Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოელიან გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციებისგან


30 მარტს თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო. სალარო აპარატების პრობლემა, საპენსიო რეფორმა, ანაბრების კომპენსაცია, ადამიანის უფლებების დაცვა და შინაგან

საქმეთა მინისტრისა და პრემიერ- მინისტრის გადაყენება - ეს ის მოთხოვნებია, რომლის გამოც დაახლოებით 10 ათასი მოქალაქე საპროტესტო აქციებზე შეიკრიბა. რას მოელის ოპოზიცია და საზოგადოება ამ მიტინგებისგან და რა რეალური შედეგი მოაქვს მას?

[ისმის აქციის ხმა]

ორკვირიანი პაუზის შემდეგ ათასობით მოქალაქე პროტესტის გამოსახატად კვლავ შეიკრიბა საქართველოს პარლამენტის წინ. თავდაპირველად სალარო აპარატების სავალდებულო მოხმარების გადავადების მოთხოვნით დაწყებული მიტინგები ახლა უფრო სოციალური და პოლიტიკური ხასიათის საპროტესტო მოძრაობაში გადაიზარდა. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტის გამოძიების ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა, ორთაჭალის ციხეში მომხდარმა მოვლენებმა, ბიზნესმენების მიერ გამოთქმულმა პროტესტმა და ამ პრობლემების მიმართ ხელისუფლების მწვავე რეაქციამ განსაკუთრებული ფონი შეუქმნა გაერთიანებული ოპოზიციის 30 მარტისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციას.

[აქციის მონაწილეების ხმა] ”მე პროტესტს გამოვთქვამ აკადემიის სისტემასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ხელისუფლება არ შეცვლის აზრს... ვნახოთ, თუ მოიმატებს ხალხის რაოდენობა. ვნახოთ, რა მოჰყვება ამას მერე...”

”თუ თავიდან საპროტესტო აქციამ თავისი ქნა და პრეზიდენტი მოიყვანა ახალი, რატომ არ შეიძლება ახლა? ან პრეზიდენტი უნდა გამოფხიზლდეს და მიხედოს ხალხს. თუ ქვეყანას არ მიხედავს, მოვა წყალი და წალეკავს ყველას...”

აქციის ამ მონაწილეებსაც და სხვებსაც იმედი არა აქვთ, რომ ხელისუფლება ყურად იღებს საპროტესტო მიტინგის მოთხოვნებს. ამასვე ფიქრობენ აქციის ორგანიზატორებიც, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები. მე ერთ-ერთ მათგანს, ზვიად ძიძიგურს, აქციის დაწყებამდე გავესაუბრე და ვკითხე, თუ რას მოელის ამ აქციისგან.

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს ხალხი გავუშვათ უკან და დავიბაროთ შემდეგ მიტინგზე. დავიბაროთ - ესე არა. ჩვენ დავიწყებთ მათთან მუშაობას, შევქმნით სპეციალურ ორგანოს და გვექნება მუდმივი, პერმანენტული მუშაობა.”

ხელისუფლება კი ოპოზიციის გაერთიანებასა და მის მიერ გაშლილ საპროტესტო მოძრაობაზე ძველებურად რეაგირებს - მას შანტაჟის მცდელობას უწოდებს და კატეგორიულ უარს აცხადებს მომიტინგეთა რომელიმე მოთხოვნა დააკმაყოფილოს. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას, კომენტარი:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”აბსოლუტურად ერთმანეთისთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები უარს ამბობენ პოლიტიკურ პრინციპებზე, რათა ხელისუფლებას შეებრძოლონ. არ შეძლება ჯონდი ბაღათურიასა და შალვა ნათელაშვილთან რაიმე საერთო გქონდეს, თუკი თავმოყვარე პოლიტიკური პარტია ხარ, იგორ გიორგაძეზე აღარაფერს ვამბობ. მაგრამ ეს ყველაფერი გვერდზეა გადადებული ხოლმე და ლაპარაკია რაღაც ერთიანობაზე. რის გარშემოა ეს ერთიანობა, აი ეს უნდა გაირკვეს.”

ბოკერიას ამ რიტორიკულ კითხვას ოპოზიციის ლიდერებმა კონკრეტული მოთხოვნებით უპასუხეს 30 მარტს გამართულ მიტინგზე. ზვიად ძიძიგურმა მთავრობის გადადგომა მოითხოვ, ხოლო კოკო გამსახურდიამ - ვადამდელი არჩევნების ჩატარება.

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”მოვითხოვთ მთავრობის და პრემიერმინისტრის გადადგომას!”
[კოკო გამსახურდიას ხმა] ”დღეიდან მოვითხოვ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.”

გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციის დასასრულს გადაწყდა, რომ საპროტესტო მოძრაობაში 26 მაისამდე 2 თვიანი შესვენება გამოცხადდეს და ეს დრო ოპოზიციური მოძრაობის სტრუქტურების ჩამოყალიბებასა და ხელისუფლებასთან დიალოგის მცდელობას მოხმარდეს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG