Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესა კვლავ ქართული და მოლდავური ღვინის აკრძალვის საკითხზე წერს.


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთის პრესა კვლავ ქართული და მოლდავური ღვინის აკრძალვის საკითხზე წერს. ბოლო დღეებში აკრძალული პროდუქციის ჩამონათვალს მინერალური წყალი ”ბორჯომიც” შეემატა.

შეიცვალა რუსი ჟურნალისტების ტონიც: თუ ამ ორი კვირის წინ მათ არ აეჭვებდათ, რომ რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გადაწყვეტილების უკან პოლიტიკური მიზნები იყო საძებნი, ბოლო დღეებში გახშირდა ქართული ღვინის ფალსიფიკაციის დამადასტურებელი პუბლიკაციები. რუსეთის პრესის რამდენიმე სტატიას გაგაცნობთ.


14 აპრილის ინტერნეტგამოცემა ”სტრანა” იუწყება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი დიდად შეშფოთებული არ არის რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვის აკრძალვით. როგორც გამოცემას განუცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში რობერტ კრისტიანსენმა:


საქართველოს ეკონომიკას პრობლემები შეექმნება, მაგრამ არცთუ შესამჩნევი მაკროეკონომიკურ დონეზე. ამ ოპტიმისტური განცხადების მიუხედავად, ქართული ხელმძღვანელობა ზარალს ითვლის და ბიუჯეტის გასავალ ნაწილს ზრდის, საქართველოს დელეგაცია კი მოსკოვში ჩასასვლელად ემზადება, სადაც ყველა იმ სტრუქტურის ხელმძღვანელთან გეგმავს შეხვედრას, რომელსაც რაიმე წვლილი მიუძღვის ქართული ღვინის აკრძალვის გადაწყვეტილებაში.
საქართველოში ქართული ღვინის აკრძალვამ შოკი გამოიწვია. 60 მილიონი ბოთლი ღვინის გაყიდვას საქართველოსთვის წელიწადში 300 მილიონი დოლარის შემოსავალი მოჰქონდა. ამის მიუხედავად, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ”სტრანას” კორესპონდენტს განუცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქართული ღვინისთვის ახალი ბაზარი არ მოიძებნა, ექსპერტების გაანგარიშებით, ქვეყნის ეკონომიკის ზარალი შიდა საერთო პროდუქტის 0,7 პროცენტს არ აღემატება. ასეთ დასკვნას საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მონაცემების საფუძველზე აკეთებს - მაგალითად, 2006 წელს საქართველოს რუსეთში 110 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო უნდა გაეყიდა. თუ საუბარია 60 მილიონ ბოთლზე, გამოდის, რომ ერთი ბოთლის ფასი დოლარ-ნახევარია. ასეთი ფასი მხოლოდ ფალსიფიცირებულ ღვინოს შეიძლება ჰქონდეს, რადგან კარგი პროდუქტი გაცილებით მეტ მატერიალურ და ადამიანურ დანახარჯებს მოითხოვს.


ქართულ ღვინოსთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობს პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორის მოადგილე სერგეი მიხეევი, რომელთანაც ინტერვიუს ბეჭდავს ინტერნეტგამოცემა ”პოლიტკომი”. სერგეი მიხეევი დაუფარავად აცხადებს, რომ ეკონომიკის და პოლიტიკის განცალკევება გულუბრყვილობა იქნებოდა და რომ რუსეთის ტერიტორიაზე მოლდავური და ქართული ღვინის გაყიდვის აკრძალვის გადაწყვეტილების უკან პოლიტიკური მოტივები დგას. კერძოდ, მიხეევის განცხადებით:



ეკონომიკური პრეფერენცია შეიძლება მხოლოდ ორ შემთხვევაში არსებობდეს - როცა ეს ძალიან მომგებიანია რუსეთისთვის ან რუსეთის მიმართ არსებული ლოიალობის საფასურად. ამ შემთხვევაში, არც ერთი არ გახლავთ. პროდუქცია შეუცვლელი არ არის - უკვე დღეს რუსეთის ბაზარზე არსებობს ალტერნატიული იაფი ღვინო: პორტუგალიური, არგენტინული და ა.შ. მაშინ, როცა მოლდავეთს და საქართველოს სხვა ბაზარი, რუსეთის გარდა, არა აქვთ. რომ ჰქონდეთ, დიდი ხნის წინ აითვისებდნენ. მაგრამ საქმე ის არის, რომ მათი პროდუქცია საკმაოდ ძვირი და არასაკმარისად ხარისხიანია, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპელთა გემოვნებაზე - ევროპაში უპირატესობას მშრალ ღვინოს ანიჭებენ და არა ტკბილს ან ნახევრად ტკბილს. ასე რომ, მოლდავეთი და საქართველო რუსეთის გამძლეობას ცდიდნენ. შედეგიც მიიღეს.


კორესპონდენტის კითხვას, ღვინის ემბარგოს მოხსნის სანაცვლოდ რას მოითხოვს კრემლი, მიხეევი უპასუხებს, რომ ეს, შესაძლოა, იყოს სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე უარის თქმა ან ამბოხებული რეგიონების პრობლემის გადაწყვეტა. რუსი პოლიტოლოგის მტკიცებით, დრო ამჯერად რუსეთზე მუშაობს, საქართველო კი ყოველდღე ზარალს განიცდის.
XS
SM
MD
LG