Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება ეროვნული უშიშროების საბჭოში


იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კონსტანტინე კემულარია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა.

საკადრო ცვლილება სამიოდე თვის წინ - 2005 წლის 22 დეკემბერს განხორციელდა, თუმცა 2006 წლის 27 თებერვლიდან კემულარია ახალ სამსახურში აღარ გამოჩენილა. ოფიციალური ინფორმაციით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დაკისრებულ მოვალეობას ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ ასრულებს, თუმცა პოლიტიკოსთა ნაწილი კონსტანტინე კემულარიას გაუჩინარებას სულ სხვა მიზეზით ხსნის. რა ხდება ეროვნული უშიშროების საბჭოში?

ცნობა კონსტანტინე კემულარიას ავადმყოფობის შესახებ 27 თებერვალს გავრცელდა. უშიშროების საბჭოს მდივანი კარდიოლოგიურ კლინიკა „გულში“ სტენოკარდიული შეტევის ნიშნებით მოათავსეს. მკურნალმა ექიმებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ პაციენტი კლინიკაში ერთ კვირას დაყოფდა, თუმცა კონსტანტინე კემულარია სახელმწიფო კანცელარიის შენობაში ორი კვირის შემდეგაც არ გამოჩენილა.

[ქალბატონის ხმა] „ბატონი კონსტანტინე არ არის სამსახურში! დარეკეთ მისაღებში შემდეგ ნომერზე...“

მე, ბუნებრივია, მითითებულ ნომერზეც დავრეკე, თუმცა მისაღებში მხოლოდ ის მითხრეს, რომ კემულარიას დროებით პაატა ბოლაშვილი ცვლის. მოუცლელობის გამო, ამ უკანასკნელთან დალაპარაკება ვერ მოხერხდა, თუმცა უშიშროების საბჭოს მდივნის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ფლობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო კალანდაძე.

[ნინო კალანდაძის ხმა] „მე რამდენადაც ვიცი, საკმაოდ კრიტიკულია ბატონ კონსტანტინეს ჯანმრთელობა... ის ამჟამად არ იმყოფება საქართველოში, სამკურნალოდ არის წასული საზღვარგარეთ. სამწუხაროდ, მე ვერ მოვახერხე მისი მონახულება, მაგარამ, მიუხედავად ამისა, დარწშუნებული ვარ, რომ სხვა რამ ეჭვის საფუძველი არ არსებობს. ვისურვებდი, რომ ის უკეთ იყოს.“

ეჭვი, რომლის შესახებაც დეპუტატი ლაპარაკობს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს. „დემოკრატიული ფრონტის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ავადმყოფობასა და გაუჩინარებას მოსალოდნელი საკადრო ცვლილებით ხსნის:

[კახა კუკავას ხმა] „ცხადზე ცხადია ის, რომ კემულარია არ არის ამ მმართველი გუნდის წევრი და რომ ის გამზადებული ჰყავთ გასაშვებად. ამას შეუიარაღებელი თვალითაც ამჩნევს ამომრჩეველი. უშიშროების საბჭოს მდივანმა უნდა განახორციელოს კონტროლი ძალოვან სტრუქტურებზე. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ კემულარია, რომელიც ახორციელებს კონტროლს ოქრუაშვილსა და მერაბიშვილზე... ეს, უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია.“

„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, კონსტანტინე კემულარიამ მარტო შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები როდი უნდა აკონტროლოს. კანონის მეოთხე მუხლში ვკითხულობთ: საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
აკონტროლებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებებისა
და სხვა აქტების შესრულებას. ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამბობს, რომ კონსტანტინე კემულარიას სხვა თანამდებობაზე გადაყვანის საკითხი ამჟამად არ განიხილება - ყოველ შემთხვევაში, მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა სხვა ინფორმაციას არ ფლობს:

[დავით ბაქრაძის ხმა] „არა, ასეთი რამ ნამდვილად არ არის ცნობილი. ადამიანი არის შეუძლოდ, ცუდად და ამიტომ იმყოფება ბიულეტენზე. ყველაფერი ეს ბუნებრივია და დამატებით რაღაც პოლიტიკური ინტრიგების ძებნა ნამდვილად არ ღირს.“

ცხადია, პოლიტიკურ ინტრიგებში არ მონაწილეობენ ის ექიმები, რომლებმაც უშიშროების საბჭოს მდივანს ორი კვირის წინ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელი პროფესორი ანზორ მელია რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ კონსტანტინე კემულარიას სამსახურში სიარულის საშუალებას ჯანმრთელობა არ აძლევს. ექიმის თქმით, უშიშროების საბჭოს მდივანმა კლინიკაში ექვსი დღე დაყო:

[ანზორ მელიას ხმა] „თავის ფეხით გავიდა, წნევაც მოუწესრიგდა, მაგრამ დატვირთვა გაწერის დღესაც გავუკეთეთ და კიდევ ერთხელ გამოჩნდა იშემია. ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს არის გულსისხლძარღვთა პათოლოგია და მაგას უნდა სერიოზული მიხედვა, სანამ გულის კუნთი ჯანმრთელია, რომ არ განვითარდეს ინფარქტი.“

ასე რომ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მოქმედი მდივნის ჯანმრთელობა კარდიოლოგების, ხოლო პოლიტიკური კარიერა პრეზიდენტის ხელშია. კანონის თანახმად, საბჭოს მდივანი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ანგარიშვალდებული მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის წინაშეა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG