Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გამოსული ქართული გაზეთების ფურცლებზე ორი ძირითადი თემა იკვეთება, ეს


დღეს გამოსული ქართული გაზეთების ფურცლებზე ორი ძირითადი თემა იკვეთება, ეს გახლავთ: ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო კონტინგენტის ქართული ბატალიონის

როტაციასთან დაკავშირებული გუშინდელი (ძლივს მოგვარებული) პრობლემები და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ რუსი პოლიტიკოსების მისამართით გამოხატული აღშფოთება. დღევანდელ პრესაში ამ და სხვა თემებზე გამოქვეყნებულ ზოგიერთ პუბლიკაციას გაგაცნობთ.

”რუსეთმა უკან დაიხია,”- წერს დღევანდელი “24 საათი”: ”ქართული სამშვიდობო კონტინგენტის როტაციამ ცხინვალსა და მოსკოვში პანიკა გამოიწვია. ოსურმა და რუსულმა მხარეებმა, რადიკალური წინააღმდეგობისა და ხმამაღალი პროტესტების შემდეგ, უკან დაიხიეს და ”კეთილი ნების” სახით, როტაციაზე თანხმობა განაცხადეს.”

პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში მიხეილ ქარელი გაზეთ ”რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ ”რუსებმა თვითნებურად მიიღეს გადაწყვეტილება, როდესაც ქართველ სამშვიდობოებს, ცხინვალის გავლით, სოფელ აჩაბეთისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცეს.”

გეგმავს თუ არა რუსეთი მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას? - დღევანდელი ”ახალი თაობის” მიერ დასმული ეს კითხვა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს ტელეკომპანია ”ენ ტე ვე”-ს ეთერით პრეზიდენტ პუტინის ადმინსტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი გამოვიდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გლებ პავლოვსკიმ საქართველოს პრეზიდენტზე ტერაქტის მოწყობის პირდაპირი მოწოდება გააკეთა. ”ერთი ტყვიის ფასი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კონფლიქტის ზონაში მასობრივი სისხლისღვრა” - პავლოვსკის ამ განცხადებამ საქართველოს პარლამენტის წევრებიც აღაშფოთა.

საქართველოს პრეზიდენტს გაზეთი ”ალიაც” ახსენებს, თუმცა სულ სხვა კონტექსტში: ”სააკაშვილმა ნატო გახლიჩა - რომელი ქვეყნები გამოდიან საქართველოს წინააღმდეგ”. ”ამერიკა, ჰოლანდია და ინგლისი ბებერი ევროპის წინააღმდეგ. საფრანგეთს და გერმანიას ნატოს გაფართოება არ უნდათ. ევროპა მალე შეიძლება საქართველოში ”მტრადაც” მონათლონ. მას ნატოში ახალი წევრების ხილვა არ უნდა, შესაბამისად - არც საქართველოსი, რომელიც მსურველთა სიაში ისედაც ბოლოა. საქართველო, უკრაინასა და სხვა ქვეყნებთან ერთად, ნატოს გახლეჩის მიზეზი ხდება. ხმაური რიგაში ატყდება და ბრიუსელში გაგრძელდება. ეს იქნება ყველაზე ხანგრძლივი და, ალბათ, სკანდალური სანახაობა,” - წერს გაზეთი ”ალია”.

კიდევ ერთი თემა, რომელიც დღეს გამოსული ქართული გაზეთების ყურადღების ცენტრში მოექცა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მაია ნადირაძისა და მისი მეუღლის ბიზნესინტერესების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა-არშექმნის თემა გახლავთ. ”ოპოზიციამ ნადირაძის ოჯახს კბილი მოუსინჯა,” - წერს გაზეთი ”ახალი ვერსია”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG