Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა პროფკავშირული ორგანიზაცია დააფუძნეს


პროფკავშირული მოძრაობა საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. პრინციპით ”ძალა ერთობაშია” ამჯერად უკვე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან

და პროფკავშირულ ორგანიზაციას აყალიბებენ. ცნობილ მუსიკოსებს, მსახიობებს, რეჟისორებსა და მხატვრებს იმედი აქვთ, რომ ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირი მათ ინტერესებს დაიცავს. საუბარია იმ უამრავი პრობლემის აღმოფხვრაზე, რისთვისაც, ხელოვანთა თქმით, სახელმწიფომ ვერა და ვერ მოიცალა. პროფკავშირების კულტურის სასახლეში 9 მარტს, მართლაც, ამაღლებული განწყობა იყო.

პროფკავშირების კულტურის სასახლისკენ, სადაც ხუთშაბათს ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირი დაფუძნდა, ბევრი - კი არ მოდიოდა, არამედ - მორბოდა:

(ნანული სარაჯიშვილის ხმა) ”ეს აუცილებელი იყო, საერთოდ, ადრეც და რახან ახლა მოხდა ეს ამბავი, ძალიან გახარებული ვარ. მე, საერთოდ, ღონისძიებებზე არ დავდივარ, ეგეთ რაღაცეებზე, მაგრამ თავქუდმოგლეჯილი მოვვარდი.” (სტილი დაცულია)

მსახიობ ნანული სარაჯიშვილის მსგავსად, ოპტიმისტური და მხიარული იყო მომღერალ ეთერ კაკულიას განწყობაც:

(ეთერ კაკულიას ხმა) ”ზეაწეული განწყობილება გვაქვს. კარგი საზოგადოებაა შეკრებილი, იცით, ისეთი თვალებითა ვართ, რაღაც ანთებულით... იმიტომ რომ რაღაც იქმნება, იცით... ვფიქრობ, რომ დადებითი შედეგი მოჰყვება... ვაშა...”. (სტილი დაცულია)

200-ზე მეტი ცნობილი მუსიკოსი, მსახიობი, რეჟისორი და მხატვარი, რომლებიც პროფკავშირში დიდი ენთუზიაზმით გაერთიანდნენ, იმ უამრავ პრობლემაზე საუბრობდნენ, რომლებისთვისაც სახელმწიფომ ვერა და ვერ მოიცალა:

(ნინელი ჭანკვეტაძე) ”დაგროვდა ეს პრობლემები, ძალიან გვაწუხებს და დრო მოვიდა, რომ ისევ ჩვენ მივხედოთ ჩვენს თავს. როგორც მე ვხედავ და ამ წლებმა გვაჩვენა, ჩვენი პატრონი ჯერჯერობით არავინ არ არის... ისევ ჩვენ თუ არ დავდექით ერთად და რაღაცა საკითხები, რაც უკეთესად ვიცით, რადგანაც ეს ჩვენი პროფესიაა, ჩვენი საყვარელი საქმეა, და მოდით, ჩვენ თვითონვე გადავწყვიტოთ, ჩვენს ბედს ჩვენვე მოვუაროთ. მოდით, ამ შანსს ნუ გავუშვებთ ხელიდან.” (სტილი დაცულია)

მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძეს ყრილობის გაძღოლის პატივი ხვდა წილად. ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის ჩამოყალიბების იდეა კი რეჟისორ თენგიზ კოშკაძეს ეკუთვნის:

(თენგიზ კოშკაძის ხმა) ”პირადად მე, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა პირისპირ მარტო დავრჩენილიყავი სამართალთან თუ უსამართლობასთან (ხშირად ეს ცნებები ერთმანეთში ირევა). სულ პატარა მხარდაჭერა, სამართლიანი მხარდაჭერა ყოფილა საჭირო, მაგრამ ეს არავის გაუკეთებია, ვისაც ევალებოდა, იმასაც კი. ირღვევა ჩვენი კონსტიტუციური, სოციალური, სამართლებრივი, საავტორო უფლებები.” (სტილი დაცულია)

თენგიზ კოშკაძეს, ისევე როგორც ყრილობის ყველა სხვა მონაწილეს, სჯერა, რომ ”ძალა ერთობაშია” და რომ სამართალს პურის ჭამა მხოლოდ ერთად დგომის შემთხვევაში შეუძლია. რეჟისორი გიორგი შენგელაია ხელოვნების მუშაკებს ურჩევს, რომ მხოლოდ ვიწრო ინტერესების ნაჭუჭში არ მოექცნენ:

(გიორგი შენგელაიას ხმა) ”ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ საზოგადო პრობლემებს ჩვენ ვერ ავცდებით. თუ ეს პროფკავშირი ჩაიკეტა მხოლოდ თავის სახელოვნებო პრობლემებში, ეს იქნება მკვდარი ორგანიზაცია, დროსთან მიმართებაში. ჩვენი პროფესიონალური ინტერესები დავიცვათ და საზოგადოებრივი ინტერესები დავიცვათ. ჩვენზე კარგად ვინ გააკეთებს ამას. თუ საჭიროა, როგორც ის ბაზრის ხალხი, ჩვენც გამოვალთ ტრანსპარანტებით და გავივლით იქით-აქეთ.” (სტილი დაცულია)

ხელოვნების მუშაკებს იმავე რჩევას აძლევს საქრთველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე, რომლის ორგანიზაციაშიც გაერთიანდა ხელოვნების მუშაკთა ახლად დაარსებული პროფესიული კავშირი:

(ირაკლი პეტრიაშვილის ხმა) ”ერთმანეთს დავუჭიროთ, ხალხო, მხარი, ერთმანეთს დავუჭიროთ და დავდგეთ ერთად. ჩამოვაყალიბოთ საზოგადოება, ძლიერი საზოგადოება. მთავარია, თქვენ გაითავისოთ, რომ დღეს თუ მასწავლებელს პრობლემა აქვს, ხვალ ეს თქვენც აუცილებლად გექნებათ და დავდგეთ იმ მასწავლებელთან. თუ, დავუშვათ, მეტალურგს პრობლემა აქვს, მეტალურგის პრობლემაც თქვენს პრობლემად აქციოთ, რადგანაც ჩვენ ვართ დღეს საზოგადოების დასაქმებული ფენა. ჩვენ ვართ ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილები და უნდა ვიცოდეთ, რომ ერთმანეთთან ხელიხელჩაკიდებულებმა უნდა მივაღწიოთ სასურველს.” (სტილი დაცულია)

ყრილობამ წესდება და პროგრამა დაამტკიცა და, რა თქმა უნდა, ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტიც აირჩია. ეს დავით ოქიტაშვილი გახლავთ:

(ისმის ტაში და თენგიზ კოშკაძის ხმა) ”მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენმა საინიციატივო ჯგუფმა მიიღო დიდი ძიების, ფიქრისა და კონსულტაციების შედეგად. მიგვაჩნია იგი უაღრესად ენერგიულ ახალგაზრდად. ბატონი დავითი არის კომუნიკაბელური, არაამბიციური, ადვილად ამყარებს კავშირს ყველა კატეგორიის ადამიანთან, არის ძალიან გაწონასწორებული, დიპლომატიური ნიჭით დაჯილდოებული.” (სტილი დაცულია)

თენგიზ კოშკაძის მსგავსად, დავით ოქიტაშვილისთვის ქება-დიდება კიდევ სხვა ბევრმა ხელოვანმა გაიმეტა. კულტურის სამინისტროს ღონისძიებათა სამმართველოს უფროსი დავით ოქიტაშვილი აქტიურობის პირობას დებს:

(დავით ოქიტაშვილის ხმა) ”იგივე - ყოფითი საკითხები, იგივე - მათი ჯანმრთელობის საკითხები, სხვა საკითხები... ეს პროფკავშირები ვალდებულია, ვალდებულია ნამდვილად, რომ ამ ადამიანებს გვერდში დაუდგეს. მე ყოველთვის ვიძახი და ეხლაც შემიძლია გავიმეორო, რომ იმდენი მარგალიტი ჰყავს ამ პატარა ქვეყანას, ამდენი ცნობილი ხელოვანი ადამიანებით, რომ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა იამაყებს ამით. ამ ადამიანებს უნდათ ერთად შეკრება და ერთად ყოფნა.” (სტილი დაცულია)

პროფკავშირის პრეზიდენტმა ახლად მინიჭებული ძალაუფლება ხუთშაბათს უკვე გამოიყენა და ყრილობის მონაწილეებს კულტურის მინისტრის წერილი მაინც გააცნო. საქმე ის გახლავთ, რომ შეხვედრის დასაწყისში დარბაზმა გიორგი შენგელაიას პროტესტი გაიზიარა და გიორგი გაბაშვილის მიერ მოწერილი თანადგომით აღსავსე სიტყვების მოსმენა არ ისურვა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG