Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა უმუშევრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხი?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო 10 წლის მანძილზე ჩატარებული არაერთი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების თანახმად, უმუშევრობა საქართველოში

არსებული პრობლემების ჩამონათვალში ლიდერის ადგილს ინარჩუნებს. მეტიც: თუ 5-6 წლის წინ პრობლემათა ჩამონათვალში პირველ ადგილზე, როგორც წესი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი იდგა, ბოლო წლებში, გამოკითხულთა აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა უმუშევრობაა. არის თუ არა უმუშევრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხი? - როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ კითხვას სააპელაციო სასამართლო 7 აპრილს უპასუხებს.

პასუხი კითხვაზე, არის თუ არა უმუშევრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხი, თითქოსდა, ნათელია: რა თქმა უნდა, არის. თუმცა, რაც უნდ უცნაურად ჟღერდეს, ამ კითხვაზე პასუხის მიღებას სასამართლო სისტემის ჩარევა დასჭირდა.

კერძოდ, 2005 წლის ივლისში სარეფერენდუმო-საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა თხოვნით, რეფერენდუმის ჩატარებისთვის რეგისტრაციაში გაეტარებინა ორი საკითხი: პირველი -თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს 61 დეპუტატით და, მეორე - თანახმა ხართ თუ არა, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გატარდეს საყოველთაო დასაქმება საარსებო მინიმუმზე არანაკლები ანაზღაურებით. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სარეფერენდუმო საკითხების რეგისტრაციაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხები არ არის. საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2005 წლის 16 აგვისტოს სასამართლომ დააკმაყოფილა საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა და ბათილად ცნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებები; ცენტრალურ საარჩევნო კომისიასვე დააკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სასამართლო გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად კი 14 დღიანი ვადა დააწესა.

კიდევ ერთი უცნაურობა ამ ისტორიაში: პროცესიდან 7 თვის თავზე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. 7 აპრილს გაირკვევა, მიიღებს თუ არა სასამართლო აპელაციას.

საინიციატივო ჯგუფის წევრის ალექსანდრე ფარჯანიძის განმარტებით, დასაქმების პრობლემასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება. და აი, რატომ:

[ალექსანდრე ფარჯანიძის ხმა] ”ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მოდის ხელისუფლების სათავეში, არ ასრულებს თავის დაპირებას. და მეორე საკითხი, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი - თვითონ ელექტორატს, რომელიც ირჩევს, ავიწყდება, გააკონტროლოს, მართლა ასრულებენ დაპირებას თუ არა.”

და მაინც - რა აუცილებელია რეფერენდუმის ჩატარება? მით უფრო, რომ არაერთ გამოკითხვას დაუდასტურებია, რომ უმუშევრობა - ეს, მართლაც, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. ალექსანდრე ფარჯანიძე ამბობს, რომ რეფერენდუმის შედეგი აუცილებელი შესასრულებელი იქნება ხელისუფლებისთვის.

[ალექსანდრე ფარჯანიძის ხმა] ”შედეგებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა. და სრულებით არ არის დამოკიდებული იმაზე, ვინ არის ქვეყნის სათავეში. რეფერენდუმის შედეგის შეცვლა შეუძლია მხოლოდ რეფერენდუმს და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ. ერთი წელი ვერავინ შეეხება.”

ასე რომ, არის თუ არა უმუშევრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხი, 7 აპრილს გაირკვევა.
XS
SM
MD
LG