Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი იჯარით გაიცა თუ მისი პრივატიზაცია განხორციელდა?


ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის იჯარით გაცემის მოწინააღმდეგეებს არაერთხელ დაუდანაშაულებიათ ხელისუფლება ამ ისტორიული ძეგლის გასხვისების,

ანუ გაყიდვის, გამო. მთავრობა და მისი მხარდამჭერი საპარლამენტო უმრავლესობა კი ჯიუტად ამტკიცებდნენ, სახლ-მუზეუმის გადარჩენის მიზნით მხოლოდ მისი იჯარით გადაცემა განვახორციელეთო. ამ დავაში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც” ჩაერთო, რომელმაც მთელი რიგი დარღვევები აღმოაჩინა წინანდლის სასახლის იჯარით გაცემისთვის გამოცხადებულ ტენდერში, რამაც ჭავჭავაძის ქონების პრივატიზების ეჭვიც გაუჩინა.

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს ძალისხმევა არ დაუკლია, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის იჯარით გაცემის პროცესს გასხვისება არ დარქმეოდა.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”არანაირ გასხვისებაზე აქ საუბარი არ არის. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუნდაც იჯარით გაცემა შეიძლებოდა ბევრად უფრო კარგად გაკეთებულიყო.”(სტილი დაცულია)

თუმცა სხვა დასკვნის საფუძველს იძლევა სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის განცხადება:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”უნდა იყოს კერძო საკუთრებაში - არა მარტო მართვაში, არამედ კერძო საკუთრებაში. ეს ყოველთვის იყო კერძო საკუთრებაში.”(სტილი დაცულია)

კახა ბენდუქიძის ამ განცხადებაზე მეტად “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ექსპერტებს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გასხვისების, ანუ პრივატიზების, ეჭვი საქართველოს მთავრობის რეალურმა ნაბიჯებმა გაუჩინა. ასოციაციის იურისტის ქეთი კვინიკაძის განცხადებას მოვუსმინოთ:

[ქეთი კვინიკაძის ხმა] ”ძალიან დიდი ეჭვი დაბადა იმ ფაქტმა, რომ პროცესს ხელმძღვანელობს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რომელიც, თავის მხრივ, კანონით ვალდებულია უხელმძღვანელოს პრივატიზების პროცესს. და ეს იჯარა-გამოსყიდვის ფორმა პრივატიზების ერთ-ერთი ფორმაა. და ასევე ის წინა პერიოდი, რაც წინ უსწრებდა ტენდერის გამოცხადებას. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტმა ყოველგვარი კანონის მოთხოვნის გარეშე ჩამოართვა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს კულტურის ძეგლის სტატუსი.”(სტილი დაცულია)

საქმე ისაა, რომ საქართველოს კანონმდებლობა კულტურის ძეგლის პრივატიზებას კრძალავს, ამ სტატუსის არმქონე ალექსანრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გასხვისება კი იურიდიულადაც გამართულად განხორციელდებოდა. თუმცა კულტურის სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში უარყოფენ ასეთ განზრახვას. მინისტრის მოადგილის ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებით, ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სტატუსის გაუქმებისთანავე მას, ახალი წესის შესაბამისად, კულტურის ძეგლის სტატუსი კულტურის მინისტრმა მიანიჭა:

[ნიკა ვაჩეიშვილის ხმა] ”ახალი იურიდიული მანდატით, მას მიენიჭა ისევ, უკვე გამართული იურიდიული პროცედურით, ძეგლის სტატუსი, არა მხოლოდ ძეგლებს, არამედ მთელს იმ ტერიტორიას, რომელიც არის დაცული ტერიტორია წინანდალში, ანუ დღეს ის, ჩვეულებრივად, ძეგლია, როგორც აქამდე იყო, მაგრამ განახლებული პროცედურის შესაბამისად.”(სტილი დაცულია)

ნიკა ვაჩეიშვილი ასევე უარყოფს იჯარა-გამოსყიდვის გზით ჭავჭავაძეების სასახლის გასხვისების მცდელობას:

[ნიკა ვაჩეიშვილის ხმა] ”... არა, ეს გამორიცხულია და ეს იდება ყველა ხელშეკრულებაში, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული, რომ მოიჯარე ხდება ერთადერთი მოიჯარე და მას ქვეიჯარები და გამოსყიდვა სრულებით ეკრძალება.” (სტილი დაცულია)

ამ განცხადებების სისწორე უახლოეს დღეებში საქართველოს მთავრობასა და ”ამბრელა კონსალტინგს” შორის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის იჯარით გადაცემის ხელშეკრულების გაფორმებისას გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG