Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იყენებს თუ არა მოსკოვი კოსოვოს სტატუსის საკითხს საქართველოს წინააღმდეგ


სერბიის დელეგაციას მოსკოვში ვიზიტმა შვება მოჰგვარა და კმაყოფილების გრძნობით აღავსო. ამის შესახებ განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა,

კოსოვოსა და მეტოხიის საკითხებში სერბიის მთავრობის საკოორდინაციო ცენტრის თავმჯდომარემ ქალბატონმა სანდა დრაშკოვიჩ-ივიჩმა. მან თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სერბიის პოზიციას იზიარებს და კოსოვოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭებას არ უჭერს მხარს. სერბეთის დელეგაციის სხვა წარმომადგენლებს პარასკევს მოსკოვში ”რია ნოვოსტის” პრესცენტრი მასპინძლობდა. ვიდეოხიდის საშუალებით პრესკონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ თბილისელ ჟურნალისტებსაც, რომლებიც ”ახალი ამბები - საქართველოს” ოფისში იყვნენ შეკრებილნი. კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხი საქართველოში საგანგებო ინტერესის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესაძლო დამოუკიდებლობის კონტექსტში მოიხსენია. როგორ იყენებს მოსკოვი კოსოვოს თემას და როგორ იყენებს პრეზიდენტი პუტინი ”ორმაგ სტანდარტებს”?

შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა ბოლო დროს არაერთხელ განუმარტეს ბელგრადს, რომ კოსოვოს სტატუსის საკითხზე დაწყებული მოლაპარაკების მოსალოდნელი და სასურველი შედეგი კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება იქნება. ბელგრადს კი იმის წარმოდგენაც არ სურს, რომ სერბიის პროვინციას, კოსოვოს, შესაძლოა, დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი მიენიჭოს. სამაგიეროდ, საკითხის სწორედ ასე გადაწყვეტა სურთ ალბანელებს, რომლებიც კოსოვოს მოსახლეობის 90 პროცენტს წარმოადგენენ. საკმაოდ უსიამოვნო მდგომარეობაში აღმოჩენილი ბელგრადი მოსკოვის მხარდაჭერის განმტკიცებას ცდილობს. რუსეთი ოფიციალურად, მართლაც, ითვლება სერბიის პოლიტიკურ მოკავშირედ, მაგრამ არსებობს თუ არა მხარდაჭერის გარანტია?

(სანდა დრაშკოვიჩ-ივიჩის ხმა) ”ცხადია, გარანტიის მოცემა არავის შეუძლია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდება აწი. მაგრამ ის, რაც აქ მოვისმინეთ, შვების მომგვრელი და სასიამოვნო იყო ჩვენთვის.”

ეს სანდა დრაშკოვიჩ-ივიჩი გახლავთ, კოსოვოსა და მეტოხიის საკითხებში სერბიის მთავრობის საკოორდინაციო ცენტრის თავმჯდომარე. სერბიის დელეგაცია პრეზიდენტ პუტინს მოსკოვში ხუთშაბათს შეხვდა და სერბთა კმაყოფილების გრძნობაც სწორედ ამის შემდეგ განმტკიცდა:

(სანდა დრაშკოვიჩ-ივიჩის ხმა) ”ბატონი პუტინი უნივერსალურ პრინციპს ემხრობა. მან არაერთხელ განაცხადა და სერბიის მხარეც ადასტურებს, რომ კოსოვოს საკითხი, შესაძლოა, ფეთქებადსაშიში აღმოჩნდეს სხვა ქვეყნებისთვის. საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი არსებითი პრინციპია მთელი მსოფლიოსთვის.”

სერბები კოსოვოს საკითხს ჩეჩნეთის სიბრტყეზე განიხილავენ. თუმცა ვლადიმირ პუტინს, როცა ის ”უნივერსალურ პრინციპზე” საუბრობს, ძირითადად, საქართველოს გაყინული კონფლიქტები ახსენდება. მის მიერ 31 იანვარს გაკეთებული განცხადება ამის ნათელი დასტურია:

(ვლადიმირ პუტინის ხმა) ”თუკი ვიღაც ფიქრობს, რომ კოსოვოსთვის სრულფასოვანი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მინიჭება შესაძლებელია, მაშინ რატომ უნდა ვუთხრათ იმავეზე უარი აფხაზებს ანდა სამხრეთელ ოსებს? მე ახლა არაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს რუსეთი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ, მაგალითად, თურქეთმა აღიარა ჩრდილოეთ კვიპროსის დამოუკიდებლობა. მე ამით იმის თქმა არ მსურს, რომ რუსეთი ახლავე, დაუყოვნებლივ, აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, მაგრამ საერთაშორისო ცხოვრებაში ასეთი პრეცედენტები არსებობს.”

პუტინის ამ სიტყვებმა თბილისის დიდი გაღიზიანება და აღშფოთება გამოიწვია. რუსეთის პრეზიდენტის მუქარანარევ გამონათქვამთან დაკავშირებით საგანგებო პროტესტი გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2 თებერვალს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე. უნდა ითქვას, რომ პუტინის განცხადება, რომელმაც ასეთი მწვავე რეაქცია გამოიწვია, პირველი არ იყო. საქართველოს გაყინულ კონფლიქტებსა და კოსოვოს საკითხს შორის პარალელი მან გასული წლის დეკემბერშიც გაავლო:

(ვლადიმირ პუტინის ხმა) ”ჩვენ გამოვდივართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თეზისიდან. მაგრამ გვგონია, რომ ისეთი მწვავე პრობლემები, როგორიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები გახლავთ, მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებების საფუძველზე უნდა დაიძლიოს. გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა იმ ხალხის ინტერესები, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. მოდით, ნუ დაგვავიწყდება და ნუ გავაკეთებთ ისე, თითქოს ვერ ვხედავთ, თუ როგორი პროცესები მიმდინარეობს დღეს მსოფლიოსა და ევროპაში. აი, დაიშალა თუ არა იუგოსლავია? დაიშალა და მთელმა მსოფლიომ აღიარა კიდეც ახალი დამოუკიდებელი ქვეყნები. სულ ამბობდნენ, რომ კოსოვო ვერასოდეს გახდებოდა დამოუკიდებელი, მაგრამ რა ხდება პრაქტიკაში?! მიმდინარეობს კოსოვოს გამოყოფის პროცესი და ყველა ისე იქცევა, თითქოს ვერაფერს ხედავს და არაფერი ესმის.”

ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კოსოვოს მოდელს რუსეთი საქართველოზე ზეწოლის საკმაოდ ძლიერ იარაღად იყენებს. თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. მაგალითად, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს მიაჩნია, რომ ვლადიმირ პუტინს 31 იანვრის ცნობილი განცხადება საქართველოს გასაგონად არ გაუკეთებია:

(რამაზ საყვარელიძის ხმა) ”პუტინს, ნუ - რუსეთს, აქვს პრობლემა, რომ მან შეიძლება დაკარგოს კონტროლი ბალკანურ სივრცეზე, თუკი კოსოვოს მოდელი გატარდა. ამ კონტექსტში იყო კიდეც ნათქვამი, ჩემი აზრით, რომ თუკი კოსოვო მიიღებს დამოუკიდებლობას, მაშინ მე დამოუკიდებლობას ვაღიარებ უკვე იმ ქვეყნებისას, რომლებიც დასავლეთს არ უნდა, რომ იყოს პრეცედენტი მათი დამოუკიდებლობის. პუტინმა ძალიან კარგად იცის, რომ მსოფლიოს არ აწყობს ის, რომ კოსოვოს მოდელი გავრცელდეს მთელ მსოფლიოზე. ამიტომ პუტინი იმუქრება - მიიღებთ კოსოვოს მოდელს? მაშინ მე დავიწყებ მის გავრცელებას. სად შეუძლია გავრცელება? პოსტსაბჭოთა სივრცეში, რა თქმა უნდა.” (სტილი დაცულია)

კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებით მსოფლიო მსჯელობას განაგრძობს. ჯერჯერობით უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა ის რუსეთის პოზიციას.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG