Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ყინვისა და ისლანდიური ციკლონის მოლოდინში


საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სამხრეთ კავკასიის რეგიონს ისლანდიიდან წამოსული დაბალი წნევის არე, ანუ ციკლონი, უახლოვდება, რის გამოც უახლოესი

ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. პროგნოზის თანახმად, დასავლეთ საქართველოში ჰაერი მინუს შვიდ გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მინუს თორმეტ გრადუსამდე გაცივდება. ყინვების გამო, ბუნებრივია, პროლემები შეეექმნება საქართველოს ენერგეტიკას, რომელიც შესაშური მდგრადობით არც არასოდეს გამოირჩეოდა.

ქართველ მეტეოროლოგთა მტკიცებით, ჰაერის ტემპერატურა ყველაზე დაბლა სწორედ რომ იანვარში ეცემა. ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის თქმით, ამ მხრივ, გამონაკლისი არც 2006 წელია:

[სვეტლანა ნიორაძის ხმა] „იანვარი, საერთოდ, არის ყველაზე ცივი თვე. ამიტომ ასეთ დროს ადგილი აქვს მკვეთრ აცივებას, თუმცა ანომალური არაფერი ხდება. ყინვა გაძლიერდება აღმოსავლეთ საქართველოს ბარში. 22-ში ღამით ჩვენ ველოდებით ტემპერატურის დაკლებას -22 გრადუსამდე. თბილისში კი -6-8 გრადუსის ფარგლებში უნდა იყოს. შიდა ქართლსა და კახეთის ზოგიერთ რეგიონში -12-13 გრადუსამდე დაიკლებს ტემპერატურა.“

მინუს 6-8 გრადუსამდე დაეცემა ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, თუმცა რეკორდულად დაბალ ტემპერატურას - მინუს 25-28 გრადუსს - მაღალმთიან რაიონებში ელიან. მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე და მის საზღვრებს გარეთ ამინდი კლიმატის გლობალური ცვლილების გამო ჭირვეულობს:

[გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] „გლობალური დათბობა იწვევს კლიმატური პროცესების აღრევას და ამიტომ არის, რომ ევროპაში საშინელი ხანძრებია, აფრიკაში კი თოვლი მოდის და სხვა მსგავსი პროცესი მიმდინარეობს.“

გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქნის როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ასევე ქვეყნის ეკონომიკასაც. თუმცა, როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხეთაგური ამბობს, უწყება ზამთარს მომზადებული შეხვდა, რის გამოც ამინდის ცვლილება ქვეყნის ენერგომომარაგებაზე გავლენას ვერ იქონიებს:

[ალექსანდრე ხეთაგურის ხმა] „ვზრდით შიდა წარმოებას, ყველა ჰესი არის მზად, წყლის დონე ყველა ჰესში არის მაქსიმალური. გარდა ამისა, გვაქვს აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის ენერგოსისტემები, ისევე როგორც თბოსადგურები. მთავარია, არ იყოს ქარბუქი და სხვა მსგავსი რამ.“

ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, ქარბუქის დროს იზრდება ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების დაზიანების ალბათობა, თუმცა, ნინო ჯერანაშვილი, სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელი, ირწმუნება, რომ, ხაზის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, საავარიო ჯგუფები მზად არიან მყისიერად აღმოაჩინონ და აღმოფხვრან დაზიანება:

[ნინო ჯერანაშვილის ხმა] „ჩვენ მომზადებული ვხვდებით. გვყავს ბრიგადები, რომლებიც გადიან დაზიანების ადგილზე და ასრულებენ აღდგენით სამუშაოს. ასევე არის ელექტროენერგიის მიწოდების განსხვავებული რეჟიმები, რამაც მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს ავარიული გამორთვები.“

რაც შეეხება ამინდს, ტემპერატურის ვარდნა, როგორც გრძელვადიანი პროგნოზების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, თვის ბოლომდე გაგრძელდება. მეტიც, სვეტლანა ნიორაძის თქმით, ისლანდიიდან დაძრულ ციკლონს სულ მალე რუსული ყინვაც დაემატება:

[სვეტლანა ნიორაძის ხმა] „სიცივე შენარჩუნდება 24 იანვრის ჩათვლით. შემდეგ ცოტა დათბება, მოტყდება ყინვა, ნალექიც შესუსტდება, მაგრამ ხანმოკლე შესვენების შემდეგ, 26-27 იანვრისთვის რუსეთიდან დაიძვრება ციკლონი და ისევ აცივდება. მაგრამ ჩვენს რეგიონს იცავს კავკასიონის ქედი, ამიტომ -30 გრადუსი ჩვენთან გამორიცხულია. საერთოდ, თბილისისთვის აბსოლუტური მინიმუმი არის -23 გრადუსი.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG