Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს გაზეთების მთავარ თემად თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობები რჩება


ხუთშაბათს გამოსული ქართული გაზეთების ფურცლებზე მთავარ განსახილველ თემას რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობა წარმოადგენს.

პრესა მსჯელობს ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე და საგანგებო ყურადღებას უთმობს რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს ბაქოში. რამდენიმე პუბლიკაციას წარმოგიდგენთ.

”საქართველოსა და რუსეთის დიპლომატიური დაპირისპირება კრიტიკულ ფაზაში შედის. ”ცივი ომი”- ასე უწოდებენ აღნიშნულ დაპირისპირებას რუსულ პრესაში, სადაც ”რკინის ფარდის” როლი საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების გაცემის შეჩერებამ ითამაშა, - წერს გაზეთი “24 საათი”, - რუსეთმა დიპლომატიური ტაიმ-აუტი აიღო. რამდენად და ვისთვის უფრო ეფექტური იქნება ეს პაუზა, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული”. გაზეთი ქართველი ექსპერტების მოსაზრებას იშველიებს და მკითხველს განუმარტავს, რომ საქართველოსთვის ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა საერთაშორისო მხარდაჭერას აქვს - ”ამ მხარდაჭერამ კრიტიკულ ზღვარს უნდა მიაღწიოს, რომლის მერეც რუსეთი იძულებული იქნება, საკუთარი პოზიციები შეარბილოს.”

შეწყდა თუ არა რუსეთის ვიზების გაცემა 5-6 თვით? - შეკითხვას სვამს ”რეზონანსი”, თუმცა გაზეთში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში მკითხველი ამ კითხვაზე პასუხს ვერ იპოვის. სამაგიეროდ, შეიტყობს, რომ, თუკი ვითარება უახლოეს დღეებში არ გამოსწორდა, ქართველები გამოსავალს მაინც მოძებნიან და რუსეთში გადასვლას სომხეთიდან ეცდებიან.

“პუტინი გვსჯის, რუსეთში წასული ქართველები ოჯახს ფულს ვეღარ გამოუგზავნიან” - გაზეთი ”ალია” მოსკოვში ჩაფიქრებულ მორიგ სადამსჯელო ნაბიჯზე საუბრობს. ”უკვე ცნობილია ის მორიგი ნაბიჯი, რაც სადამსჯელო სიაში წერია და თავის რიგს ელოდება. მოსკოვში ამბობენ, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველები ყოველთვიურად რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს გზავნიან საქართველოში ახლობლების შესანახად; ჰოდა, თუ დაპირისპირება გაგრძელდება, მოსკოვს დაგეგმილი აქვს, ფულადი გზავნილები საქართველოს მიმართულებით აღარ გამოუშვას”. ”ალიას” ვარაუდით, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი კერძო ბანკებზეც მოახდენს ზეწოლას და, ამასთან, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთიდან გასატან ნაღდ ფულზე მკაცრ შეზღუდვას დააწესებს.

”აბა, ”რაგატკების” დრო დამთავრდაო?! ” - ესეც გაზეთ ”ალიაში” გამოქვეყნებული სტატიის სათაურია. ”რაგატკის” თემას მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში გამოსვლის დროს შეეხო. ”ალია” პრეზიდენტის წლიური ანგარიშიდან კიდევ ერთ ფრაგმენტს იხსენებს და მას ბოლოდროინდელ მოვლენასთან კავშირში განიხილავს: ”გახსოვთ, როგორ ბომბავდნენ საქართველოს. აბა, ახლა გაბედონ! გაბედავენ და კაი ჩიტსაც დაიჭერენ, მუშტს მიიღებენ ცხვირში! ამ განცხადებიდან ერთი კვირის შემდეგ, 21 თებერვალს: რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ”სუ-25” შემოფრინდა და უკან გაბრუნდა; იმავე დროს სენაკის სამხედრო აეროდრომზე წრე დაარტყა და თვალს მიეფარა რუსული ”მი-8”. ვის მოხვდა მუშტი ცხვირში? ან ვინ დაიჭირა ”კარგი ჩიტი?” - შეკითხვებს სვამს გაზეთი ”ალია” და დასძენს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ, წინამორბედის მსგავსად, ჩრდილოელ მეზობელთან საუბარი საპროტესტო ნოტებით დაიწყო. ”დღეს ქართულ თავდაცვას ”რაგატკებიანი” მინისტრი აღარ მართავს, მაგრამ მაინც.... ”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG