Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 წელი ავღანეთის ომის დასრულებიდან - რა აწუხებთ ვეტერანებს მშვიდობიანობის დროს


ყოველი წლის 15 თებერვალს, ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის დღეს, ავღანეთის ომის ვეტერანები საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა

მემორიალთან იკრიბებიან და გარდაცვლილი მეგობრების ხსოვნას ღირსეულ პატივს მიაგებენ. ოფიციალური ინფორმაციით, ომში, რომელიც 1979 წლის 27 დეკემბერს ავღანეთის მაშინდელი ხელმძღვანელის ჰაფიზულა ამინის სასახლის შტურმით დაიწყო, საქართველოდან გაწვეული 5 ათასამდე ჯარისკაცი და ოფიცერი მონაწილეობდა. ათასზე მეტი დაჭრილი, 125 მოკლული და 5 უგზო-უკვლოდ დაკარგული - ასეთი სავალალო შედეგით დასრულდა საქართველოსთვის 10-წლიანი ომი, რომელმაც, ჯამში, მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. როგორია ავღანეთის ომის დასრულებიდან გასული 17 წელი ქართველი ვეტერანებისთვის, სარგებლობენ თუ არა ისინი შეღავათებით და როგორ ზრუნავს მათ რეაბილიტაციაზე ხელისუფლება?

საბჭოთა პროპაგანდის თანახმად, 15 თებერვალს გმირთა მოედანზე შეკრებილი ადამიანები ავღანეთის მიწაზე ინტერნაციონალური ვალის მოსახდელად იბრძოდნენ. ოზურგეთელი კარლო ჩხარტიშვილი, როგორც თავად ამბობს, არც კი ცდილა სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდებას:

[კარლო ჩხარტიშვილის ხმა] „ოჯახში უკვე მოტანილი იყო ამბავი, რომ ავღანეთის ნაკადი გროვდება და არ მოხვიდეო, მაგრამ ვერ გავიპარე. მახსოვს გაოცება და შიში, რომელიც დამეუფლა, როცა თვითმფრინავიდან გამოვედი. ამდენი სამხედრო ტექნიკა, შეიარაღებული ხალხი და უცხო გარემო. ალბათ, პირველი შიში მაშინ ვჭამე. მერე თანდათან მივეჩვიე.“

კარლო ჩხარტიშვილი ავღანეთში 86-88 წლებში მსახურობდა, უკანასკნელმა საბჭოთა სამხედრო შენაერთმა კი ავღანეთის მიწა ერთი წლის შემდეგ, 1989 წლის 15 თებერვალს, დატოვა. ომი დამთავრდა, თუმცა, როგორც ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის ხელმძღვანელი ნუგზარ კახნიაური ამბობს, შინ დაბრუნებულ ჯარისკაცებს თავი არც საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაუზოგავთ:

[ნუგზარ კახნიაურის ხმა] „ჩამოვედით ავღანეთიდან, ზოგი ადრე, ზოგი გვიან, მაგრამ მშვიდობა დიდად მაინც არ გვიგრძნია. ჯერ სამაჩაბლოში, მერე აფხაზეთში ვიბრძოდით. ყველა ომს მოაქვს სისხლი, ყველა ომს მოაქვს მკვლელობა. მემორიალის კედლებზე ძალიან ბევრი ავღანელის გვარია ამოტვიფრული. ერთი 150-170 კაცი მარტო აფხაზეთში დაგვეღუპა.“

აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახები სოციალური დახმარებითა და შეღავათებით „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ კანონის“ მიხედვით სარგებლობენ, თუმცა, ამავე კანონით, მთელი რიგი შეღავათები არ ვრცელდება ავღანეთის ომის ვეტერანებზე. ამ ფაქტს არც ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნუკრი ცაგარეიშვილი უარყოფს:

[ნუკრი ცაგარეიშვილის ხმა] „არის შეღავათები, რომელიც არ ვრცელდება ავღანეთის ომის მონაწილეებზე და ვრცელდება სამამულო და აფხაზეთის ომების მონაწილეებზე. მაგალითად, ამ უკანასკნელთ ხელფასებიდან არ უკავებენ სოციალურ და სხვა სახის გადასახადებს, მაშინ როცა „ავღანელები“ ამ შეღავათით ვერ სარგებლობენ.“


თუმცა თავად ავღანეთის ომის ვეტერანები საკუთარ პრობლემებზე ლაპარაკს გაურბიან. მათ ნაცვლად საუბრობენ ოჯახის წევრები, რომელთა თქმითაც, საზოგადოება ავღანეთის ომის მონაწილეებს ნელ-ნელა ივიწყებს:

[ქალბატონის ხმა] „ნამდვილად არავინ ზრუნავს, ადრე უფრო აქცევდნენ ყურადღებას. ჩვენს თაობას კიდევ ახსოვს, მაგრამ ახალმა თაობამ არაფერი იცის ავღანეთის ომის მონაწილეების შესახებ. მიაჩნიათ, რომ ქუჩაში ჩვეულებრივი ვიღაცა მიდის. არადა, ეს ბიჭები იძულებით წაიყვანეს სასაკლაოზე. მადლობა ღმერთს, ბევრი დაგვიბრუნდა, მაგრამ ბევრი დაიღუპა.“

უნდა ითქვას, რომ ავღანეთის ომის ვეტერანთა ერთმა ნაწილმა ვერ გაუძლო საზოგადოებისაგან გარიყვას, მძიმე ფიზიკურ და სულიერ ტკივილს, უმუშევრობას და სიდუხჭირეს, თუმცა როგორც ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის ხელმძღვანელი ნუგზარ კახნიაური ამბობს, ვეტერანთა დიდმა ნაწილმა საკუთარ თავში მოძებნა ძალა და კანონმორჩილ, სამაგალითო მოქალაქედ ჩამოყალიბდა:

[ნუგზარ კახნიაურის ხმა] „ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში დაამტკიცეს „ავღანელებმა“, რომ შეუძლიათ იომონ და არ იმარადიორონ, არაფერი გააფუჭონ. აფხაზეთის ომის დამთავრებისთანავე იარაღი ჩავაბარეთ და ყველა ჩვენგანი შეძლებისდაგვარად გადავეწყვეთ მშვიდობიან ცხოვრებაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ავღანელთა კავშირიდან თითო-ოროლა კაცი თუ მოხვდა ციხეში.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG