Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ხალხში, ხალხის სახელით, ხალხის საკეთილდღეოდ“


დღეს გიამბობთ თბილისში მცხოვრები 75 წლის ქალბატონის შესახებ, რომელიც, ასაკის მიუხედავად, ახალგაზრდული შემართებით აგრძელებს შრომას და შვიდსულიან ოჯახსაც ინახავს.


ქალბატონი დონარა 1954 წლიდან სამსახურშია. ასაკმა და უკანასკნელი ათი-თხუთმეტი წლის განმავლობაში მომხდარმა მოვლენებმა ხანდაზმული ქალბატონის დღის განრიგს ვერაფერი დააკლო. როგორც თავად ამბობს, სამსახური უმიზეზოდ არასოდეს გაუცდენია, თუმცა აღიარებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე მეტი დატვირთვა და მეტი შემოსავალი ჰქონდა:

[ქალბატონ დონარას ხმა] „სულ ვმუშაობ. იყო შემთხვევები, ერთ სამსახურში კი არა, ორ და სამ სამსახურში ვმუშაობდი ერთდროულად და ცუდადაც არ ვცხოვრობდით. მე ვმუშაობდი, მეუღლე მუშაობდა, შვილებს, ასე თუ ისე, ვასწავლიდით, დავაკვალიანეთ, მაგრამ ახლა გაჩერებულები ვართ. არა გვაქვს ცხოვრების საშუალება.“

ქალბატონ დონარას ოჯახი შვიდი წევრისაგან შედგება, თუმცა სტაბილური შემოსავალი - თვეში 140 ლარი - მხოლოდ მას აქვს. ამბობს, რომ ცხოვრება, მთლიანობაში, წინ მიდის, თუმცა მისი ოჯახის წევრებზე ეს წინსვლა რატომღაც არ აისახება:

[ქალბატონ დონარას ხმა] „ მე ვმუშაობ, 75 წლის ქალი, და ჩემი შემოსავლის იმედად არიან: რძალი, ორი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი. შვილი “მარშრუტკაზეა” რეზერვად - ხან მუშაობს, ხან - არა; ხან გვაქვს ფული, ხან - არა.“

ჩემი რესპონდენტი პროფესიით ბუღალტერია და ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობს. 1998 წლამდე აქვე მუშაობდა მისი მეუღლეც:

[ქალბატონ დონარას ხმა] „მეუღლე აქ მუშაობდა დარაჯად. გახდა ცუდად და აქ მოკვდა. ვილაპარაკეთ, მერე მე სახლში წავედი. დამირეკეს, ცუდად არის და მოდიო. რომ მივედი, გარდაცვლილი დამხვდა. მაშინ ძალიან დუხჭირი ცხოვრება იყო, ძალიან გვიჭირდა.“

ქალბატონ დონარას ოჯახს დღესაც უჭირს, თუმცა ხანდაზმული ქალბატონი დარწმუნებულია, რომ ყველა პრობლემას მოევლება, თუკი ხელისუფლება ახალგაზრდების დასაქმებას შეძლებს:

[ქალბატონ დონარას ხმა] „ხალხს მიხედონ, სამუშაო ადგილები გამოძებნონ, ახალგაზრდობა დაასაქმონ, რათა ადამიანებმა მხოლოდ საკვების მოპოვებაზე არ იფიქრონ. ჩაცმა არ არის აქტუალური, არის მეორადი ჭინჭები და ვატყუებთ ბავშვებს, მაგრამ სახლში რომ მოვა ჩემი შვილი და პატარა შვილიშვილი ეტყვის, პაპა, ჩიჩია რატომ არ მომიტანეო, რა უნდა ქნას პაპამ, როცა სამუშაო არა აქვს?!“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG