Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა საქართველოში


როგორ უნდა გაიზარდოს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და რა მდგომარეობაა, ამ მხრივ, საქართველოში - ამ საკითხებზე 8 მარტს გამართულ კონფერენციაზე, ძირთადად,

ქალები მსჯელობდნენ. ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია, საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) ორგანიზებით, ოთხშაბათს ”თბილისი მერიოტში” გაიმართა. ქალთა პოლიტიკური გააქტიურების თემა მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფონზე კიდევ უფრო აქტუალური ხდება. საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, რომ ქალებს არჩევნებში მონაწილეობის რეალური ბიძგი მისცენ. როგორია ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში და არის თუ არა დეპუტატი ქალების ძირითადი ფუნქცია პარლამენტის დამშვენება?

სტატისტიკა მოწმობს, რომ იქ, სადაც მნიშვნელოვანი სახელმწიფო საკითხები წყდება, ქალების აქტიურობის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან დაბალია. მაგალითად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მათი წარმომადგენლობა მხოლოდ 1 პროცენტით განისაზღვრება, საკანონმდებლო ხელისუფლებაში - 9 პროცენტით, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველ ხელისუფლებაში - 11 პროცენტით.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ უკანასკნელი მაჩვენებლის გაზრდა ახლო მომავლის პერსპექტივაა, თუკი, რა თქმა უნდა, ქალები ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე უფრო მეტ აქტიურობას გამოიჩენენ. როგორც ირკვევა, ქალების წასახალისებლად საერთაშორისო ორგანიზაციებმა საგანგებო ფინანსებიც გამოყვეს და მათ განათლებაზეც ზრუნავენ. მაგალითად, წლევანდელ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს 10 ქალი, რომლებმაც ”ლიდერი ქალების” პროგრამა გაიარეს. ეს საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ს) პროგრამა გახლავთ. თუმცა, როგორც მარიელა ტეფტი ამბობს, საქართველოში ამერიკის ელჩის, ჯონ ტეფტის, მეუღლე - ეს საკმარისი არ არის:

(მარიელა ტეფტის ხმა) ”დარწმუნებული ვარ ყველა დამეთანხმება, რომ საქართველოში ჯერ ისევ ბევრია გასაკეთებელი პოლიტიკასა და ქვეყნის განვითარებაში ქალების უფრო აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად; იმისათვის, რომ ქალისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს შესაბამისი განათლება და სამუშაო ადგილი, ისევე როგორც - გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობა.”

ქალბატონი ტეფტი შეახსენებს ყველას, რომ ქალისა და მამაკაცის პოლიტიკური უფლებები აბსოლუტურად თანაბარია:

(მარიელა ტეფტის ხმა) ”ყოველ ქალს და ყოველ მამაკაცს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს თავისი სახელმწიფოს მართვაში. ეს უფლება დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია და იმდენად ფუნდამენტურია, რომ ეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლშიც არის ჩადებული. ქალისა და მამაკაცისთვის თანაბარი პოლიტიკური ძალაუფლების მინიჭება დემოკრატიული მთავრობის სწორი მუშაობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ის ამით უფრო წარმომადგენლობითი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე გახდება.”

ექსპერტებს იმედი აქვთ, რომ თუკი ქალების გაატიურების პროცესმა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კარგი შედეგები აჩვენა, მისი განვრცობა საკანონმდებლო ხელისუფლებაზეც იქნება შესაძლებელი. პარლამენტის სპიკერთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს წევრს, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წარმომადგენელს ქეთევან დადუნაშვილს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებელი, 9%-ი, არ აკმაყოფილებს:

(ქეთევან დადუნაშვილის ხმა) ”თუკი ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში
52% ქალი ცხოვრობს, 9% გადაწყვეტილების მიღებაში არის, რასაკვირველია,
ძალიან ცოტა. სლოვენიაში, მაგალითად, მიაღწიეს, რომ პარიტეტულ
საწყისზე 30%-ია კვოტა. მაგალითად, აფრიკის ქვეყანაში, რუანდაში,
საერთოდ ყამირი იყო; ქვეყანას, მე მგონი, საერთოდ არ ჰქონდა წყობა და იქ
შექმნეს დემოკრატიული წყობა და ლამის 50-50-ზეა. შვედეთში 45% ქალია
პარლამენტში. იცით რა, ძალიან კარგი იქნება, თუ შემდგომ პარლამენტში
20%-მდე მაინც ავა. არარეალურს ნუ მოვითხოვთ.” (სტილი დაცულია)

კვოტა, რომელიც ქეთევან დადუნაშვილმა ახსენა, ამჟამად მსჯელობის აქტუალურ საგანს წარმოადგენს. ბევრი მას ხელოვნურად და, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელადაც კი მიიჩნევს. თუმცა ბევრ ექსპერტს მაინც ჰგონია, რომ საქართველოში დამკვიდრებული მენტალიტეტისა და არაერთი ბარიერის გათვალისწინებით, ბევრ ნიჭიერ ქალს კვოტის დაწესების გარეშე პარლამენტში შეღწევა გაუჭირდება. გზები, რომლითაც ამჟამინდელი დეპუტატი ქალები პარლამენტში მოხვდნენ, ბუნებრივია, ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, ელენე თევდორაძე ყველაფერს შემთხვევითობას მიაწერს. ის გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისსა და ფილარმონიიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ ერთ შეხვედრას იხსენებს:

(ელენე თევდორაძის ხმა) ”იქ გამოდიოდნენ საკმაოდ ცნობილი სახეები. დარბაზში იჯდა ედუარდ შევარდნაძე, კიტოვანი, იოსელიანი, იგორ გიორგაძე და ასე შემდეგ... და მეც მომინდა ასვლა სცენაზე. მახსოვს, ნახევრად - ქართულად, ნახევრად - რუსულად გამოვედი და (იცინის) სულ თითი ვუქნიე ამ ხალხს და კიდევაც ვუთხარი: თუ არ შეგიძლიათ დაამყაროთ წესრიგი, წადით; მოვა სხვა ხალხი და მოუვლის ამ ქვეყანას... და ორი დღის შემდეგ, აი, მე დამირეკეს და მითხრეს, რომ მწვანეთა პარტიის ლიდერს ბატონ ზურაბ ჟვანიას უნდა თქვენთან შეხვედრა. როცა დავიწყეთ ლაპარაკი, პრაქტიკულად იმით დავიწყეთ, რომ - მე დავინახე თქვენში ის პიროვნება, რომელსაც შეუძლია ადამიანის უფლებების დაცვა და არ შეეშინდება არაფრის.” (სტილი დაცულია)

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ზოგიერთმა გამომსვლელმა პარლამენტარ ქალებს აქტიურობა დაუწუნა. ისიც ითქვა, რომ მათი ძირითადი ფუნქცია საკანონმდებლო ორგანოს გალამაზებაა:

(ელენე თევდორაძის ხმა) ”(იცინის) მე არ ვიცი, როგორ ვამშვენებ ამ პარლამენტს, მაგრამ მამაკაცებს ხშირად უწევთ ჩემთან მოსვლა, რომ მე მათ გავუწიო დახმარება.” (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG