Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური


საქართველოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური

ცხოვრების მთავარი მოვლენები გასული კვირაში კვლავაც მეზობელ რუსეთსა და ქართული ღვინის სკანდალს უკავშირდებოდა. მოვლენებმა, რომლებიც ვითარდებოდა როგორც უშუალოდ საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, პოლიტიკასა და ეკონომიკას შორის არსებული ზღვარი კიდევ უფრო შეუმჩნეველი გახადა. რით იყო საინტერესო გასული კვირა? - მე დღეს ზოგიერთი მთავარი მოვლენის თაობაზე გესაუბრებით.

თავდაპირველად იმ მოვლენის შესახებ, რომელმაც გასულ კვირაში ყველაზე დიდი ინტერესი, აზრთა სხვადასხვაობა და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საქართველოს დიდი მეზობელი - რუსეთი - 27 აპრილს სანკტ-პეტერბურგში პარლამენტის 100 წლის იუბილეს აღნიშნავდა. თავრიდის სასახლეში, სადაც თავის დროზე პირველი სამი პარლამენტი მუშაობდა, რუსეთის დუმის საიუბილეო სხდომა გაიმართა. დეპუტატებთან ერთად მას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია და დსთ-ს ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. უხვად იყო კეთილი და თბილი მისალოცი ფრაზები. თუმცა რუსეთის დუმის ბევრმა წარმომადგენელმა მილოცვად სულაც ვერ აღიქვა სიტყვები, რომლებიც მათ ტრიბუნიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან მოისმინეს. 27 აპრილს ნინო ბურჯანაძე ახალი კავკასიური პოლიტიკის აუცილებლობაზე, სეპარატიზმთან საქმით დამტკიცებულ ბრძოლაზე საუბრობდა, რუსეთს ორმაგ სტანდარტებზე უარის თქმას ურჩევდა და აღნიშნავდა იმასაც, რომ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გახდება კავკასიური პოლიტიკა გასაგები და წარმატებული თავად რუსეთისთვის. მწვავე კრიტიკა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ გატარებულ უსამართლო ეკონომიკურ პოლიტიკასაც შეეხო. საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ახსენა საჩუქარი, რომელზეც რუსეთმა უარი თქვა:

(ნინო ბურჯანაძის ხმა) ”ასეთი პოლიტიკა ჩვენი ინტერესების დაახლოებას არ გამოიწვევს. რასაკვირველია, სასურველი იყო, რომ დღევანდელ ზეიმზე თქვენთვის ბარაქიანი, ნამდვილი ქართული ღვინო ჩამოგვეტანა. მაგრამ ეს დღეს არ მოხერხდა... (ისმის ხმაური) არ მოხერხდა საკითხის პოლიტიკური შეფერილობის გამო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როცა ჩვენ ერთად აღვნიშნავთ საერთო, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ, დღესასწაულებს და - ძალის სიმართლე კი არა, სიმართლის ძალა იზეიმებს.”

ბურჯანაძის გამოსვლას დუმის დეპუტატთა ერთი ნაწილის მხრიდან ხმაური და მუშტების ბრახუნი მოჰყვა. თუმცა ზოგიერთის განწყობა არც მის გამოსვლამდე იყო მშვიდი და გაწონასწორებული:

(ვლადიმირ ჟირინოვსკის ხმა) ”უსინდისოები ხართ... 200 წელია გაჭმევთ და გარჩენთ, თქვენ კი თავხედურად გვიცხადებთ, რომ მონობაში გვყავდით. ამ განცხადების გამო თქვენი მინისტრი თბილისის ციხეში უნდა იჯდეს. განცხადება, რომ რუსებს ფეკალური მასაც შეიძლება მიჰყიდო - ეს არის დამოკიდებულება რუსეთთან?! თქვენი ფეკალიები თქვენვე მიირთვით.”

ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარისა და დუმის ვიცე-სპიკერის ვლადიმირ ჟირინოვსკის რისხვა ფეკალურ მასებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრისკენ იყო მიმართული. განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთის არაკონტროლირებად სამომხმარებლო ბაზარზე ფეკალური მასებიც კი გაიყიდება, ირაკლი ოქრუაშვილმა 20 აპრილს გააკეთა. ერთი კვირის თავზე კი, “რუსთავი 2-ის” ეთერით გამოსვლისას, მან განაწყენებულ რუს დეპუტატებს, ღვინის ნაცვლად, სულ სხვა სითხის დალევა ურჩია:

(ირაკლი ოქრუაშვილის ხმა) ”რაც შეეხება ქართული ღვინის აკრძალვას, მე კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა რუსეთის ხელისუფლებას იმისათვის, რაც მან გააკეთა. ჯერ ერთი, იმის გამო, რომ ამ დაბალი სამომხმარებლო ბაზრიდან ჩვენ წვალებით, მაგრამ ნელ-ნელა გადავალთ უფრო მაღალ სამომხმარებლო ბაზარზე - მხედველობაში მაქვს: დასავლეთ ევროპა, აღმოსავლეთ ევროპა და შეერთებული შტატები, თავისთავად. გაცილებით უფრო მეტად ხარისხიან ღვინოს გავაკეთებთ ამის მერე და უფრო მეტ შემოსავალს მივიღებთ ამით... და რუსეთში, თუ ძალიან გაბრაზდნენ ამ ჩემი განცხადების გამო, ქართული ღვინო რადგან აღარ უნდათ, დალიონ ცივი წყალი. რაც ასევე საკმაოდ უხარისხო მოდის მოსკოვში, შედარებით ქართულთან.” (სტილი დაცულია)

ვიდრე უფრო მეტს ვიტყოდეთ თავდაცვის მინისტრზე, ქართულ ღვინოსა და მათ კავშირზე, გავიხსენოთ, თუ როგორ აღიქვეს საქართველოში პარლამენტის სპიკერის სანკტ-პეტერბურგული გამოსვლა. საპარლამენტო უმრავლესობა აღფრთოვანებული დარჩა. მის განწყობას ყველაზე უკეთ გამოხატავს ტაში, რომელიც დეპუტატ ელენე თევდორაძის სიტყვებს მოჰყვა:

(ელენე თევდორაძის ხმა) ”ბრავო, ნინო.... ბრავო, ქალი... მადლობთ (ისმის ტაში).” (სტილი დაცულია)

თუმცა ნინო ბურჯანაძის გამოსვლას საქართველოში მხოლოდ ტაში არ მოჰყოლია. საზოგადოების ერთ ნაწილთან ერთად, აშკარად უკმაყოფილო დარჩა პოლიტიკური ოპოზიცია და ამას მემერჯვენე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის, სიტყვებიც ადასტურებს:

(ფიქრია ჩიხრაძის ხმა) ”მე მგონი, დღემდე რაც ხდება, ყველაფერი პრობლემის გამწვავებას ემსახურება და, საერთოდ, მე მგონია, რომ ჩვენს პოლიტიკაში, ჩვენს ხელისუფლებაში ჭარბობს ყოველთვის გულის ფხანის პოლიტიკა.”(სტილი დაცულია)

მაშინ, როცა პოლიტიკურმა ოპოზიციამ საყვედურები და გულისწყრომა საკმაოდ თავშეკავებულად გამოხატა, მოძრაობა ”ანტისოროსის” წარმომადგენლები ნინო ბურჯანაძეს აეროპორტში გვირგვინებისა და სამგლოვიარო მუსიკის თანხლებით დახვდნენ. მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური ლიდერი მაია ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ აქციაზე რამდენიმე ასეულმა აქტივისტმა მოიყარა თავი:

(მაია ნიკოლეიშვილის ხმა) ”ჩვენ, აი, ამ ფორმით გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას პარლამენტის თავმჯდომარისა და, შესაბამისად, თანამედროვე, დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის არასერიოზული, ბავშვური და უზრდელური პოლიტიკის გამო, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს ეს... და განსაკუთრებით - რუსეთის მიმართ.” (სტილი დაცულია)

ბიზნესმენები შიშობენ, რომ, ხელისუფალთა მხრიდან ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების გამო, ჩრდილოელ დიდ მეზობელთან ღვინის თემაზე ურთიერთობა კიდევ უფრო გაძნელდა. გასულ კვირაში საქართველოს ღვინის მწარმოებლები მთავრობის არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე ალაპარაკდნენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაც მოითხოვეს. შეხვედრის მიზანი ასე ჩამოაყალიბა ღვინის მწარმოებელთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ ლევან კობერიძემ:

(ლევან კობერიძის ხმა) ”ჩვენ, ბიზნესის წარმომადგენლებს, გვაინტერესებს საბოლოოდ გავარკვიოთ, პირველ რიგში, ხელისუფლებისა და მთავრობის პოზიცია - რჩება თუ არა პრიორიტეტად რუსეთის ბაზრის დაბრუნება. იმიტომ რომ, ჩვენთვის ეს პრიორიტეტი არ შეცვლილა და, სამწუხაროდ, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებით ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, გარკვეულწილად უკმაყოფილოები ვართ და გვაინტერესებს მოხდება თუ არა პოზიციის შეჯერება და მოვახერხებთ თუ არა ერთად სვლას ამ პრობლემის გადაწყვეტისაკენ.” (სტილი დაცულია)

ზურაბ ნოღაიდელისა და ქართველი მეღვინეების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 28 აპრილს შედგა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მთავარ პრიორიტეტად კვლავაც რჩება ქართული ღვინისთვის რუსული ბაზრის დაბრუნება. გადაწყდა ისიც, რომ ჩამოყალიბდება საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის მოდელს შექმნის. საკოორდინაციო ჯგუფი მთავრობისა და დარგის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

პარალელურად, ქართული ღვინისთვის ალტერნატიულ ბაზარს, პრეზიდენტის საგანგებო დავალების მიხედვით, კვლავაც ეძებს თავდაცვის მინისტრი. ირაკლი ოქრუაშვილი ამ მიზნით გასულ კვირაში უკრაინაში იმყოფებოდა. მან დონეცკში მონაწილეობა მიიღო საქმიანი წრეების საბჭოს პირველ შეხვედრაში, რომელიც საქართველოსა და უკრაინის სავაჭრო პალატების ორგანიზებით ჩატარდა. დონეცკის ოლქში გამართული შეხვედრა საქართველოდან ღვინის ექსპორტის საკითხს ეხებოდა. თბილისში დაბრუნებულ თავდაცვის მინისტრს ვიზიტის კონკრეტულ შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ქართული ღვინის ხელშეწყობის მიზნით, მალე მსგავსი ღონისძიებები ბალტიისპირა ქვეყნებში - პოლონეთში, ყაზახეთში, ჩრდილოეთ ევროპასა და ნიდერლანდებში - გაიმართება.

გავრცელებული ცნობით, სწორედ ქართული ღვინის თემით დაიწყო საუბარი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 29 აპრილს ბრიუსელში, საერთაშორისო ფორუმზე, სიტყვით გამოსვლისას. "ტრანსატლანტიკური გამოწვევები გლობალურ ეპოქაში" - ამ სახელწოდების ფორუმის დასკვნითი სესიის თემა გახლდათ - "დემოკრატიის მშენებლობა გაფართოებულ ევროპაში". დასკვნითი ნაწილი მედიისთვის დახურული იყო, თუმცა ვრცელდება ცნობა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი დამსწრეთა წინაშე ქართული ღვინის ბოთლით წარდგა. მან ისაუბრა ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის ხელოვნურ დაბლოკვაზე, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოუზრუნველყოფის ალტერნატიული გზების მოძიების აუცილებლობასა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საკითხებზე.

მიხეილ სააკაშვილი, ფორუმის ფარგლებში, ევროპის კომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროსუს, ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. საქართველოსა და ქართული ღვინის წინაშე მდგარ პრობლემებზე ფორუმზე გამოსვლისას სენატორმა ჯონ მაკკეინმაც ისაუბრა. მან საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მიმართ რუსეთის პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დიდი რვიანის შეხვედრაზე (რომელიც სანკტ-პეტერბურგში შედგება ივლისში) გაყინული კონფლიქტების საკითხი უნდა განიხილონ. სენატორის თქმით, ამ კონფლიქტების მოგვარებას ხელს უშლის რუსეთის მხრიდან სეპარატისტების მიმართ გამოხატული მხარდაჭერა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG