომელსაც თავად ,,ტროიკის” წარმომადგენლებმა ,,ხანმოკლე, მაგრამ სასარგებლო” უწოდეს.

სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანასთან თანამშრომლობის სამოქმედო გეგმების შემუშავება ევროპის კავშირმა აპრილში გადაწყვიტა და მოლაპარაკებების წარმოება ევროკომისიას დაავალა. საქართველოში ამ პროცესის პირველი ეტაპის - კონსულტაციების - დაწყებისთვის მზადყოფნა ოქტომბერში თბილისში დაადასტურეს ხელისუფლებისა და ევროკავშირის ,,ტროიკის” დელეგაციის წარმომადგენლებმა. მათი განმარტებით, სამოქმედო გეგმები სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის ინდივიდუალური იქნება. რეგიონში დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენელი სერ ბრაიან ფოლი ამ პროცესს სადგურიდან მატარებლის დაძვრას ადარებს:

[ბრაიან ფოლის ხმა] ,,მატარებლებს არ ექნებათ ერთნაირი სიჩქარე, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ერთი მიმართულებით იმოძრავებენ. ტვირთი, რომელსაც ეს მატარებლები გადაიტანენ, სპეციფიკური იქნება თითოეული ქვეყნისთვის. საბოლოო მრავალმხრივი დოკუმენტი თანამშრომლობის საფუძვლად იქცევა ხელმოწერიდან რამდენიმე წლის განმავლობაში.”

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის განკუთვნილი გეგმების შემუშავებისა და ამოქმედების ვადა ევროკავშირის წარმომადგენლებმა არ დააკონკრეტეს და ამის ერთ-ერთ მიზეზად აზერბაიჯანისა და კვიპროსის ურთიერთობაში არსებული პრობლემები დაასახელეს. ,,ტროიკის” დელეგაციისგან განსხვავებით, ევროკავშირთან თანამშრომლობის გეგმის ამოქმედების ვადად 2007 წელს ასახელებს საქართველოს მთავრობა. მან უკვე განსაზღვრა რამდენიმე პრიორიტეტი, რომელთა შორისაა სამართალდამცავ, უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობა. პრიორიტეტად დასახელებულია კონფლიქტების მოგვარებისთვის ხელშეწყობაც. ამ თვალსაზრისით თბილისის მიერ გამოთქმულ ერთ-ერთ ბოლო ინიციატივას ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეულ საკონტროლო კომისიაში ევროკავშირის ჩართვის თაობაზე ბრაიან ფოლი პოლიტიკურ საკითხს უწოდებს:

[ბრაიან ფოლის ხმა] ,,ევროკავშირი მზად იქნება დახმარებისთვის ყველა შესაძლებელი მიმართულებით, განსაკუთრებით რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციის თვალსაზრისით. რაც შეეხება კომისიის შემადგენლობას, ეს პოლიტიკური საკითხია. ჯერჯერობით რუსეთი მიანიშნებს, რომ კმაყოფილია კომისიის ამჟამინდელი შემადგენლობით. თუმცა ქართველებს აქვთ საფუძველი იფიქრონ, რომ ეს წარსულს უფრო ასახავს, ვიდრე მომავალს. ევროკავშირს სურს აქტიურად ჩაერთოს იმ სფეროებში, სადაც პრაქტიკული დახმარებაა საჭირო.”

ევროკავშირში მნიშვნელოვანს უწოდებენ იმ ფაქტს, რომ შერეული საკონტროლო კომისიის სხდომებში დამკვირვებლის სტატუსით ევროკომისიის წარმომადგენლები მონაწილეობენ. პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო მეტს ამ ეტაპზე არ უნდა ელოდეს. თბილისის ერთგვარად გადაჭარბებულ მოლოდინად შეფასდა რუსეთთან საზღვარზე ეუთოს შეწყვეტილი მონიტორინგის შესაძლო შეცვლა ევროკავშირის ანალოგიური მისიით. ორგანიზაციის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჰეიკი ტალვიტი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში საუბარია უშუალოდ ქართველი მესაზღვრეების დახმარებაზე:

[ჰეიკი ტალვიტის ხმა] ,,ქართველების მოლოდინი გაცილებით მეტი იყო იმაზე, რისი უზრუნველყოფაც ჩვენ შეგვეძლო. თუმცა ვფიქრობ, ამჟამად მეტ-ნაკლებად ნათელია ის, რომ სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ. საქართველოს მთავრობამ და პრეზიდენტმა დაგვარწმუნეს, რომ პროფესიონალური სასაზღვრო ძალები ყალიბდება და ამ პროცესში მხარდაჭერის ჯგუფი დაგეხმარებათ. მზად ვარ რეკომენდაცია გავუწიო სასაზღვრო მისიის მანდატის გაგრძელებას.”

,,ტროიკის” წარმომადგენლებს არ დაუმალავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მათ დაუსახელა ის მიმართულებები, სადაც ევროკავშირს დახმარება უკეთ შეუძლია. თუმცა მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებების შინაარსი დელეგაციის წევრებს არ დაუკონკრეტებიათ. სავარაუდოა, რომ ერთ-ერთ მიმართულებად საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მოგვარების პროცესში ევროკავშირის მონაწილეობა დასახელდა. რუსეთთან, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორთან, დისკუსია სამომავლო კონსტრუქციული შედეგის წინაპირობა იქნება - ზოგადად, ასე აცხადებენ ”ტროიკის” დელეგაციის წევრები. მნიშვნელოვან პარტნიორობად შეფასების გარეშე მათ არც ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა დაუტოვებიათ. ამ პროცესში ახალ თავად გამოცხადებული სამოქმედო გეგმის წარმატების იმედით, ,,ტროიკამ” თბილისი ხუთშაბათს დატოვა და კონკრეტულ ვადებთან დაკავშირებით პასუხის გაცემა ბაქოში ვიზიტის დასრულების შემდეგ, კვირის ბოლოსთვის, გადადო.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG