Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ციმბირიდან წყნარ ოკეანემდე ნავთობსადენს გაიყვანს


რუსეთსა და იაპონიას შორის ურთიერთობები გაუმჯობესების გზაზეა. ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შემდეგ.

პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და პრემიერ-მინისტრი ძიუნიჩირო კოიძუმი ორშაბათს შეთანხმდნენ, მჭიდროდ ითანამშრომლონ ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად და ტერიტორიული დავის მოსაგვარებლად.

ორშაბათს ტოკიოში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა გამოაცხადა რუსეთის გეგმებზე, რომელიც ციმბირიდან წყნარი ოკეანის სანაპირომდე ნავთობსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. იაპონიაში შიშობენ, რომ ნავთობსადენით პირველ რიგში ჩინეთი მოიგებს, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი შეეცადა, გაექარწყლებინა ეს შიში.

[პუტინის ხმა] "დიდ პერსპექტივებს იძლევა აღმოსავლეთი ციმბირიდან წყნარ ოკეანემდე ნავთობსადენის აშენება. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს წყნარი ოკეანის სანაპირომდე მივიყვანოთ იგი შემდგომში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში, მათ შორის, რა თქმა უნდა, იაპონიაში ტრანსპორტირებისთვის."

იაპონიისთვის იდეალური სცენარით, ნავთობსადენი დღეში 1,6 მილიონ ბარელ ნავთობს გადაქაჩავს იაპონიასთან ახლომდებარე საპორტო ქალაქ ნახოდკამდე.

ნავთობსადენის გარშემო რუსეთს, ჩინეთსა და იაპონიას შორის ერთგვარი დაძაბული ვითარება შეიქმნა უკანასკნელი ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში. აქამდე ითვლებოდა, რომ მოსკოვი პეკინის მიმართ უფრო კეთილგანწყობილი იყო. მაგრამ, როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, ახლა ვითარება იცვლება.

იაპონია მსოფლიოში მესამე ადგილზეა ნავთობის მოხმარების თვალსაზრისით და ჩინეთისა და შეერთებული შტატების შემდეგ. მაგრამ იმპორტის თვალსაზრისით, იაპონია ბევრად უსწრებს ჩინეთს. იაპონიას, ფაქტობრივად, არ მოეპოვება საკუთარი მინერალური რესურსები. ასე რომ, პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება ტოკიოში ერთობ დადებითად მიიღეს.

კურსის შეცვლის სანაცვლოდ მოსკოვი მთელ რიგ საპასუხო ნაბიჯებს მოითხოვს. მას სურს, რომ იაპონიის ფირმებმა უფრო მეტი ინვესტიციები გააკეთონ ციმბირის ნავთობმრეწველობაში, ასევე სწრაფად მზარდ მანქანათმშენებლობასა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში.

მაგრამ მოსკოვს მხოლოდ ეკონომიკური ინტერესები არ ამოძრავებს. რუსეთი იაპონიისგან მხარდაჭერას მოელის გაეროში, ასევე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. ნიშანდობლივია, რომ პუტინის განცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ კოიძუმიმ თქვა, რომ იაპონია მხარს დაუჭერს ამ ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას.

არ უნდა დავივიწყოთ არც კურილის კუნძულების გარშემო 60 წლის მანძილზე მიმდინარე დავა. ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ამ პრობლემის მოგვარებას.
XS
SM
MD
LG