Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირაში იყო საკითხები, რომელთაც პრესა საგანგებო ყურადღებას უთმობდა. მიუხედავად


დავით პაიჭაძე, თბილისი გასულ კვირაში იყო საკითხები, რომელთაც პრესა საგანგებო ყურადღებას უთმობდა. მიუხედავად ამისა, მიმოვიხილავ ქართულ გაზეთებში მოთხრობილ სხვა ამბებსაც, აგრეთვე,

გამოთქმულ მოსაზრებებსა და კომენტარებს.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე პოლიციის სპეცრაზმის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხება გაზეთ ”ახალ ვერსიაში” გამოქვეყნებული წერილი ”ლიკვიდირებული ადამიანების შემაშფოთებელი სტატისტიკა”. სტატიიდან შეიტყობთ, რომ 2005 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, დაიღუპა 32 და დაშავდა 33 ადამიანი. დაღუპულთა ნახევარი პოლიციელია. ”ახალი ვერსია” არ ასახელებს ექსპერტებს, თუმცა კი იმოწმებს მათ აზრს, რომ პოლიციელთა დაღუპვის მიზეზი ხშირად მათ მიერ დაბალ პროფესიულ დონეზე ჩატარებული ოპერაციაა: სერიოზულ დამნაშავეთა აყვანის ოპერაცია წინასწარი მომზადებისა და დაგეგმვის გარეშე ხდება.

ამავე საკითხზე წერისას (მოგეხსენებათ, სანაპიროზე ჩატარებულ ოპერაციას ორი ადამიანი შეეწირა), გაზეთი ”რეზონანსი” კითხულობდა: ”აუცილებლობა, არაპროფესიონალიზმი თუ სიკვდილით დასჯის დაბრუნება?” “რეზონანსი” ბეჭდავს საქართველოს სახალხო დამცველის კომენტარს: ”გამორიცხული არ არის, საქმე არაპროფესიონალიზმთან გვქონდეს. ძალიან ბევრი ეჭვი და კითხვის ნიშანი მიჩნდება. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ გაჩერებულ მანქანას გაუხსნეს ცეცხლი.”

გაზეთი ”ახალი თაობაც” წერდა ამ პრობლემაზე, მაგრამ თქვენს ყურადღებას მივაპყრობ პუბლიკაციას, რომელიც ფასების ზრდას ეხება. ”ახალი თაობიდან” ვიგებთ, რომ ბოლო 4 თვეში თევზი და ბოსტნეული გაძვირდა 17%-ით, ხორცი - 10%-ზე მეტით, შაქარი 12%-ით, ხილზე ფასებმა ერთი მეათედით მოიმატა, ალკოჰოლური სასმელების ღირებულება კი 9%-ით გაიზარდა. 2006 წლის იანვრიდან აპრილამდე ბენზინის ფასი გაიზარდა 6%-ით. ისიც უნდა დავძინოთ, რომ უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე ლიტრი ბენზინი 20 თეთრით გაძვირდა და ეს 6 %-ზე გაცილებით მეტი ზრდა გახლავთ.

“ძველი რიყე ”ახალი რიყის” მფლობელობაში”, - ასე ერქვა გაზეთ ”24 საათის” პუბლიკაციას, რომელიც მკითხველს აუწყებდა, რომ თბილისში რიყის ტერიტორიის გასხვისებაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. ესაა შპს ”ახალი რიყე”. დამარცხებული კომპანიის, ფრანგული ”ჯორჯიან პროპერტის”, შესახებ საკონკურსო კომისიის წევრები აღნიშნავენ, რომ მას მშენებლობაში გაცილებით მეტი გამოცდილება აქვს, მაგრამ დამარცხდა იმიტომ, რომ მისი პროექტი რიყეზე საცხოვრებელი სახლების აშენებას ითვალისწინებდა. ამასთან, ”ახალი რიყის” პროექტი უფრო დეტალური აღმოჩნდა. ”ჯორჯიან პროპერტის” წარმომადგენლებისთვის ასეთი გადაწყვეტილება და მოტივაცია გაუგებარია. გამარჯვებული კომპანია რიყეზე 80 მილიონ ლარამდე ინვესტიციას გეგმავს. პროექტი უნდა დასრულდეს 2010 წლისთვის. უკვე ცნობილია, რომ რიყეზე გამავალი საავტომობილო გზა გაუქმდება და მის ნაცვლად მიწისქვეშა გვირაბი აშენდება. მტკვრის სანაპიროზე კი გასართობი, ტურისტული და ბიზნესცენტრები მოეწყობა,”- ეწერა ”24 საათში”.

რამდენიმე პუბლიკაცია შაბათის, 6 მაისის, პრესიდან. გაზეთი ”ალია” ცდილობს გაარკვიოს, რა გაძვირდება საქართველოში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გასვლის შემთხვევაში. ზუსტი გათვლები წარმოდგენილი არ არის. გაზეთი ჩამოთვლის თანამეგობრობის ქვეყნებიდან საქართველოში იმპორტირებულ საქონელს და წერს, რომ დსთ-დან გასვლის შემდეგ ამ პროდუქციის იმპორტი 3 სახის საბაჟო გადასახადით დაიბეგრება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნების ნაწარმი მაქსიმუმ 12%-ით შეიძლება გაძვირდეს. თუმცა “ალია” იქვე აღნიშნავს, რომ თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოებთან საქართველოს შეუძლია ორმხრივი ხელშეკრულებების დადება და შეთანხმება საბაჟო გადასახადების გაუქმებაზე.

გაზეთი “ხვალინდელი დღე” კი მკითხველს ნოვაციას სთავაზობს: ესაა ახალი რუბრიკა “დოკუმენტები და ფაქტები”. ”აქ გამოქვეყნდება სრული სახით ის დოკუმენტები, რომლებიც გაზეთის მკითხველთათვის საინტერესო საკითხებს ეხება. თემატური არჩევანი შეუზღუდავია,” - წერს ”ხვალინდელი დღე” და პირველ ჯერზე ბეჭდავს წესებს, რომლებიც აბიტურიენტმა უნდა დაიცვას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე; აგრეთვე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პასუხებს ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე. მაგალითად, ამ გაზეთიდან შეიტყობთ, რომ წელს აბიტურიენტების რაოდენობა 19699-ია.
XS
SM
MD
LG