Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონფლიქტის ზონიდან რუსი ცისფერჩაფხუტიანების გაყვანის საკითხმა ოთხშაბათს დათმო პირველობა, რომელსაც


კონფლიქტის ზონიდან რუსი ცისფერჩაფხუტიანების გაყვანის საკითხმა ოთხშაბათს დათმო პირველობა, რომელსაც ის ქართული პრესის ფურცლებზე ბოლო რამდენიმე დღის

მანძილზე ინარჩუნებდა. დღეს გამოსული გაზეთების საგანგებო ყურადღების ცენტრში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში მოექცა.

პრეზიდენტ სააკაშვილის ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც დეპუტატები სამშაბათს საათ-ნახევრის მანძილზე ისმენდნენ, ქართული პრესა ოთხშაბათს ასეთი სათაურის სტატიებით გამოეხმაურა: “24 საათი” - ”ახალი მიზნები, ახალი გმირები, ახალი გამოწვევები...”; ”საქართველოს რესპუბლიკა” - ”პრეზიდენტმა ჩვეულ საზეიმო ტონს არ უღალატა”; ”ახალი თაობა” – ”სააკაშვილმა პარლამენტს ტაში აკვრევინა”;”რეზონანსი” – “ორ წელში ღარიბები აღარ ვიქნებით”. პრეზიდენტის მიერ გუშინ ხაზგასმულ პროგნოზს იმის შესახებ, რომ ორ წელიწადში საქართველო ღარიბი ქვეყანა აღარ იქნება, თითქმის ყველა გაზეთი საგანგებოდ გამოყოფს. პრესის საგანგებო ყურადღება ასევე მიიპყრო პროგნოზმა, რომელიც 2008 წელს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ხოლო 2006 წელს ქვეყნისთვის ალიანსის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შეეხება.

”საქართველოს რესპუბლიკის” დაკვირვებით, პრეზიდენტის მოხსენებას გასდევდა ტონი ნასახლარიდან სახლის ამშენებლისა, ნანგრევებიდან ქვეყნის აღმდგენელისა”... ”ჩვენ ყველანი ნათლად ვხედავთ, ბევრი სასიკეთო ნაბიჯი რომ გადაიდგა, - წერს გაზეთი, - მაგრამ საკუთარ წარმატებებზე გამუდმებული ლაპარაკი მსმენელისთვის დამღლელია. თანაც, საქართველო ჯერ კიდევ ვერ დაიკვეხნის შთამბეჭდავი ეკონომიკური აღმავლობით.”

როგორ შეაფასა ოპოზიციამ პრეზიდენტის მოხსენება? ამის გარკვევას დღევანდელი “24 საათი” შეეცადა. ლევან ბერძენიშვილის აზრით, ”ეს იყო სამეურნეო სიტყვა, რომელიც საერთოდ არ ჰგავდა პოლიტიკური ლიდერის გამოსვლას... ამავე დროს, ამ გამოსვლას დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდა: არ იყო ნახსენები ოპოზიცია, არ იყო ნახსენები მმართველი პარტია, არ იყო არანაირი უზრდელობა ან სპეციფიკური ტერმინოლოგია - ისეთი, როგორიც არის ”გაჩმახება” და მისთანები. ფიქრია ჩიხრაძე ისურვებდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა უფრო საქმიანი ყოფილიყო - ”დღეს, როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემაა, პრეზიდენტს არ გაუმახვილებია ყურადღება არც ერთზე”. კობა დავითაშვილი კი ერთ პარალელზე ამახვილებს ყურადღებას:”როდესაც პრეზიდენტი ეკონომიკურ თავისუფლებაზე საუბრობდა, მან ასეთი ციტატა მოიყვანა: ”ათავისუფლე მონებიო”. ანუ გამოდის, რომ პრეზიდენტი ბიზნესმენებს მონებად მიიჩნევს. საინტერესო შეხედულებაა.”

მართალია, პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ჩვენი დროის გმირები წელსაც გამოავლინა და აუდიტორიას ისინი ტაშით წელსაც დააჯილდოებინა, მაგრამ შარშანდელი წლიური ანგარიშის შთაბეჭდილებით შეპყრობილი ადამიანები სააკაშვილისგან, როგორც ჩანს, წელს უფრო მასშტაბურ შოუს მოელოდნენ. ”რეზონანსის” ცნობით, ასეთთა რიგს პარლამენტის მომსახურე პერსონალიც მიეკუთვნებოდა: ”ერთ-ერთი დამლაგებელი ქალი ირწმუნებოდა - ნამდვილად ვიცი, ვარდებით ხელში შემოვაო. მეორე კი უსწორებდა - ვარდებს სხვები შემოიტანენ, თვითონ თეთრი ცხენით შემოვაო.”

თითქმის არც ერთ გაზეთს არ დავიწყებია იმის აღნიშვნა, რომ პრეზიდენტმა პარლამენტში მისვლა დაახლოებით ერთი საათით დააგვიანა. ”პრეზიდენტის მოლოდინში სხდომათა დარბაზის ეკრანზე ერთხელ მხატვრული ფილმიც კი ჩაირთო, - იხსენებს გაზეთ ”რეზონანსის” კორესპონდენტი.- მართალია, დეპუტატები ითხოვდნენ, იყოს, ცოტა ხანი მაინც ვუყურებთო, მაგრამ ფილმი მაინც გამორთეს. მერე კი, როგორც იქნა, პრეზიდენტიც გამოჩნდა”. ”ლოდინად კი ღირდა იმის გაგება, რომ ჩვენისთანა ქვეყანა დედამიწის ზურგზე არ ყოფილა და რომ ”მიეცით ნიჭსა ფართო გზა” შოთა რუსთაველს დაუწერია”, - აღნიშნავს გაზეთი ”რეზონანსი”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG