Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ სამხრეთკავკასიელ ჟურნალისტებს უმასპინძლა


ყოველ წელიწადში ერთხელ ნატოს საინფორმაციო ოფისი

ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჟურნალისტებისათვის გაცნობითი ხასიათის ტურნეს მართავს. 2005 წლის ბოლოს კი ნატოს შტაბბინაში პირველად მიიწვიეს ერთად ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტები, რომლებიც სამხედრო საკითხებს აშუქებენ. როგორ აფასებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მედია ნატოს გავლენას რეგიონში და მათი ქვეყნების მზადყოფნას გაწევრიანდნენ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში?

დეკემბრის ბოლოს ნატოსთან ინდივიდუალური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა(IPAP) სომხეთსაც დაუმტკიცეს და, ამრიგად, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა, ნახევარწლიანი ინტერვალით, “ერთ ნავში აღმოჩნდა”. სტატისტიკის მოყვარულებისთვის ვიტყვი, რომ საქართველოს ინდივიდუალური გეგმა შარშან ოქტომბრის ბოლოს დაუმტკიცეს, ამა წლის მაისში IPAP ზერბაიჯანმა მოიპოვა, რამდენიმე დღის წინ კი, როგორც ვთქვით, სომხეთის ჯერიც დადგა. მაგრამ ნატოსთან თანამშრომლობის საკითხი, შეიძლება ითქვას, ჯერჯერობით ერთადერთი სფეროა, რომელშიც სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ერთხმად აღიარებენ საქართველოს უპირატესობას. სომხეთის საინფორმაციო სააგენტოს დირექტორის ტიგრან არუთუნიანისათვის საქართველოს უპირატესობა იმაშიც ჩანს, რომ IPAP-ით საქართველოს ხელისუფლების მიერ ნაკისრი ვალდებულებები ხელმისაწვდომია ქართველი ჟურნალისტებისათვის, სომხეთს კი სავალდებულო “დუმილის პროცედურა” აქვს გასავლელი:

[ტიგრან არუთუნიანის ხმა] “ეს დოკუმენტები ჯერ გამოქვეყნებული არ არის და როდესაც გაივლის ეს პერიოდი, დუმილის პერიოდი, მე ვფიქრობ, დოკუმენტები გამოქვეყნდება და ჩვენს საზოგადოებასაც ეცოდინება, თუ რა ვალდებულებები აიღო ნატოს მიმართ ჩვენმა ქვეყანამ ამ პარტნიორობის ფარგლებში.”

საოცარია, მაგრამ ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის გაფორმება სომხეთისაგან მშვიდად მიიღო რუსეთმა, რომელიც თავის დროზე დიპლომატიური გზებით ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ლტოლვას ალიანსში. უცნაური კი აქ ის არის, რომ სომხეთი არ აყენებს მისი ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხს, მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა სფეროში რუსეთთან და, თანაც, ითვლება მოსკოვის ყველაზე ერთგულ მოკავშირედ სამხრეთ კავკასიაში. ჩვენთვის კი ნატოს შტაბბინაში ყოფნის დროს ყველაზე მოულოდნელი იმის გაგება გახლდათ, რომ თურმე სომხეთი მისაბაძი ქვეყანაა ალიანსის ხელმძღვანელობისათვის, რადგან ნატოსთან თანამშრომლობასაც ავითარებს და რუსეთთანაც ინარჩუნებს ტრადიციულ ჰარმონიულ ურთიერთობას. ტიგრან არუთუნიანი დარწმუნებულია, რომ სომხეთის ფრთხილი, მაგრამ საკმაოდ მიზანმიმართული სწრაფვა ნატოსკენ არც შემდგომ გააღიზიანებს მოსკოვს ახალი რეალობის პირობებში.

[ტიგრან არუთუნიანის ხმა] “ის დრო აღარაა, როცა საბჭოთა კავშირი და ნატო ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. ახლა თავად რუსეთი მონაწილეობს ისეთ პროგრამაში, როგორიცაა“მშვიდობისათვის პარტნიორობის” პროგრამა. ასე რომ, ასეთი ინტეგრაცია, შესაძლოა, ერთი შეხედვით უცნაური ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში იგი, შესაძლოა, ერთგვარ მაგალითადაც გამოდგეს, რომ ასეთი თავსებადობა - ერთი მხრივ - ნატო, მეორე მხრივ - რუსეთი - კონფლიქტის გარეშეც არის შესაძლებელი.”

რუსეთის როლის გათვალისწინება ნატოსთან ურთიერთობის დროს ანგარიშგასაწევად მიაჩნიათ ჟურნალისტებს აზერბაიჯანიდან, რომელიც უკვე ნახევარი წელია ინდივიდუალური პროგრამით თანამშრომლობს ნატოსთან. როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ელხან გულიევი აღნიშნავს, რუსეთის ფაქტორის გარდა, აზერბაიჯანი იძულებულია ანგარიში გაუწიოს მის მოსაზღვრე ირანს, რომლის მიმართ ალიანსის ლიდერი ქვეყნების - და, პირველ ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატების - დამოკიდებულება სრულიად ცხადია. შესაბამისად, აზერბაიჯანს, როგორც იტყვიან, შეუთავსებლის შეთავსება უწევს, რაც ჩემს თანამოსაუბრეს, IPAP -ის არსებობის მიუხედავადაც კი, საშუალებას არ აძლევს ოპტიმისტური დასკვნები გააკეთოს:

[ელხან გულიევის ხმა] “საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანის ხელისუფლება მოცემულ მომენტში მიზნად არ ისახავს ნატოში გაწევრიანებას. მაგრამ აზერბაიჯანი მონაწილეობს ნატოს სხვადასხვა ღონისძიებაში - სამხედრო სწავლება იქნება ეს თუ კონფერენცია. ანუ ალიანსთან ურთიერთობა ძალიან მაღალ დონეზეა. მაგრამ აზერბაიჯანის ხელისუფლება ანგარიშს უწევს რუსეთისა და ირანის ფაქტორს. აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს ამ ქვეყნებთან, რომლებიც არ ფიქრობენ, რომ აზერბაიჯანი, შესაძლოა, გაწევრიანდეს ნატოში. ამიტომ აზერბაიჯანისთვის ნატოში გაწევრიანება შორეული მომავლის საქმეა.”

ნატოში გაწევრიანების ოფიციალური სურვილის გარდა, სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანას, სამხედრო რეფორმების პარალელურად, მოსახდენი აქვს დემოკრატიული გარდაქმნები. და ამ მხრივ, სამ ქვეყანას შორის დიდი განსხვავება რომ არ არის, ეს ალიანსის შტაბბინაში გატარებულმა სამმა დღემ და სხვადასხვა დონის შეხვედრებმაც დაგვანახვა, სადაც გულახდილ დიალოგში გაცილებით უფრო მეტს გაიგებ შენი ქვეყნის პერსპექტივაზე, ვიდრე პრესკონფერენციებზე საკუთარი ხელისუფლებისაგან.

[გიორგი ცხვიტავას ხმა]

ჩემი კოლეგა საზოგადოებრივი ტელევიზიიდან, სამხედრო რეპორტიორი გიორგი ცხვიტავა, არ ცდება, როცა კრიტიკული შეფასების აუცილებლობაზე საუბრობს, რადგან, მართალია, ნატოში ყველა ხაზს უსვამს ისტორიულ შანსს, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს გზას უხსნის ალიანსისაკენ, მაგრამ იქ არც იმას მალავენ, რომ თითოეულ ამ ქვეყანას და, მათ შორის, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობისა თუ ყველა იმ ფასეულობის თვალსაზრისით, რაზეც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია აღმოცენდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG