Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური


გასული კვირის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური

მოვლენები ქართულ-ოსური კონფლიქტის კონტექსტში წარიმართა. ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების გზებსა და პერსპექტივაზე მსჯელობდა ყველა - დაწყებული პრეზიდენტით, მთავრობითა და პარლამენტით, არასამთავრობო ორგანიზაციებითა და ექსპერტებით დამთავრებული. გასული კვირის ამ და ზოგიერთ სხვა მოვლენას შეგახსენებთ.

მიმოხილვის დასაწყისში ერთ ამბავზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ქართულ-ოსური კონფლიქტის შესახებ პოლიტიკურმა ვნებათაღელვამ ერთგვარად დაჩრდილა მოვლენა, რომელიც სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო აქტიური განხილვის საგნად ქცეულიყო: კვირას, 12 თებერვალს, ტელეკომპანია ”დროების” ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ”გაერთიანებული ქართული ბანკის” საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსის სანდრო გირგვლიანის მკვლელობას ეძღვნებოდა. სიუჟეტში გამოყენებული იყო დანაშაულის მოწმეთა ჩვენებები. ამ ჩვენებებში დანაშაულთან შესაძლო კავშირში დასახელდა რამდენიმე მაღალჩინოსნის გვარი: კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დათა ახალაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი გურამ დონაძე. იმისდა მიუხედავად, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს ის, რაც ”დროების” სიუჟეტში ითქვა, საზოგადოება სრულიად სამართლიანად მოელოდა გარკვეულ რეაქციას იმავე სამართალდამცავების მხრიდან. ეს რეაქცია შეიძლებოდა ყოფილიყო სხვადასხვაგვარი, მათ შორის: დასახელებული პირების მკვლელობის საქმესთან კავშირის უარყოფა ან მკვლელობის უფრო არგუმენტირებული ვერსიის გავრცელება, ვიდრე ეს მანამდე იყო. სიუჟეტის ეთერში გასვლიდან მეორე დღეს, ორშაბათს, ერთადერთი, ვინც ამ ფაქტზე ყურადღების გამახვილება საჭიროდ მიიჩნია, კონსერვატიული პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი იყო, რომელმაც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მოითხოვა ახალაიას, სანოძისა და დონაძისათვის უფლება-მოვალეობების შეჩერება იმისათვის, რომ მათ გავლენა არ მოახდინონ გამოძიებაზე, და მოითხოვა აგრეთვე გირგვლიანის მკვლელობის საქმის გენერალური პროკურატურისთვის გადაცემა. თუკი სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” დავეყრდნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსს გურამ დონაძეს განუცხადებია: ”ბინძურ პროვოკაციულ პოლიტიკურ შეკვეთაზე, რომელიც ”იმედმა” კარგად შეასრულა, კომენტარს არ ვაკეთებო”. აღნიშნულ საკითხზე ორიოდე დღის შემდეგ ყურადღების გამახვილება სცადა დავითაშვილის თანაპარტიელმა, დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა. ეს უკვე პრეზიდენტის გამოსვლის მეორე დღეს პარლამენტის სხდომაზე მოხდა:

[ძიძიგურის ხმა]
”ყველამ ვნახეთ სიუჟეტი, ”დროებაში” რომელიც გავიდა, სადაც პირდაპირ ადებენ ხელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს იმაში, რომ ისინი არიან მკვლელობაში გარეულები. რა ხდება რეაგირება? რეაგირება არის ძალიან მარტივი - ნოლი. პრაქტიკულად თვითონ ის უწყება იძიებს ამ საქმეს, რომლის მაღალჩინოსნებიც არიან ბრალდებულები და მე ვიფქრობ, რომ განგაში უნდა ატეხილიყო მთელ ქვეყანაში, პარლამენტში უნდა ატეხილიყო განგაში, როდესაც ეს სიუჟეტი გავიდა და, საერთოდ, მომხსენებელთა ჯგუფი ან საგამოძიებო კომისია უნდა შეგვექმნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ამ სფეროში ქვეყანაში.”(სტილი დაცულია)
განაცხადა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის სხდომაზე 15 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში, როცა საქართველოს პრეზიდენტის წლიურ ანგარიშს იხილავდნენ. ახლა ორიოდე სიტყვით შევეხები სწორედ მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიურ გამოსვლას. ჯერ შემოგთავაზებთ ნაწყვეტს მისი გამოსვლიდან:

[მიშას ხმა]
”საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა - სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა და სხვა დონორმა ორგანიზაციებმა - საქართველოს 2005 წლის ფინანსური მაჩვენებელი შეაფასეს როგორც ყველაზე წარმატებული წელი.”

მიხეილ სააკაშვილის საათნახევრიანმა გამოსვლამ ოპოზიცია კატეგორიულად უკმაყოფილო, უმრავლესობა კი სრულიად კმაყოფილი დატოვა. ეს შედეგი მოსალოდნელიც იყო. პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტის გარეთაც გამოეხმაურნენ, მათ შორის, ჩვენი ეთერის საშუალებითაც. რადიო “თავისუფლების” დილის პროგრამაში გია ნოდიამ ბრძანა:

[ნოდიას ხმა]
”თემატურად იყო განსხვავებული შარშანდელისგან და გარეგნულადაც. ერთი, რომ პარლამენტში არ იჯდა ამდენი ხალხი სამხედრო ფორმით. მათ შორის, პარლამენტის წევრებიც ისხდნენ ჰალსტუხებში და არა ”ხე-ბეებში”. ეს თვალშისაცემი განსხვავება იყო. თემატურადაც - მართალია, პრეზიდენტი ყველაფერს შეეხო და თავიდან გვითხრეს, რომ 30 წუთი იქნებოდა და დაახლოებით სამჯერ მეტი იყო, მაგრამ ამ მრავალთემატურობაში მაინც აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით დიდი დრო დაეთმო ეკონომიკას და ეკონომიკური რეფორმების პერსპექტივებს.”(სტილი დაცულია)

განაცხადა რადიო “თავისუფლების” ეთერში გია ნოდიამ მიხეილ სააკაშვილის წლიური ანგარიშის შესახებ.

მოდით, ახლა მივუბრუნდეთ ქართულ-ოსურ კონფლიქტთან დაკავშირებული პოლიტიკური მოვლენების გასული კვირის ქრონიკას: საკითხზე მსჯელობა ორშაბათს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაფართოებულ სხდომაზე დაიწყო. ცხადი იყო ის, რომ მთავრობაცა და პარლამენტიც ერთსულოვნად ნეგატიურად აფასებდნენ რუსი ცისფერჩაფხუტიანების მოქმედებას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, თუმცა ოპოზიცია გამოთქვამდა ეჭვს, რომ 15 თებერვლის დადგენილების პროექტი არ იქნებოდა სათანადოდ კატეგორიული და პრინციპული. ამის დასტურია ისიც, თუ რამ გამოიწვია ყველაზე ცხარე დებატები დადგენილების პროექტის განხილვისას: ოპოზიციას არ აკმაყოფილებდა დადგენილების მეორე პუნქტში მთავრობისთვის მიცემული დავალების ის ნაწილი, სადაც მას 1992 წლის 24 ივნისის სოჭის ხელშეკრულების ”გადახედვა” დაევალა. ოპოზიციას სურდა, რომ ”გადახედვის” ნაცვლად ყოფილიყო სიტყვა ”გაუქმება”, ”შეწყვეტა”. ზოგადად კი, ოპოზიციამ მიიჩნია, რომ 15 თებერვლის დადგენილება 11 ოქტომბრის დადგენილებაზე სუსტია. აი, ერთი ფრაგმენტი 15 თებერვლის პარლამენტის სხდომიდან:

[დავითაშვილის ხმა]
”გაუქმების მოთხოვნა იმიტომ არის პრინციპული, რომ მხოლოდ გაუქმების შემთხვევაში ეცლება რუსეთის ე.წ. სამშვიდობო და სინამდვილეში საოკუპაციო ძალებს საქართველოს ტერიტორიაზე ლეგიტიმურად ყოფნის უფლება. თქვენ, ალბათ, არ გაეცანით კულახმეტოვის ცნობილ წერილს (ქართულ პრესაშიც იყო გამოქვეყნებული), რომელიც სრულიად სამართლიანად მიუთითებს, რომ ის იქ მოქმედებს საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე და სანამ არსებობს ეს შეთანხმება, მისი იქ ყოფნის იურიდიული საფუძველი არსებობს. ამიტომ ერთადერთი გზა, რომ მოვუსპოთ ბატონ კულახმეტოვს და მის დაქვემდებარებაში მყოფ საოკუპაციო ჯარებს იქ ყოფნის უფლება, არის ამ შეთანხმების შეწყვეტა და სწორედ ამ ალტერნატივას გთავაზობთ.”

კობა დავითაშვილის მიერ ჩამოყალიბებული ეს ალტერნატივა უმრავლესობამ არ მიიღო. ის ოპოზიციას დასთანხმდა მეხუთე პუნქტის იმ ნაწილის ამოღებაზე, სადაც პარლამენტი დადებითად აფასებდა საქართველოს მთავრობის მიერ გასული წლის 11 ოქტომბრის შესასრულებლად გადადგმულ ნაბიჯებს. სხდომის დასასრულს, კენჭისყრის წინ აღებული ხუთწუთიანი შესვენებისას, ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ ცალკეულ მუხლებზე დავის გაგრძელებაზე უფრო პრიორიტეტული დადგენილების მიღებისას პარლამენტის მიერ ერთსულოვნების გამოვლენა იყო და მხარი დაუჭირა დადგენილებას, რისი შედეგიც ასეთი გახლდათ:

[ბურჯანაძის ხმა]
”179 ხმით, ერთხმად, გადაწყვეტილება მიღებულია. გთხოვთ ბატონ პაატას ხმა დაამატოთ. დიდი მადლობა, პატივცემულო კოლეგებო. მინდა ოპოზიციის პოზიციას მივესალმო, მადლობა გადავუხადო და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ასეთი ერთსულოვნება საქართველოს პარლამენტის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის პოზიციების შემდგომი დაცვისათვის და, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავანახვეთ ყველას, თუ რაოდენ ერთსულოვანია საქართველოს მთელი მოსახლეობა და პოლიტიკური სპექტრი, განსხვავებებისდა მიუხედავად, ამ საკითხში.”

როდესაც 1992 წლის ხელშეკრულების ”გადახედვის” ფორმულირების სისწორეზე საუბრობდა, პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლები ამას ხსნიდნენ იმით, რომ ამ ვითარებაში კვლავაც მნიშვნელოვანია საქართველომ დაიტოვოს რუსეთთან კონსტრუქციული მოლაპარაკების გზა. თუმცა პარლამენტის დადგენილებამ საკმარისად გააღიზიანა რუსეთის ხელისუფლების როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო შტოს წარმომადგენლები. დადგენილება მათ ერთხმად შეაფასეს ”საქართველოში ბოლო კვირების მანძილზე მიმდინარე ანტირუსული კამპანიის გაგრძელებად”. სხვათა შორის, რუსეთის საგარეო უწყების 15 თებერვლის განცხადებაში გამოთქმული იყო რწმენა, რომ ყველა პრობლემა კონფლიქტის მხარეებმა მოლაპარაკებათა მოქმედ ფორმატებში - მათ შორის, შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე - უნდა მოაგვარონ. შერეული საკონტროლო კომისიისა და მის მიმართ რუსეთის დამოკიდებულების შესახებ მოგვიანებით კიდევ გეტყვით, მანამდე კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ:

ქართულ-ოსური კონფლიქტის საკითხზე გასულ კვირაში პარლამენტში დებატების მიმდინარეობას დაემთხვა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთა დელეგაციის რამდენიმედღიანი ვიზიტი საქართველოში. 15 თებერვლის დადგენილების მიღების შესახებ რუსმა დეპუტატებმა ცხინვალში ყოფნისას შეიტყვეს და პოლიტიკური თვალსაზრისით მძაფრი კომენტარიც გააკეთეს, როცა განაცხადეს, რომ, საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიუხედავად, რუსი მშვიდობისდამცველები დარჩებიან კონფლიქტის ზონაში, საქართველოს მთავრობას კი შეუძლია ქართველი მშვიდობისდამცველები გაიყვანოს იქიდან. მეორე დილით რუსეთის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო. ამ შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რუს დეპუტატებს არაფერი უთქვამთ ბურჯანაძესთან შეხვედრის დეტალებზე. წინა დღით ბურჯანაძემ დაიქადნა, რომ ეტყოდა რუსებს ყველაფერს, რასაც მათზე ფიქრობდა. თუმცა მათი საუბრიდან ცხადი გახდა, რომ რუსეთ-საქართველოს შემდგომი ურთიერთობა ძალიან რთული იქნება. რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მიხაილ ბაბიჩმა საქართველოს ხელისუფლებას შეახსენა, რომ სამშვიდობო ძალები მხოლოდ რუსი სამხედროებისგან არ შედგება და თუკი მათი მოქმედების ეფექტიანობის შეფასებაზე მიდგა საქმე, ყველა მხარის მოქმედება უნდა შეფასდეს. ამ შეხსენებაზე ერთგვარ პასუხად შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას პასუხი შეკითხვაზე - არის თუ არა მზად საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის ზონიდან გაიყვანოს ქართული დანაყოფები:

[ხაინდრავას ხმა]
”დიახ, საქართველო მზად არის და გამოდის კიდეც წინადადებით, მშვიდობის დაცვის ფუნქცია გადაეცეთ პოლიციურ ძალებს. ჯერ კიდევ 1996 წლის მოსკოვის მემორანდუმში ჩაიწერა, რომ მშვიდობისდამცველებმა თავიანთი ფუნქციები უნდა გადააბარონ ორი მხარის სამართალდამცავებს. ვგულისხმობ საგანგებო უწყების - ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის - შექმნასაც. მიგვაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე სამხედრო ელემენტი უნდა მოიხსნას (მათ შორის, ცხინვალშიც), რადგან იქ მთავარი პრობლემა კრიმინოგენური ვითარებაა. იქ არ ხდება სამხედრო დაპირისპირება. ერთადერთი მხარე, რომელიც მუდმივად ლაპარაკობს ომზე, ეს არის რუსეთი.”

გიორგი ხაინდრავამ ეს განცხადება 16 თებერვალს მოსკოვში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა. საქმე ის გახლავთ, რომ პარლამენტის დადგენილების მიღების შემდეგ ხაინდრავა მოსკოვში გაემგზავრა, სავარაუდოდ, შერეული საკონტროლო კომისიის 20-21 თებერვლისთვის ვენაში დაგეგმილი სხდომის დეტალების შესათანხმებლად. სავარაუდოდ, რადგან მოსკოვი-თბილისის ტელეხიდის საშუალებით გამართულ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის დღის წესრიგში არ შედიოდა 1992 წლის სოჭის ხელშეკრულების გადახედვის დაწყება. თუმცა ამავე პრესკონფერენციაზე მან ისიც აუწყა ჟურნალისტებს, რომ ვენის შეხვედრაში მონაწილეობაზე რუსეთი უარს აცხადებდა.

[ხაინდრავას ხმა]
”ზეგ ვენაში უნდა გავმგზავრებულიყავი და იქ უნდა ჩატარებულიყო შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა. მივიღეთ ცნობა, რომ რუსეთის მხარე უარს ამბობს ვენის შეხვედრაში მონაწილეობაზე და ამას ხსნიან იმით, რომ (მართალია, ოფიციალური შეტყობინება ამის შესახებ არ მიმიღია, მაგრამ ჩემს კოლეგებთან საუბარში გამოიკვეთა) შექმნილია რთული ვითარება და საჭიროა ცენტრთან ახლოს ყოფნა. კარგად არ მესმის ეს რა პოზიციაა და, საერთოდაც, გაუგებარია, რატომ ხდება საერთაშორისო ფორუმების ბლოკირება.”

შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა ვენაში, მართლაც, ჩაიშალა. ხაინდრავა მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა.

ამ სხდომის ჩაშლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას სთავაზობს შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრას. პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ქართული მხარე მზად არის ითანამშრომლოს ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებასთან და მოაწყოს ვანო მერაბიშვილისა და მიხაილ მინძაევის შეხვედრა ცხინვალში ან თბილისში. შეხვედრაზე კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ასევე ცნობილი გახდა, რომ 19 თებერვალს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული შერეული სამშვიდობო ძალების ქართულ ბატალიონში როტაცია დაიწყო. ნოღაიდელის განცხადებით, ბატალიონის პირადი შემადგენლობა სამშვიდობო ძალების სარდლობასთან 20 თებერვალს შეთანხმდება. პრემიერ-მინისტრისავე თქმით, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ქართული სამშვიდობო ძალების როტაცია 3 თვეში ერთხელ განხორციელდება და ბატალიონის შემადგენლობა 330 კაცამდე გაიზრდება. ეს, რაც შეეხებოდა ქართულ-ოსურ კონფლიქტს.

უნდა აღინიშნოს გასული კვირის ერთი მნიშვნელოვანი თემაც: მუშაობა დაასრულა «საბაჟო ტერმინალ «ოპიზასთან» დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ «საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ» და «საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევის საკითხის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ”, რომელმაც დაადგინა, რომ ”შპს «ოპიზას» პარტნიორთა მიერ წილების გასხვისების პროცესში და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში საქართველოს პარლამენტის წევრთა, მათ შორის, კობა ბექაურის მონაწილეობა არ დასტურდება. შესაბამისად, არ დასტურდება კანონმდებლობით გათვალისწინებული პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა”. ამგვარ დასკვნას არ დაეთანხმნენ კომისიის ოპოზიციონერი წევრები. მათ სურდათ, რომ კომისიის მუშაობა კიდევ ერთი თვით გაგრძელებულიყო და დასკვნა არ წარმოედგინათ პარლამენტის სხდომაზე. დეპუტატ კახა კუკავას განცხადებით, წარმოდგენილი დასკვნის პროექტი არ ასახავს სინამდვილეს და იგი კომისიის მუშაობის დაწყებისთანავე დაიწერა:

[კუკავას ხმა]
”ეს დასკვნა არის კანონსაწინააღმდეგო, ეს დასკვნა არის ყალბი, ამ დასკვნის წარმოდგენა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არ შეიძლება და თუ ეს დასკვნა ამ ფორმით მაინც იქნება წარმოდგენილი, მაშინ ჩვენ იძულებული ვიქნებით, ბექაურთან ერთად დავსვათ კომისიის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი. ამიტომ კოლეგიალურად კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, ნუ წარმოადგენენ ამ დასკვნას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და ნუ მიუმატებენ თავიანთ გვარებს ბრალდებულთა სიას.”

დასკვნა 17 თებერვლის პლენარულ სხდომაზე გავიდა. განხილვაზე დეპუტატმა დავით კირკიტაძემ კოლეგებს განუცხადა, რომ სხდომის მეორე დღეს დეპუტატმა კობა ბექაურმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და დეპუტატის მანდატის დათმობის შესახებ განაცხადა:

[ბექაურის ხმა]
”მე მინდა გითხრათ, რომ ეს ყველა დღეები, რომელიც გადავიტანე მე ოთხი თვის განმავლობაში, ეს აღვირახსნილი ლანძღვა-გინება ჩემს მიმართ, ვიმეორებ, ძნელი იყო და ურთულესი პერიოდი გავიარე მე ჩემ ოჯახთან ერთად, რაზეც ოჯახს ვუხდი ბოდიშს და მე აუცილებლად ვთვლი, რომ ჩემთვის არანაირ თანამდებობას და არასდროს და არც ყოფილა ჩემთვის თანამდებობა რაიმე თვითმიზანი... მით უმეტეს მას შემდეგ, როცა კომისიამ დაამტკიცა სრულად ჩემი უდანაშაულობა, მე აუცილებლად ვთვლი, რომ დავტოვო საქართველოს პარლამენტი და ჩემი სიმართლის სისწორეშიც მე დავარწმუნებ პოლიტიკურ საბჭოს და დავარწმუნებ და მივიღე მე ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც მე ვიღებ, ვიღებ მე პირადად და ყოველთვის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიმიღია ამა თუ იმ ფორმით ჩემი განვლილი გზის განმავლობაში, მიმიღია მე და არა სხვას.” (სტილი დაცულია)

შეგახსენებთ, ბექაურის ეს განცხადება 18 თებერვალს პირდაპირ ეთერში გადაიცა.
გასული კვირა მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისითაც. საქართველოს პირველად ეწვია ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერი. ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს. ერთ-ერთ ბრიფინგზე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში არ ნიშნავს საქართველოს სვლას სრულუფლებიანი წევრობისკენ, თუმცა, ზოგადად, ევროკავშირის შემდგომი გაფართოების ალბათობაც კატეგორიულად არ გამოურიცხავს:

[ვალდნერის ხმა]
”ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ამოცანა არ არის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, - ეს სრულიად ნათელია. თუმცა, იმავდროულად, ის ბევრად აახლოებს ამა თუ იმ ქვეყანას ევროკავშირთან. რაც შეეხება მომავალს, უნდა ითქვას, რომ ის არ გახლავთ წინასწარ განსაზღვრული. აი, ეს არის სამეზობლო პოლიტიკის არსი და მიმაჩნია, რომ ძალიან პრაგმატულად უნდა მივუდგეთ ევროკავშირის მიერ მოცემულ ამ შესაძლებლობას. ჩვენ ვცდილობთ კიდეც ამის გაკეთებას და მიმაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორებს ეს ძალიან კარგად ესმით.”

ეს კვირა დასრულდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმით, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას მიეძღვნა. ფორუმის ორგანიზატორი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იყო. სტუმრებს შორის გახლდათ უსაფრთხოების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გენერალი სერ გარი ჯონსონი. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ საქართველოში სტაბილურობით ნატო სისხლხორცეულად არის დაინტერესებული. ჯონსონს მიაჩნია, რომ საქართველოში და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა რთული, მაგრამ არსებითი ამოცანაა და რომ ეს, ნატოს გარდა, რუსეთის ინტერესშიც შედის, იმის გათვალისწინებითაც, რომ მას ჩრდილოეთ კავკასიაში პრობლემები აქვს. სერ გარი ჯონსონმა აღნიშნა აგრეთვე, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ძლიერი სამხედრო კომპონენტის არსებობას, რაც არა ომის წამოწყების საფუძვლად, არამედ შემთხვევითი დესტაბილიზაციის თავიდან აცილების გარანტად უნდა იყოს მიჩნეული.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG