Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


დავით პაიჭაძე, თბილისი გასულ კვირაში მოხდა რამდენიმე მოვლენა, რომელიც იმსახურებდა საზოგადოებისა და პრესის ყურადღებას.

შეიძლება ითქვას, გაზეთებს ჩრდილში არ მოუქცევიათ ამ კვირის აქტუალური პრობლემები. პრესა წერდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენებაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლობის სირთულეებზე, წვდებოდა კონფლიქტებს, სოციალური დაცვის პროგრამებს, ტრეფიკინგს, დოლარზე მოთხოვნილების გაზრდას... ჩვენ შევეხებით ერთ საკითხს - სალარო აპარატებს, რომელთა შემოღება აღელვებს არა მხოლოდ წვრილ მოვაჭრეებს. გაზეთი ახალი თაობა წერდა, რომ საქართველოს ლეიბორისტული პარტია ხსენებული აპარატების შესახებ კანონის მიღებას მცირე და საშუალო ბიზნესზე ხელისუფლების ზემოქმედებად მიიჩნევს. იმავე ახალ თაობას მოჰყავს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის კომენტარი, რომ ასეთი აპარატების დამონტაჟება კონტრაბანდასთან ბრძოლად უფრო ეფექტიანს გახდის გახდის და ამიტომ ხელისუფლება არ აპირებს, შეცვალოს გადაწყვეტილება. ცხადია, ახალი თაობა არ არის ერთადერთი გაზეთი, რომელიც ამ საკითხზე წერდა. ”ალია”, მაგალითად, პირველივე გვერდიდან უმსხვილესი შრიფტით აუწყებდა მკითხველს, რომ საკასო აპარატების დადგმით ხელისუფლება 67%-ით გვიძვირებს ცხოვრებას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს 67% გაზეთის გამოანგარიშებულია და მას არ ახლავს ეკონომისტთა არგუმენტები. გაზეთი ვარაუდობს, რომ თუ პრეზიდენტი სააკაშვილი გაითვალისწინებს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მოსახლეობისთვის სალარო აპარატების დადგმას ბაზრობებზე, ის მოერიდება ხალხის უკმაყოფილებას და პოზიციას შეცვლის.

გაზეთი რეზონანსი კი არა პროგნოზის, არამედ უკვე გაძვირებული პროდუქტის შესახებ უამბობს მკითხველს. ყველა სასურსათო საქონელი 20-30 თეთრით გაძვირდა - წერს გაზეთი და თბილისის ბაზრობებსა თუ ბაზრებში მოძიებულ ინფორმაციას აქვეყნებს. ფასებმა მოიმატა არა მხოლოდ იმპორტულ საქონელზე, არამედ საქართველოში წარმოებულ პროდუქტზე, ყველაზე მეტად შაქარსა და არაყზე. იმპორტირებული საქონლიდან ყველაზე მეტად თურქული პროდუქცია გაძვირდა. ფასებს აყალიბებს ორი ძირითადი საბაზრო ძალა: მიწოდება და მოთხოვნა. მოთხოვნა დარჩა უცვლელი და სალარო აპარატების გამო მიწოდება შეიზღუდა. რეაქცია სრულიად ადეკვატრუია. თუ ბაზარზე აქამდე 500 გამყიდველი იყო, დარჩა 50 და შესაბამისად, ბაზარი არაკონკურენტუნარიანი გახდა - გაძვირების მიზეზი ასე აუხსნა ”რეზონანსს” ეკონომისტმა ნიკო ორველაშვილმა. რაც შეეხება პროდუქტის ფასის შემდგომ, უფრო მკვეთრ მატებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ასეთ პერსპექტივას უარყოფს. ”კანონის ძალაში შესვლა არ ნიშნავს, რომ საგადასახადო ინსპექტორი მოვაჭრეებს ჩაუსაფრდება და სადამსჯელო ღონისძიებებს მიმართავს. სალარო აპარატების გამოყენებით ფასები არ შეიძლება გაიზარდოს” - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

გადავხედოთ შაბათის, 4 მარტის რამდენიმე გაზეთსაც. ისევ ”ალია”, ამჯერად შიდაპოლიტიკური ვითარების აღწერითი ანალიზი. გაზეთი ასე მიმოიხილავს პარლამენტის წინ გასულ კვირაში გამართულ აქციებს (ციტატა): ”კანცელარია ირონიულად უყურებს რევოლუციაში გადავარდნილ ოპოზიციონერებს, ოპოზიციას კი სურს, დაამტკიცოს, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა, თუმცა, იმასაც ამჩნევს, რომ ქუჩაში გამოსული ხალხის რაოდენობა არაშთამბეჭდავია. ძალების მოკრებას ოპოზიცია რეგიონებში აპირებს. ირონიული ღიმილის მიუხედავად, კანცელარია მაინც ცდილობს ვითარების გაკონტროლებას. მთავრობა ვაჭრებთან გარიგებას ცდილობს და მათ არწმუნებს, რომ სამთვიან ვადას მისცემენ სიახლეების ასათვისებლად. ასე რომ, სალარო აპარატებმა, შესაძლოა, ავრორას” როლი ვერ ითამაშოს, ოპოზიცია მაინც სუსტია და ხალხს ხელისუფლების ჯერ ეშინია”.

ეს იყო ”ალია”. ახლა ჩავხედოთ ”24 საათს”, რომელიც ამ კვირაში ლარის კურსის სამომავლო დაცემას ვარაუდობდა. თუ მთავრობა შეცვლისა სავალუტო პოლიტიკას, ქვეყანაში სოციალური ფონი შეიძება კიდევ უფრო დამძიმდეს, მაგრამ ვალუტის კურსის ხელოვნურად დაჭერის დროს ეკონომიკა თავისუფლად ვერ სუნთქავს. საქართველოს დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეოპბას თუ გავითვალისწინებთ (იმპორტი სამჯერ აღემატება ექსპორტს) აუცილებელია, ეროვნული ვალუტის კურსი შესუსტდეს, რაც ქვეყნის საექსპორტო ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს. თუ მოვლენები ასე განვითარდა, ინფლაცია გარდაუვალია, რაც უკვე იძლევა პანიკის საფუძველს”. ინფლაციის დადებით და უარყოფით ფაქტორებზე ლაპარაკს ”24 საათი” მკითხველს სამომავლოდაც ჰპირდება.


XS
SM
MD
LG