Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბიბლიოთეკაში“ დღეს პირველად ვილაპარაკებთ ბიბლიოთეკაზე, რაც არ ნიშნავს, რომ არაფერს


დავით პაიჭაძე, თბილისი „ბიბლიოთეკაში“ დღეს პირველად ვილაპარაკებთ ბიბლიოთეკაზე, რაც არ ნიშნავს, რომ არაფერს ვიტყვით წიგნებზე. საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა

ბიბლიოთეკამ რამდენიმე დღის წინ მიიღო 2000-მდე წიგნი, რომელიც საბიუჯეტო სახსრებით რუსეთში შეიძინა. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამ რაოდენობის წიგნების ერთიანად შეძენა პირველად მოახერხა დამოუკიდებელ საქართველოში. პირველად, რადგან 2004 წლამდე სახელმწიფოს ერთი თეთრიც არ მიუცია ბიბლიოთეკისათვის წიგნის შესაძენად. 15 წლიანი პაუზის შემდეგ ეს ფული გაჩნდა და გაჩნდა წიგნებიც - უახლესი რუსულენოვანი გამოცემები. დავით პაიჭაძესთან ერთად შევიტყობთ, რატომ იყიდა ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მაინცდამაინც რუსული წიგნები და უპირატესად რა ნაშრომები შეემატა მთავარ ქართულ წიგნთსაცავს.

იმპორტირებული წიგნი საქართველოში, ძირითადად, რუსულია. ეს კარგად ჩანს თითებზე ჩამოსათვლელ წიგნის მაღაზიებშიც და თბილისის სხვადასხვა ადგილას განთავსებულ ათეულობით სტელაჟზე, სადაც ამა თუ იმ უცხო ენაზე დაბეჭდილი წიგნები იყიდება. როგორც წესი, “ესა თუ ის” უცხო ენა, უპირატესად რუსული გახლავთ, მეტიც, თბილისის ქუჩებში ასეთ წიგნებს ასევე საქართველოს რუსულენოვანი მოქალაქეები ყიდიან.

მაღაზიები, ქუჩა და სტელაჟები იმიტომ ვახსენე, რომ აქ გასაყიდი წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბოლოს და ბოლოს ჩამოღწეულ ლიტერატურას თითქმის არ ემთხვევა. ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა, როცა თვალი შევავლე ეროვნული ბიბლიოთეკის ორ მოზრდილ ოთახში დაწყობილ წიგნებს. ეს კარგია: თუ ვინმეს ახალი წიგნის წაკითხვა უნდა და ეს წიგნი ან არ იყიდება, ან ძვირი ღირს, არის ალბათობა, ის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნახოთ:

[ნინო გურგენიძის ხმა] “აი, იურიდიული ფსიქოლოგიის ენციკლოპედია, საფინანსო საკრედიტო ენციკლოპედიური ლექსიკონი, ფაბერჟე – ჩვენ ფაბერჟეზე აქამდე არაფერი გვქონდა. ეს ძალიან ძვირფასი გამოცემაა. აბა, ეს ნახეთ: ცოცხალი ბუნების უნიკალური ფოტოები. არის კიდევ მსოფლიოს ხალხები”...

ჩემი მასპინძელი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნინო გურგენიძეა, დაკომპლექტების სამსახურის უფროსი. ჯერ შედარებით იოლად მისაწვდომ წიგნებთან მივდივართ. ისინი ერთ ვერტიკალურ რიგად აწყვია, სქელტანიანებია და უმეტესობას მკვეთრი “სუპერი” აქვს შემოკრული. ამ რიგში უფრო ენციკლოპედიები და ალბომები ალაგია. მათი ნაწილი, ნინო გურგენიძის თქმით, იშვიათი გამოცემებია და ბიბლიოთეკის შესაბამის ფონდშიც აღმოჩნდება. ვიგებ, რომ შესყიდულ წიგნებს შორის მსგავსი, ანუ ენციკლოპედიური, ხასიათის ლიტერატურას - სახელმძღვანელოებსა და ლექსიკონებს (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) - დიდი ადგილი უჭირავს. თუმცა სხვაგვარი ლიტერატურაც ბლომადაა:

[გურგენიძის ხმა] “საკმაოდ ვრცლად არის წარმოდგენილი წიგნები ეკონომიკაზე, თანამედროვე მარკეტინგზე, ფულზე, ფინანსებზე. არის ისტორიული... ძალიან კარგი ფილოსოფიური ლიტერატურაა ჩამოტანილი. არის კვლევა და თავად ფილოსოფოსთა ნაშრომები, ძალიან კარგი გამოცემები. არის ეთნოპოლიტიკური წიგნებიც. წიგნები ტერორიზმზე, იურიდიული და სოციოლოგიური გამოცემები.”

ჩვენს საუბარს უერთდება ლევან თაქთაქიშვილი, ბიბლითეკის გენერალური დირექტორის მოადგილე ფონდების დარგში. ის განაზოგადებს ჩამონათვალს და იმასაც დასძენს, რა ლიტერატურა არ უყიდია ეროვნულ ბიბლიოთეკას:

[თაქთაქიშვილის ხმა] “ჩვენ არა გვაქვს ტექნიკური ლიტერატურა. არც სამედიცინოზე არ არის არც ერთი წიგნი. ზუსტ მეცნიერებებში არც ერთი წიგნი არ ჩამოგვიტანია. ჩამოვიტანეთ უფრო ჰუმანიტარული დარგის და მხატვრული ლიტერატურა. უფრო დავაკომპლექტეთ დასავლეთ ევროპული ლიტერატურა, აგრეთვე ჩინური და იაპონური ლიტერატურა. ესაა რუსულად თარგმნილი წიგნები, მათი უმეტესობა პირველად არის ამ ენაზე გადმოტანილი.”

წიგნების თვალიერებას მეც ვაგრძელებ და არაერთგან თვალში მხვდება ყდები სტალინის პორტრეტით: თუ “პერესტროიკის” დროს, ასე, 15-18 წლის წინათ, სტალინზე, ძირითადად, მხატვრული და პუბლიცისტური, მოკლედ, მამხილებელი ტექსტები იბეჭდებოდა, ახლა, ჩანს, ეს კაცი თუ ფენომენი მეცნიერული შესწავლის საგანი გამხდარა. უკლებლივ ყველა წიგნი, რასაც წავაწყდი, სწორედ მეცნიერული ხასიათისა გახლავთ. ნინო გურგენიძე მიდასტურებს ამას და დასძენს, რომ ბერიაზეც არაერთი სამეცნიერო ნაშრომია შემოსული.

სტალინი და ბერია იქით იყოს: ბიბლიოთეკამ ერთ ჯერზე ორიათასამდე წიგნი მიიღო. ეს წიგნები ბიბლიოთეკაში ახლა პირველ სტადიაზეა: ამოწმებენ, რამდენად შეესაბამება მათი ოდენობა და დასახელება მოსკოვიდან გამოგზავნილ რეესტრს. ვიდრე მკითხველამდე მიაღწევს, ნინო გურგენიძის თქმით, წიგნებმა ეს გზა უნდა გაიაროს:

[გურგენიძის ხმა] “ეს ჩვენგან წავა დამუშავების განყოფილებაში, რომელიც დაამუშავებს ამ წიგნებს, შემდეგ გადადის კლასიფიკაციაში. კლასიფიკაცია უკეთდება თითოეულ წიგნს ცალ-ცალკე. სათითაოდ ყველა წიგნმა უნდა გაიაროს ადამიანის ხელში, უნდა ჩაიხედო ყოველ წიგნში, ფაქტობრივად, შინაარსი ამოიკითხო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით ორ თვეში უნდა ჩავიდეს საცავში.”

საცავი კი ის ადგილია, საიდანაც წიგნი მკითხველისთვის ამოაქვთ.

ჩემი, როგორც რადიოჟურნალისტის, ყურადღება მიიპყრო ერთმა მომცრო წიგნმა: “რუსეთის რადიო. საბჭოთა რადიომაუწყებლობის პოლიტიკური კონტროლი 1920-1930 წლებში. დოკუმენტირებული ისტორია”. კიდევ ერთი წიგნი, არა ასეთი კონკრეტული, მაგრამ ძალიან დამაინტრიგებელი სათაურით - საგამომცემლო სერია “კულტურა და ხელისუფლება: ცენზურა საბჭოთა კავშირში 1917-1991წ.წ.”. ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები მეუბნებიან, რომ რუსულად თარგმნილი და იმთავითვე რუსულად დაწერილი თუ შედგენილი წიგნების რიცხვი დაახლოებით თანაბარია. რატომ შეაჩერეს არჩევანი რუსულ წიგნებზე, ამას ლევან თაქთაქიშვილი განმარტავს:

[თაქთაქიშვილის ხმა] “რუსული წიგნი 1990 წლიდან არ შემოსულა ბიბლიოთეკაში, ჩვენი ბიბლიოთეკა კი, პრაქტიკულად, რუსულენოვანი წიგნების კოლექციაა. წიგნების 80% რუსულ ენაზეა. ეს ლიტერატურა ძველდება. ჩვენი რუსულენოვანი მკითხველი თუ რაიმეთი არ წავახალისეთ, საერთოდ აღარ შემოვა აქ. თან უნდა ვაღიაროთ, და გამოკითხვის შედეგადაც დავადგინეთ, რომ რუსულ ენაზე მკითხველი გაცილებით მეტია, ვიდრე, ვთქვათ, ინგლისურ ენაზე. დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი რუსულენოვანია და ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩამოგვეტანა მათთვის კარგი საჩუქარი.”

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე ამატებს, რომ იმ ფასად, რითაც რუსული წიგნები შეიძინეს, გაცილებით ნაკლებ ინგლისურენოვან წიგნს შეიძენდნენ. იქვე დასძენს, რომ ახალგაზრდების საგრძნობი ნაწილი იწერს ინგლისურ, ფრანგულ წიგნებს და, ასე, 15 წელიწადში, ამ ევროპულ ენებზე წიგნის წამკითხველთა რიცხვი, ალბათ, მოიმატებს. მე თემას ვცვლი და ვეკითხები, 2005 წლის ბიუჯეტით თუ შეიძინეს წიგნები.

[თაქთაქიშვილის ხმა] “2005 წელს წიგნები არ იყო ჩვენი პრიორიტეტი. წელს გამოვიწერეთ გაზეთები და შევიძინეთ კომპიუტერული ტექნიკა.”
წიგნები, რომელთაც ამ გადაცემაში ვეხებით, 2004 წლის ბიუჯეტით არის ნაყიდი. რას ელიან ბიბლიოთეკაში გაისიდან ამ თვალსაზრისით? თუ იციან, რის უფლებას მისცემს მომავალი, 2006 წლის ბიუჯეტი? შეიძენენ წიგნებს თუ ვერა?

[თაქთაქიშვილის ხმა] “არავინ არ იცის, რა ბიუჯეტი დაგვიმტკიცდება და რა პრობლემები გვიძევს წინ, ბიბლიოთეკაში. ჩვენ გათბობა არა გვაქვს. ვაპირებთ, გავაკეთოთ და ვაცხადებთ ტენდერს. შეიძლება, შემდეგი წლის ბიუჯეტი მთლიანად ამ გათბობამ ჩანთქას.”

დასასრულ, რამდენიმე წიგნს კიდევ ჩამოვთვლი: მსუბუქი მანქანების ენციკლოპედია, ბოკაჩოს “დეკამერონის” ფოლიანტი, აღორძინების ხანაში შექმნილი უკლებლივ ყველა ილუსტრაციით, რუსეთის ჯილდოები მე-17 საუკუნიდან მე-20 საუკუნემდე, მსოფლიო ისტორიის ყველა ომი, ღვინის ისტორია... ამ უკანასკნელს ჩავეძიე და ვნახე, რომ საქართველოს ნახევარი გვერდი თუ ეთმობა: იქ წერია, რომ ქართლში დაყენებული ღვინო უფრო ახლოსაა ევროპულ გემოვნებასთან, ხოლო რაჭასა და დასავლეთ საქართველოში მოწეული ყურძნით მოტკბო ღვინოები მზადდება...

ცხადია, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვნახე, დავიმახსოვრე და გიამბეთ, უმცირესი ნაწილია იმისა, რაც მიიღეს. სულ ორიოდე თვეც და ყველა წიგნი მისაწვდომი იქნება.
XS
SM
MD
LG