Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოცხალი მუსიკა და სტერეოსისტემა


ორკესტრი იქნება თუ ჯაზბენდი, როკჯგუფი თუ კამერული კვარტეტი,

როცა შინ უსმენთ, მაღალი ხარისხის მუსიკალური ცენტრი გჭირდებათ. არა აქვს მნიშვნელობა, მუსიკის უბრალო მოყვარული ხართ თუ პროფესიონალი - როცა სავარძელში მოიკალათებთ, გსურთ გქონდეთ იმის განცდა, რომ ხართ დარბაზში, სადმე კლუბში, სადაც მუსიკა ისე ჟღერს, რომ სრული ილუზიაა, ეს აქ, ამ წუთში სრულდება. სად არის საზღვარი ამ ილუზიისა? რით სჯობს ცოცხალი შესრულება საუკეთესო სტერეოსისტემასაც კი? ბევრი ფიქრობს, რომ არაფრით; სხვებს, უბრალოდ, სურთ შინაც საუკეთესო პირობებში უსმინონ ჩანაწერს. ბაზარი ამ სისტემებისა მთელ მსოფლიოში ყვავის. ეს ჯადოსნური ტექნიკა ძვირია, მაგრამ ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ასეთი ჩვენს რედაქციაშიცაა. ვგულისხმობ ბიძინა რამიშვილს, რომელიც დიდხანს აგროვებდა ფულს, რათა ისეთი დინამიკები ჰქონოდა, რომ ყველანაირი მუსიკალური ჰანგების უნატიფესი ჟღერადობისთვის ესმინა საკუთარ ბინაში.

(რამიშვილის ხმა)

ბიძინამ ჩემთან საუბარში აღწერა თავისი გზაც საუკეთესო სტერეოსისტემისაკენ.

(რამიშვილის ხმა)



ბერლინში მცირე ფირმა აქვს და ამ ზენატიფ დინამიკებს ამზადებს ბაზილ მარტიონი, რომლის კლიენტები ტექნიკაზე გადარეული ხალხიც არის და მუსიკის გიჟებიც. ბაზილ მარტიონის ტელეფონით ველაპარაკე. მან თავისი ხელოვნების საიდუმლო გაგვიზიარა - თქვა, მუსიკალური ინსტრუმენტის, თუნდაც ვიოლინოს, ოსტატსა და დინამიკის ოსტატს ლამის ერთი მიზანი აქვთ, ააჟღერონ ბგერა, მაგრამ ამას სხვადასხვა გზით აღწევენო.
(მარტიონის ხმა)
“ინსტრუმენტი და დინამიკი სრულიად სხვადასხვა რამაა. ინსტრუმენტმა ბგერა უნდა წარმოშვას. ვიოლინოს კორპუსი, როცა სიმები ამოძრავდება, ამ ბგერებს აძლიერებს. დინამიკის საქმე სულ სხვაგვარადაა - დინამიკი საერთოდ არ უნდა ჟღერდეს, მან მხოლო პასიურად უნდა გადმოსცეს ბგერა. ეს კი შეუძლებელია. დინამიკი არ უნდა ჟღერდეს, მაგრამ ჟღერს და ამის კომბინირება არის ხელოვნება. ეს იყო ადრე სტრადივარიუსის ხელოვნება და ეს არის ახლა დინამიკის აგების ხელოვნება, თუკი კარგად გამოგდის.”

ამ ორი ფენომენის შეთავსება ასე ხდება. თქვენ, არ ვიცი, ჩვენს გადაცემას ახლა საუკეთესო სტერეოსისტმაში უსმენთ თუ არა, მაგრამ მაინც...

(მუსიკა)

დინამიკების ბერლინელ ოსტატს კვლავ მივუბრუნდებით. ახლა ბიძინა რამიშვილს მოუსმინეთ. მე ვკითხე, სახლში რომ დადგი, კაბელი შეაერთე, საყვარელი დისკი ჩადე, რა მოხდა-მეთქი:

(რამიშვილის ხმა)

ზემოთ გითხარით, რომ მუსიკალური ბგერით გაგიჟებას ტექნიკაზე გადარევაც ემატება. იმისათვის, რომ სისტემამ ბგერა იმაზე უკეთ გადმოსცეს, ვიდრე ის თავდაპირველად იყო, როცა მუსიკალურ ინსტრუმენტში წარმოიშვა, ბაზარი მომხმარებელს ერთმანეთზე უცნაურ საშუალებებს სთავაზობს, დაწყებული საგანგებო ჩვრით, რომელიც 35 ევრო ღირს და რომლითაც აუცილებლად უნდა გაწმინდოთ დისკი, დამთავრებული ოქროს კაბელებით, რომელიც უნდა აკავშირებდეს გამაძლიერებელს დინამიკთან და თუნდაც თეფშის ფორმის ლითონის ფირფიტებით, რომლებსაც ოთახში ათავსებენ, რათა ჟღერადობა უკეთესი იყოს. ფასი არ გაინტერესებთ? ამგვარი ფირფიტა, ოქროსი 900 ევრო ღირს და პლატინისა - 1650 ევრო. მუსიკის მოყვარულები ხშირად დასცინიან მათ, ვინც ამ ტექნიკის გარეშე მუსიკას ვეღარ უსმენს. ეს ორი ჯგუფი ერმანეთს “კომპლიმენტებით” ამკობს. გიჟებს “ოქროს ყურებიანებად” უხმობენ, ესენი კი უპასუხებენ, თქვენ ხის ყურები გაქვთო. ბაზილ მარტიონი აგიხსნით ახლა ვითარებას:

(მარტიონის ხმა)
“ერთი მარკეტინგია, მეორე კი ის, რაც გასაგებია. ეს ორი სხვადასხვა რამაა. მხოლოდ მუსიკალური ტექნიკის სფეროში არ ვხვდებით ამას. ასეა, მაგალითად, ავტომრეწველობაშიც, ყველგან, სადაც საქმე გვაქვს მოხმარების პროდუქტთან, რომლის გაყიდვაც შეიძლება. ქმნიან კერპს, ჰყვებიან ამბებს, რაც უფრო გასაღებას ემსახურება, ვიდრე მუსიკას, და ესეც გასაგებია. მაგრამ არის ბევრი წვრილმანი, რომელიც დანადგარის ჟღერადობას აუმჯობესებს - მაგალითად, დინამიკი რომ ქაცვებზე უნდა იდგეს და არა მაგარ ზედაპირზე, ცხადია, და არის ასეთი სხვა ბევრი წვრილმანი, რომელიც, რა თქმა უნდა, ზოგადად, ყოველთვის კარგი ჟღერადობის გარანტია არ არის.”
ჩემი თანამოსაუბრეები - ამას, ალბათ, ხვდებით - უფრო მუსიკის მოტრფიალეები არიან, ვიდრე ტექნიკისა, თუმცა ერთი მოიხმარს მას, მეორე კი აწარმოებს. და სწორედ ამის გამო, ბაზილ მარტიონი ლაპარაკობს იმაზე, თუ რა არის ამ თვალსაზრისით მისთვის უფრო მნიშვნელოვანი:

(მარტიონის ხმა)
“ მთავარია, დისკი ან ფირფიტა, რომელიც, რა თქმა უნდა, კარგადაც უნდა იყოს ჩაწერილი, ისე ავაჟღერო, რომ მსმენელს ჟრუანტელმა დაუაროს. თუკი ის მხოლოდ იტყვის: ხო, ვარჩევ ცალკეულ ტაქტებს, მაღალ ნოტებს ვერ აღწევს, - ეს ერთია, ეს ტექნიკაა, კრიტიკაა. მაგრამ როცა კაცი ზის და ტირის, როცა მას დაბურძგლავს და იტყვის, ასეთი რამ არასოდეს მომისმენიაო, ეს სულ სხვა რამეა და ამის აღწერა ძალიან, ძალიან ძნელია”...

ჩემი რესპონდენტები დღეს ერთმანეთს ემსახურებიან ვირტუალურად. ბიძინა რამიშვილის პოზიცია:

(რამიშვილის ხმა)

(მარტიონის ხმა)
“ტექნიკას მნიშვნელობა არა აქვს, თუკი მსმენელი ჩაკეტილია - თუკი მუსიკის მოსმენა მხოლოდ ისე, მაღაზიაში სურს, მისთვის ტექნიკას მნიშვნელობა არა აქვს. მაგრამ ვინც გახსნილია მუსიკისთვის - როკის, ჯაზის, კლასიკური თუ კამერული მუსიკისთვის, სულ ერთია - და მოსმენის გამოცდილება აქვს, მაშინ ამას აზრი აქვს. ამას ჩემს კლიენტებზე ვამჩნევ: ისინი თავიანთ ჩანაწერებს ახლად აღმოაჩენენ ხოლმე - ზოგიერთ მათგანს გადააგდებენ, ზოგიერთზე კი იტყვიან, ასეთი რამ არასოდეს მომისმენიაო.”
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG