Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის პრესის მიმოხილვას ამჯერად დავუთმობთ საკითხს, რომელიც, მართლაც, კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე განწონიდა ქართული საგაზეთო სტატიების უმრავლესობას.

ეს არის შემთხვევა, როცა პრესის პუბლიკაციათა თემატიკა, ალბათ, მთლიანად და ადეკვატურად უპასუხებდა მოქალაქეთა ინტერესს. ცხადია, ვგულისხმობთ ენერგეტიკულ ვითარებას ქვეყანაში.

რუსეთმა გაზსადენი აგვიფეთქა - კვირის პირველივე დღეს პირველი გვერდიდან ამას აუწყებდა მკითხველს გაზეთი ”ახალი თაობა”. ”მომხდარის შესახებ სააკაშვილი ყოველგვარი მინიშნებების გარეშე გაბედულ განცხადებას აკეთებს იმის თაობაზე, რომ რუსეთმა საქართველოს დივერსია მოუწყო და ქართული მოსახლეობა გაზის გარეშე დატოვა,” - წერდა გაზეთი.

საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ საქარველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ არა მხოლოდ ქართულ პრესას, არამედ რუსულ მედიასა და პოლიტიკურ კლასს ჩამოართვა ინიციატივა და ყველას დაასწრო გაზსადენის აფეთქების შესახებ საკუთარი თვალსაზრისის საერთაშორისო მასშტაბით გავრცელება. ეს იმდენად სწრაფად და ინტენსიურად გააკეთა, რომ ქართულ პრესაში, ფაქტობრივად, ადგილი აღარ დარჩა ჩრდილოეთ ოსეთში მომხდარი აფეთქების სხვაგვარი ინტერპრეტაციისათვის. ლოიალური და კრიტიკული, ოფიციოზური და ოპოზიციური გაზეთები აფეთქების ერთადერთ ვერსიაზე ლაპარაკობდნენ.

რაკი საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ენერგეტიკულ დივერსიაზე ყველა სწრაფად შეთანხმდა, გაზეთებმა მალევე მიაპყრეს ყურადღება ქართული საზოგადოების რეაქციასა და მთავრობის კრიზისულ მენეჯმენტს.

”კიდევ სამ დღეს უნდა გავძლოთ. თბილისში სასმელ წყალზე გრაფიკი დაწესდა. სომხეთი დენს ვერ გვაწვდის. კახეთთან საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია - იუწყებოდა გაზეთი ”რეზონანსი” და წერილს ასეთ ქვესათაურს აახლებდა: “გაზპრომის” ტყუილი, აზერბაიჯანის მხარდაჭერა და ირანული პერსპექტივები. “ირანმა კრიზისულ პერიოდში საქართველოსათვის გაზის მიწოდების შესახებ სურვილი თავად გამოთქვა. არ არის გამორიცხული, საქართველომ ირანთან ანგარიშსწორება ბარტერით მოახდინოს. ორ ქვეყანას შორის მიღწეული წინასწარი შეთანხმებით, საქართველო ირანს ზაფხულის პერიოდში ელექტროენერგიას მიაწვდის, რასაც ირანი გაზის მოწოდებით აანაზღაურებს”. თუმცა იქვე გაზეთი აქვეყნებს ექსპერტის ციტატას, რომ აზერბაიჯანიდან ირანული გაზის მიღებისათვის ინფრასტრუქტურა არ არსებობს და ამ ეტაპზე საქართველოს ირანთან პირდაპირი კავშირი არა აქვს.

გაზის შეწყვეტას, ძლიერი ქარის შედეგად, ელექტროგადამცემი ხაზის, ”იმერეთის”, ავარია მოჰყვა, რამაც იმერეთის რეგიონის ენერგოსისტემა მთლიანად გამოიყვანა მწყობრიდან, - წერს გაზეთი ”24 საათი” და მოჰყავს ქუთაისის მოქალაქეთა აღწერები: დილით რომ გავიღვიძეთ, ვნახეთ, ჭადარი იყო წაქცეული და მთელი ელექტროსადენები ჰქონდა ჩაწყვეტილი. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ისე დაგვემართა ამ ხეების წაქცევით. ხელისუფლებამ ნება დაგვრთო, დავხერხოთ ეს ხეები და შინ წავიღოთ, იქნებ შეშით ერთი-ორი დღე მაინც გავიტანოთ თავი.”

შაბათის, 28 იანვრის, პრესაში კი სხვა საკითხებს მივაპყრობთ თქვენს ყურადღებას. გაზეთი ”ალია” ეხმიანება ეროვნული გვარდიის სარდლის, გენერალ გოგი თათუხაშვილის პატაკს გადადგომის შესახებ და ამას თავდაცვის მინისტრთან გენერლის უთანხმოებას უკავშირებს. ირაკლი ოქრუაშვილს გაზეთი უკონტროლო პოლიტიკურ სუბიექტად აცხადებს და წყაროს დაუკონკრეტებლად წერს, თითქოს სამხედრო წრეებში უკვე ასახელებენ ოქრუაშვილის შესაძლო შემცვლელსაც. ”ალიას” მტკიცებით, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატები არიან პარლამენტის წევრი გივი თარგამაძე, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (”ალიაში” წერია უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე) ირაკლი ალასანია და საქართველოს ელჩი უკრაინაში გრიგოლ ქათამაძე.

შაბათის “24 საათი” კი მკითხველს აუწყებს, რომ ირაკლი ალასანია სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. გაზეთის ცნობით, ალასანიამ ისაუბრა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შემაშფოთებელ განცხადებებსა და ქმედებებზე, იმაზე, რომ გალის რაიონში უსაფრთხოების მინიმალური ნორმებიც არ არის დაცული, უხეშად ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები, საფრთხე ემუქრება მათ სიცოცხლეს. პრეზიდენტის წარმომადგენელმა აფხაზეთის საკითხებში ყურადღება გაამახვილა იძულებით პასპორტიზაციაზე, რომელსაც ფაქტობრივი ხელისუფლება ახორციელებს, და გააკრიტიკა რუსეთი, რომელიც არ ცნობს მის მიერვე შარშან ხელმოწერილ სამშვიდობო გეგმას. “ეს დამატებით საფუძველს გვაძლევს, ეჭვქვეშ დავაყენოთ რუსეთის უნარი და სურვილი, შეასრულოს ობიექტური და მიუკერძოებელი შუამავლის როლი კონფლიქტის მოგვარების საკითხში, - განაცხადა ალასანიამ”.
XS
SM
MD
LG