Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის ყურადღება ისევ კონფლიქტის ზონისკენ არის მიმართული


საქართველოს ტერიტორიაზე 3 რუსი ოფიცრის დაკავების ფაქტსა და ამ ფაქტით გამოწვეულ რეაქციებს დღევანდელი ქართული პრესა საგანგებო ყურადღებას უთმობს.

”კონფლიქტის ზონა - ”ნინიას ბაღი” (რუს სამხედროებს ცხინვალში ვიზები არ სჭირდებათ - ამტკიცებენ რუსები)” - ასეთი სათაურისა და ქვესათაურის სტატიას ბეჭდავს დღევანდელი “24 საათი”. განცხადება იმის თაობაზე, რომ სამხრეთ ოსეთში რუს სამხედროებს ვიზები არ სჭირდებათ, ხუთშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გააკეთა. იგივე დაადასტურა რუსი ცისფერჩაფხუტიანების სარდალმა გენერალმა მარატ კულახმეტოვმა და განმარტა, რომ კონფლიქტის ზონაში მყოფ სამხედროებს შორის საქართველოს ვიზა არავის აქვს.

საჭიროა თუ არა ვიზები? - ასეთ შეკითხვას დღევანდელი “რეზონანსიც” სვამს და პასუხად გოგა ხაინდრავას სიტყვები მოჰყავს: ”ყველა სახის შეთანხმება ერთმანეთის მიმართ ელემენტარულ კორექტულობას ითვალისწინებს. ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენი მოქალაქე, მით უმეტეს - სამხედრო პირი, რუსეთის ტერიტორიაზე უვიზოდ იმყოფებოდეს” - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში. აქვე გაზეთი ინტერესდება, თუ რეალურად სად არიან დაკავებული რუსი ოფიცრები. ”რეზონანსი” ყურადღებას ამახვილებს სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ კომენტარზე. მიხაილ მინძაევმა რუსულ ინტერნეტგამოცემა ”რეგნუმს” ასეთი რამ უთხრა: ”ოფიცრები კი არ დააკავეს, არამედ მოიტაცეს და მე დარწმუნებული არ ვარ, რომ ისინი ამჟამად თბილისში არიან. ჩვენი ინფორმაციით, ისინი ამჟამად ერთ-ერთ ანკლავში იმყოფებიან”. გავრცელებული ცნობით, ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლები ”ანკლავად” რეგიონის ქართულ სოფლებს მოიხსენიებენ.

დღევანდელი “რეზონანსი” ყურადღებას ამახვილებს პრესის გამავრცელებელი ჯიხურების დახურვაზე. ჯიხურები იმის გამო დაიხურა, რომ ისინი საკასო აპარატების გარეშე მუშაობდნენ. ბეჭდვითი მედიის მესვეურები პოლიტიკური შეფასებებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ და იმედოვნებენ, რომ კანონმდებლები მათ მოსაზრებებს გაითვალისწინებენ. თუმცა, - წერს გაზეთი, - შესაძლოა, გავრცელების პრობლემა გაზეთების სტელაჟებისა და დახლების აღებით გაგრძელდეს და სწორედ ამიტომ უკვე გაისმის შეფასებები, რომ ”ფინანსური იარაღით” ხელისუფლება თავისუფალ სიტყვას ებრძვის. ასეთი ვარაუდების არსებობის შესახებ მედია-ცენტრში გამართულ შეხვედრაზეც ითქვა. ხუთშაბათს იქ ქართული გაზეთების (თავად - “რეზონანსის”, “ახალი ვერსიის”, “კვირის პალიტრის”, “ხვალინდელი დღის”, “ახალი თაობის”) წარმომადგენლები და პრესის გავრცელების სამსახურების თანამშრომლები შეიკრიბნენ. “რეზონანსის” კორესპონდენტი დაინტერესდა, ითხოვს თუ არა საგადასახადო ინსპექცია სალარო აპარატების დადგმას იმ ჯიხურებში, რომლებშიც არა პრესა, არამედ, ვთქვათ, საღეჭი რეზინი, სიგარეტი თუ კალმები იყიდება. კორესპონდენტს რამდენიმე ასეთ ჯიხურში უთხრეს, რომ სალარო აპარატები არა აქვთ და რომ მათგან ასეთი აპარატების გამოყენებას არც არავინ ითხოვს. არადა, პრესის გავრცელების ჯიხურებში სალარო აპარატებით მუშაობა სწორედ იმიტომ ევალებათ, რომ იქ, ჟურნალ-გაზეთების გარდა, სხვა საქონელიც იყიდება. ”ამდენად, მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჯიხურებზე მიტანილი იერიში არა საგადასახადო პრობლემების მოგვარებას, არამედ პრესაზე ზეწოლას ემსახურება, შესაძლოა, საფუძვლიანი იყოს,” - ასეთია კორესპონდენტის დასკვნა.

გაზეთ “ახალი თაობის” ფურცლებიდან კი შევიტყობთ, რომ ”ჰოლანდიური ავტობუსის მძღოლობა 750 დოლარი ჯდება” - საკრებულოს ფრაქცია ”ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარის გიორგი მოსიძის ეს სიტყვები გაზეთმა სათაურადაც გამოიტანა. აი, უკვე სტატიაში კი მოსიძე ამბობს იმასაც, რაც მძღოლებისგან სმენია: ამბობენ, რომ არაკანონიერი გადასახადი კიდევ უფრო გაიზარდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG