Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი გავლენის ბერკეტების გარეშე


ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გელა ბეჟუაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ საბჭოს აპარატის შემადგენლობა და მისი შემდგომი როლი

აღმასრულებელ ვერტიკალში სულ უფრო გაურკვეველი ხდება. არსებობს მოსაზრება, რომ ერთ დროს გავლენიანი სახელმწიფო აპარატი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ძალა-უფლების რეალურ ბერკეტებს ფლობდა, მალე პრეზიდენტის პირდაპირი დაქვემდებარებიდან გამოვა და ჩვეულებრივ სათათბირო ბიუროდ გარდაიქმნება.

“აღმასრულებელი ხელისუფლების კადრების სამჭედლო”, “სახელმწიფო სახელმწიფოში”, “რუხი კარდინალის საუფლო” - ასეთი სახელით მოიხსენიებდნენ წინა ხელისუფლების დროს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. და, მართლაც, 2002 წლის 25 თებერვლამდე, ვიდრე საბჭოს სათავეში განსვენებული ნუგზარ საჯაია ედგა, ეროვნული უშიშროების აპარატის დასკვნის გარეშე თანამდებობაზე არც ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი არ ინიშნებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ეროვნული უშიშროების საბჭოს სამდივნოს ფილტრს გადიოდა ყველა მნიშვნელოვანი ბრძანებულება და განკარგულება, რომელსაც პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აწერდა ხელს. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ეროვნული უშიშროების აპარატი კადრების სამჭედლოს როლს ინერციით კიდევ ასრულებდა ცოტა ხანს, ვიდრე მის სათავეში ვანო მერაბიშვილი იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც ძალოვანი სამინისტროებისა და პროკურატურის სათავეში მოექცა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი ტრიუმვირატი, ოქრუაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილი, სამდივნოს როლი შესუსტდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ფორმალურად მაკოორდინებელი ორგანოს ფუნქციას ინარჩუნებდა, იხსნება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი სამხედრო საკითხებში გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც თანამდებობიდან ორი კვირის წინ გადადგა.
[ვახტანგ კაპანაძის ხმა] “ეგ ორგანო არსებობს იმისთვის, რომ კოორდინაცია გაუწიოს სხვადასხვა ძალოვან უწყებებს და აკონტროლოს, რასაც სამოქალაქო კონტროლი ჰქვია. ჩვენს დროსაც ფრომალურად არსებობდა.”

ეროვნული უშიშროების საბჭოს სამდივნო ორ კვირაზე მეტია, მას შემდეგ, რაც გელა ბეჟუაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა, ხელმძღვანელის გარეშეა დარჩენილი. საქართველოს პრეზიდენტს საჯაროდ არ დაუსახელებია ბეჟუაშვილის მემკვიდრე, თუ არ ჩავთვლით კულუარულ ინფორმაციას ამ პოსტზე უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გრიგოლ ქათამაძის დანიშვნის შესახებ. უკრაინაში ყოფნის დროს მე შესაძლებლობა მომეცა თავად გრიგოლ ქათამაძისაგან გამეგო, თუ რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ინფორმაცია პრეზიდენტის აპარატში მისი გადაყვანის შესახებ.

[გრიგოლ ქათამაძის ხმა] “არ ვიცი, სად საუბრობდნენ ამას, მაგრამ ჩემთვის ეს არის უცნობი. მე ვარ სახელმწიფო სამსახურში და, შესაბამისად, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს პრეზიდენტი, მე იმ გადაწყვეტილებას დავემორჩილები, სანამ სახელმწიფო სამსახურში ვარ. მაგრამ ჩემთან ამ საკითხზე საუბარი არავის ჰქონია.” (სტილი დაცულია)

მაგრამ ვინც უნდა დაინიშნოს ეროვნული უშიშროების სამდივნოს უფროსად, ცხადია, რომ იგი, ალბათ, ვეღარ იქნება ისეთი გავლენიანი ფიგურა, როგორიც იყო ნუგზარ საჯაია ან თუნდაც გელა ბეჟუაშვილი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ორი კვირის წინ სავსებით მკაფიოდ განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს სამდივნო რაოდენობრივად მაქსიმალურად შემცირდება და მას მხოლოდ სათათბირო ორგანოს ფუნქცია დაეკისრება. და, რაც მთავარია, სამდივნო დაექვემდებარება არა უშუალოდ პრეზიდენტს, არამედ პრეზიდენტის კანცელარიის უფროს გიორგი არველაძეს, რომელიც, მრავალთა აზრით, დიდი ხანია ასრულებს “რუხი კარდინალის” მოვალეობას პრეზიდენტ სააკაშვილის კარზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG