Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბლიოთეკაში დღეს ორ ახალ წიგნზე მოგითხრობთ. წიგნები ახალია, ტექსტები ქართულ


დავით პაიჭაძე, თბილისი ბიბლიოთეკაში დღეს ორ ახალ წიგნზე მოგითხრობთ. წიგნები ახალია, ტექსტები ქართულ ენაზე - ასევე ახალი. თუმცა, მკითხველს შეეძლო ისინი ადრეც წაეკითხა - ხვდებით,

რომ ამჯერად თარგმნილ ლიტერატურაზე ვილაპარაკებთ. გამომცემლობა დიოგენემ გასულ კვირაში ორი წიგნი წარადგინა - ალმანახ ”ახალი თარგმანების” მე-6 ნომერი და ჯერომ სელინჯერის რომანი ”კლდის პირზე, ჭვავის ყანაში”. თუ ”ახალ თარგმანებში” დღემდე უთარგმნელი ტექსტებია დაბეჭდილი, სელინჯერის რომანს საშუალო და ძველი თაობის ქართველი მკითხველები კარგად იცნობენ - გასული საუკუნის 60-ან წლებში ის ვახტანგ ჭელიძემ თარგმნა და გამოსცა სახელწოდებით ”თამაში ჭვავის ყანაში”. ”დიოგენეს” სელინჯერი ახალი თარგმანია. სხვათა შორის, რომანის ქართულად ხელახლა თარგმნა გამომცემლობას თვითონ ჯერომ სელინჯერმა მოსთხოვა. ალბათ იმისთვის, რომ 40 წლის წინანდელი ინგლისური ჟარგონი უფრო გასაგები და ახლობელი ყოფილიყო დღევანდელი მკითხველისათვის, ვიდრე რომანის თანამედროვე თარგმანი. დავით პაიჭაძე გესაუბრებათ ალმანახ ”ახალ თარგმანებზეც” და სელინჯერის რომანის ახალ თარგმანზეც.

ლიტერატურული ალმანახი ”ახალი თარგმანები” ბევრი ნაცნობი და არაერთი უცნობი მწერლის ტექსტებს აერთიანებს. აქ არის თანამედროვე მწერლობაც და ორასი წლის წინანდელიც. მაგალითად, ალექსანდრ პუშკინის პოეზია. თუმცა, საქართველოში ბევრს ვერ წარმოუდგენია, რომ პუშკინი ან რომელიმე სხვა რუსი ავტორი უნდა ითარგმნოს, რადგან საქართველო რჩება ქვეყნად, სადაც უპირატესად რუსულ ენაზე კითხულობენ რუსულად დაწერილ თუ უცხოური ენებიდან თარგმნილ ტექსტებს. მაგრამ ასე არ ფიქრობს ”ახალი თარგმანების” მთავარი რედაქტორი, პროზაიკოსი ბესო ხვედელიძე:

[ხვედელიძის ხმა] ”ის ახალგაზრდები, ვისაც ჩემთან ნათარგმნი მასალები მოჰქონდა, რუსულის გაგნებაში არ იყვნენ. თარგმნიდნენ ინგლისურიდან, გერმანულიდან, ესპანურიდან, ფრანგულიდან. რუსულად კითხვაც არ იცოდნენ. ანუ პუშკინსა და იმავე ახმატოვას ორიგინალში ვერ წაიკითხავენ. სხვა რა უნდა ქნას 25 წლის ადამიანმა, რომელსაც რუსული ”გამორჩა”? ეს თარგმანებიც მათთვის არის”.

პუშკინისა და ახმატოვას გარდა, ”ახალ თარგმანებში” სხვა რუსი ავტორებიც იბეჭდებიან: იოსიფ ბროდსკი, მარინა ცვეტაევა, სერგეი დოვლატოვი და ვლადიმირ ვისოცკი. რაც შეეხება ახალგაზრდა მთარგმნელებს, ბესო ხვედელიძე ლაპარაკობს ალმანახის პოლიტიკაზე მათი მიზიდვის მიზნით:

[ხვედელიძის ხმა] ”ბოლო სამ ნომერში, ნომრის ჩაგდებით, დავნერგეთ კონკურსები. ჩავატარეთ ორი ტიპის კონკურსი: ახალგაზრდა მთარგმნელთა და ერთი ლექსის თარგმნის კონკურსი. პირველი გულისხმობს, რომ 30 წლამდე მთარგმნელებს განსაზღვრულ ვადაში უნდა მოეტანათ თარგმნილი ტექსტები ორიგინალთან ერთად - პროზა, პოეზია, დრამატურგია, ესეისტიკა - ნებისმიერი ენიდან, სულერთია. სამს ვბეჭდავთ და ფულად პრემიასაც ვაძლევთ.”

ეს არ ნიშნავს, რომ ალმანახში უფრო ახალგაზრდა მთარგმნელთა გადმოქართულებული ტექსტები იბეჭდება. მთავარი რედაქტორის თქმით, ძირითადად გამოცდილ მთარგმნელთა ნამუშევრებს აქვეყნებენ. ესეც არ იყოს, პროფესიონალ მთარგმნელებს მასალები სხვაზე ხშირად მოაქვთ.

”ახალ თარგმანების” მე-6 ნომერში დაბეჭდილია ბევრი ისეთი ავტორი, რომელიც შეიძება წაკითხული არ გქონდეს, მაგრამ ნამდვილად გაგიგონია. არის ავტორები, რომლებიც მე პირადად პირველად ვნახე: ზაჰრა ჰათამი, ანდრე შედიდი, სტრატის მირივილისი. ბესო ხვედელიძე ამბობს, რომ ალმანახის კონცეფციაც ამას გულისხმობს: კარგისა და ცნობილის ნაზავს ახალთან და უცნობთან. ამასთან, ძველი და ცნობილ ავტორთა ტექსტებს ერთი პრინციპით არჩევენ:

[ხვედელიძის ხმა] ”უოლტ უიტმენი, მაგალითად, ნათარგმნია, მაგრამ აქ დაბეჭდილი პოემა აქამდე არ იყო თარგმნილი. შალვა ბაკურაძემ გარისკა და თარგმნა”.

ალმანახიდან მკითხველს უთუოდ ეცნაურება სხვა სახელებიც: თეოფილ გოტიე, შარლ ბოდლერი, რობერტ მუზილი, ემილ დიურკემი. ეს სახელი გვეუბნება, რომ ”ახალი თარგმანები” მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურას არ ეთმობა: ფილოსოფოსის, ფრანგული სოციოლოგიის ფუძემდებლის ესსე სოციალური შრომის დაყოფას ეძღვნება.

”ახალი თარგმანების” წონა ნომერი ცოტა წაურუსულებდა, მეუბნება ბესო ხვედელიძე, ამ ნომერში კი იბეჭდება თარგმანები ფრანგული და გერმანული, ბერძნული და ინგლისური, სპარსული და არაბული ენებიდან. ზოგი თარგმანი ივრიტიდანაც კი არის შესრულებული. მე ვთხოვ ბესო ხვედელიძეს, გამოჰყოს ახალი, ქართველი მკითხველისათვის დებიუტანტი ავტორის ტექსტი, რომელმაც, მთავარი რედაქტორის აზრით, გამორჩეულად შეინარჩუნა ორიგინალის მხატვრული ღირსებები. ბესო ხვედელიძე ასახელებს ჯეინ მარტინს, რომლის პიესებიც მანანა კვირკველიამ თარგმნა.

[ხვედელიძის ხმა] ”ეს არის ამერიკელი რეჟისორი, რომელიც წერს პიესებს და ამოფარებულია ქალის ფსევდონიმს. ახლახანს გაჟონა ამ ინფორმაციამ. წარმოიდგინე, აღმოაჩინო, რომ რობერტ სტურუა წერს პიესებს ქალის ფსევდონიმით და ლიტერატურულ პრემიებსაც იღებდეს. ამ კალიბრის რეჟისორია. გვარი არ მახსოვს, ჩემთვისაც უცნობი იყო”.

ახლა კი გამომცემლობა ”დიოგენეს” სხვა წიგნზე გადავიდეთ. ჯერომ სელინჯერის ”კლდის პირას, ჭვავის ყანაში” თარგმნა გია ჭუმბურიძემ. ვინც ქართულად თარგმნილ ლიტერატურას, ასე ვთქვათ, აგემოვნებს, მან კარგად იცის, ვინ არის გია ჭუმბურიძე. 80-ანი წლების მიწურულს გამოქვეყნდა მისი თარგმნილი ”მექანიკური ფორთოხალი”, რომელიც მეორედ გამოიცა ამ ორიოდე წლის წინათ. ენტონი ბერჯესის ამ რომანმა, შეიძლება ითქვას, ახალი, მანამდე უცნობი კალაპოტი გაუჭრა ქართულ სალიტერატურო ენას. თუმცა, თავად გია ჭუმბურიძე მთარგმნელის ღვაწლსა თუ ადგილზე საზოგადოებისთვის უჩვეულოდ ლაპარაკობს:

[ჭუმბურიძის ხმა] ”მიმაჩნია, რომ მთარგმნელი წიგნს არ უნდა ეწეროს, არ უნდა იცოდე, ვინ არის მთარგმნელი. კარგად მახსოვს 70-ან წლებში დიდი სჯა-ბაასი, უნდა ჰქონდეს თუ არა მთარგმნელს საკუთარი სტილი. მე თუ მკითხავ, ეს ოქსიმორონიც არ არის, უბრალოდ, იდიოტიზმია. რას ნიშნავს მთარგმნელის სტილი? რასაც თარგმნი, იმის მიხედვით უნდა ცვალო. შენ იქ საერთოდ არ უნდა ჩანდე”.

თუკი შეიძლება საბჭოთა პერიოდში გამოცემულ რომელიმე წიგნს მიუყენო ცოტა მოძველებული განსაზღვრება - ”საკულტო ტექსტი”, ეს ალბათ, ვახტანგ ჭელიძის თარგმნილი ჯერომ სელინჯერის რომანი გახლავთ. ”თამაში ჭვავის ყანაში” იმდენად პოპულარული იყო, რომ გამოცემიდან მალე რუსთაველის თეატრის სცენაზეც გადაიტანეს, თუმცაღა წარუმატებლად. რომანის ხელმეორედ მთარგმნელი, გია ჭუმბურიძე კრიტიკულად ეკიდება ტექსტსაც და მწერალსაც:

[ჭუმბურიძის ხმა] ”ჩვენთან ყოველთვის ძალიან გაბუქული იყო სელინჯერის ავტორიტეტი. სრულიად დარწმუნებული ვარ, ბევრს გული გაუტყდება, ამ წიგნს რომ წაიკითხავს. ძველგაზრდებს რატომღაც ახსოვთ, რომ ეს რაღაც რომანტიული იყო. რატომ გადაწყვიტეს ასე? მაშინ ჩაკეტილ სივრცეში ვცხოვრობდით. ახლა რომ ნახავენ, ერთი ინტროვერტი, ფსიქოპათიამდე მისული ტიპი წერს ასეთივე ნაწარმოებს. არაფერი ისეთი მანდ არ არის. ახალგაზრდებიდან კი დავით ზურაბიშვილის შვილმა თქვა ზედმიწევნით, ძალიან მომეწონა: ამ კაცს კოლეჯში მომავალი დრო არ ასწავლეს, სულ წარსულზე რომ წუწუნებსო? ზუსტად არის მორტყმული. მე თუ მკითხავ, ამ წიგნის ერთადერთი ღირსება მისი ცოცხალი და ბუნებრივი თარგმანია, ”საკითხავი წიგნია”, როგორც იქნა. დანარჩენი კი... მართალი გითხრათ, მაგის კლასიკოსობა ძალიან საეჭვოა ჩემთვის”.

სელინჯერის ტექსტი ამერიკული ლიტერატურისათვის ეპატაჟი იყო: გმირი, რომელიც გმირი არ არის და შეიძლება, მხოლოდ შეგეცოდოს - ამბობს გია ჭუმბურიძე.

[ჭუმბურიძის ხმა] ”ეგ იყო და ეგ. თამაში იყო მაგ ქვენა გრძნობაზე, რომ შეგაცოდოს თავი. შეიძლება წაიკითხო და თქვა, ამაზე გიჟდებოდა ხალხიო? მაგრამ ვინც დაიწყებს კითხვას, იმედი მაქვს, ბოლომდე მაინც წაიკითხავს. ეს იქნება იმის ხარჯზე, რომ კარგად ვთარგმნე. ცუდად თარგმნილს ახლა არავინ არ წაიკითხავს. რამდენჯერ ვცადე, ჩემი ბავშვებისთვის მიმეცა ვახტანგ ჭელიძის თარგმანი, ვერ წაიკითხეს ბავშვებმა. ამათ სხვა პრეტენზია აქვთ, რიტმის გრძნობა აქვთ განვითარებული და სმენა, როცა, შეიძლება ვერ თქვან, რატომ არ მოსწონთ, მაგრამ სიყალბეს იმწამსვე გრძნობენ და აღარ აინტერესებთ”.

საუბრისას გია ჭუმბურიძეს ვახსენებ ”მექანიკური ფორთოხალის” თარგმანს და ვთხოვ, თქვას, რა გამოადგა მაშინდელი გამოცდილებიდან სელინჯერის თარგმნისას:

[ჭუმბურიძის ხმა] ”მთავარი ნიყო წინადადების წყობა. არ შეიძლება იყოს გავრცობილი ფორმები, ზედსართავების სიმრავლე... რასაც კაზმულსიტყვაობა ჰქვია, უნდა ამოვარდნილიყო. მანამდე ასეთი მაგალითი არ გვქონდა და ეს მიმაჩნია თარგმანის მიღწევად. პრობლემა იყო 60-ანი წლების ინგლისური ჟარგონი, რომელიც ახლა ბევრს არავის ესმის. ამიტომ ამ მხრივ შეზღუდული არ ვყოფილვარ. ჩემთვის მთავარი მიზანი იყო, თანამედროვე ამერიკელი სტუდენტი როგორც წაიკითხავს ამ წიგნს, ერთი-ერთზე დამედო იგივე ქართულად, ანუ ემოციური ეფექტი ყოფილიყო იგივე”.

ქართული საზოგადოება, შესაძლოა, არ იყოს შეჩვეული ყალბი თავმდაბლობის გარეშე ლაპარაკს. მით უმეტეს, უცხოა ასეთი დამოკიდებულება ტექსტისადმი, რომელიც თავად თარგმნე. გია ჭუმბურიძე იმ რანგის მთარგმნელი და ლიტერატორია, რომ მოსმენილ მტკიცებებს შეგიძლიათ ბოლომდე ენდოთ. ენდოთ და იგრძნოთ, რამდენად თანამედროვეა ქართული ენა ჯერომ სელინჯერის 55 წლის წინ გამოცემულ რომანში.
XS
SM
MD
LG