Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში საქართველოს პრეზიდენტი ფავორიტებს ირჩევს


მასობრივი ინფორმაციის საშუალებების და, დიდწილად, დემოკრატიული საზოგადოების წარმატებულობა ერთ აქსიომატურ ჭეშმარიტებას ეფუძნება: ობიექტური

ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ სამთავრობო ცენზურისაგან თავისუფლების შემთხვევაშია შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება მასმედიის კონტროლისა და დაქვემდებარების სურვილს საჯაროდ არ აღიარებს, ფაქტები ხშირ შემთხვევაში სხვას მეტყველებს. ავიღოთ თუნდაც საქართველოს პრეზიდენტის 16 მარტს გამართული პრესკონფერენცია, რომელზეც მხოლოდ 4 ჟურნალისტი მიიწვიეს.


საქართველოს პრეზიდენტის 16 მარტს გამართულ პრესკონფერენციას მხოლოდ ტელეკომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს ტელეკომპანიებია: „რუსთავი–2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და „მზე“. საერთოდ, ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლების მმართველობის პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა საქართველოს მასმედიაში არსებული ძველი ტენდენცია, რომელიც ტელევიზიების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებით გამოიხატებოდა.მაშინ, როცა საზოგადოების უდიდეს ნაწილს გაზეთების სისტემატურად კითხვის მატერიალური საშუალება არა აქვს, ტელევიზიები ქვეყნის რიგით მოქალაქემდე ხელისუფლების ძირითადი მესიჯების მიტანის მთავარ საშუალებებად რჩება. თუმცა აქ მხოლოდ ხელისუფლებისა და საზოგადოების კომუნიკაციის ტექნიკური ფორმა როდია საყურადღებო. საქართველოს პრეზიდენტი ფავორიტებს მასმედიაში ერთი მთავარი მიზნით ირჩევს – არ დაუსვან მწვავე შეკითხვები.შეიძლება თამამად ითქვას, რომ ვინაიდან პრესსამსახური პრეზიდენტის პრესკონფერენციებს თითქმის ყოველთვის საინფორმაციო საშუალებების სელექციის პრინციპით გეგმავს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გაბედული და კრიტიკული კითხვით, მართლაც, არც ერთ ქართველ ჟურნალისტს არ ჩაუყენებია უხერხულ მდგომარეობაში.

[ლელა გაბეჩავას ხმა]“ შეკითხვები მიდის უკვე გაფილტრული, პრეზიდენტმა უკვე იცის წინასწარ, ჩემი აზრით, რა შეკითხვას დაუსვამენ. ანუ ეს არის მართვადი ტელევიზიები. შეიძლება რომელიმეს ამ ტელევიზიებიდან ეწყინოს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს ასეა.“

რადიო „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი ლელა გაბეჩავა საქართველოში მოქმედი მრავალფეროვანი ჟურნალისტური კორპუსის ერთ–ერთი ისეთი წარმომადგენელია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მომხმარებლურად დახარისხებას სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის სერიოზულ მუხრუჭად მიიჩნევს. დღეს აქტიურ ჟურნალისტთა დიდ ნაწილს ახსოვს, რომ გახსნილობის და თავისუფლების, მით უფრო, შეკითხვის დასმის პრობლემა ვარდების რევოლუციამდელ ხელისუფლებაში არ არსებობდა. როგორც საქართველოს მაშინდელი მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის, პრესმდივანი 1993–95 წლებში რამაზ საყვარელიძე შენიშნავს, დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა ჟურნალისტისა თუ გამომცემლობის შერჩევითობით შეურაცხყოფილ მედიასაშუალებას საჩივრის უფლებას აძლევს. ამგვარი საკანონმდებლო რეგულაცია საქართველოში არ არსებობს:

[რამაზ საყვარელიძის ხმა]“ ეს, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებისთვისაა წამგებიანი და იმითაა გამოწვეული ამ ნორმების შემოღება, რომ დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ასეთი უპირატესობა. როდესაც ხელისუფლება პრიორიტეტს ანიჭებს მედიაში ვიღაცას, მაშინ დანარჩენი ნაწილი მედიისა პრიორიტეტს ანიჭებს სხვა პოლიტიკურ ძალებს, ანუ ხდება ოპოზიციური.“

ტენდენცია, რომელზეც რამაზ საყვარელიძე მიუთითებს, გაცილებით ძლიერია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც, საქართველოსთან შედარებით, ნაკლები პრეტენზიები აქვთ დემოკრატიულობაზე.

[ჰრაირ თამრიზიანის ხმა]“ პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სხვა ლიდერები - მაგალითად, ვლადიმირ პუტინი, მიხეილ სააკაშვილი და სხვები - პრესასთან ურთიერთობაში აქცენტს თავიანთ ჟურნალისტებზე აკეთებენ. ისინი ინტერვიუს, ძირითადად, მათ აძლევენ. ესენი საზოგადოებრივი ტელევიზიისა და ზოგიერთი კერძო კომპანიის ჟურნალისტები არიან. ოპოზიციურ და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს პრესკონფერენციებზე, ძირითადად, არ იწვევენ ხოლმე. შესაბამისად, მათ პრეზიდენტისთვის კითხვის დასმის საშუალება არა აქვთ.”

ეს რადიო „თავისუფლების“ სომხური რედაქციის დირექტორი ჰრაირ თამრიზიანი იყო. უკრაინაში არსებულ ვითარებას კი ასევე ჩვენი კოლეგა, რადიო „თავისუფლების“ უკრაინული სამსახურის კიევის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გალია ტროხოროვა, განმარტავს:

[გალია ტროხოროვას ხმა]“ უკრაინის პრეზიდენტის ბრიფინგებზე ჟურნალისტების მიწვევა ვითარების შესაბამისად ხდება. მაგრამ ჟურნალისტების გადარჩევისა და საგანგებოდ შერჩევის ტენდენციები ჯერჯერობით არ არსებობს.“

საქართველოს პრეზიდენტის ჟურნალისტების ვიწრო წრესთან შეხვედრის შემთხვევები სულ უფრო ინტენსიურ სახეს ღებულობს. რაც შეეხება 16 მარტს გამართულ პრესკონფერენციას, როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში განგვიმარტეს, მასში მონაწილე 4 ტელევიზია თავად პრეზიდენტმა შეარჩია.
XS
SM
MD
LG