Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''თბილგაზი'' ყაზახეთის კომპანიამ იყიდა


250 მილიონი დოლარი ვალით დამძიმებულ "თბილგაზს" ახალი მფლობელი ჰყავს - ყაზახეთის კომპანია "ყაზტრანსგაზი".

რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს ახალმა ინვესტორმა, იგეგმება თუ არა გაზის ტარიფის კვლავაც გაზრდა, რატომ ფიქრობენ ზოგიერთები, რომ ”თბილგაზი”, პრაქტიკულად, რუსულმა ”გაზპრომმა” იყიდა და რამდენად მართებულია ამგვარი მოსაზრება?

საუბრები იმის შესახებ, რომ ”თბილგაზის” ყიდვის სურვილი ყაზახურ კომპანიას გაუჩნდა, დაახლოებით 7 თვის წინათ დაიწყო, თუმცა ინფორმაცია იმხანად ოფიციალურად არც ერთმა უწყებამ არ დაადასტურა. მოგვიანებით მოარული ხმები გამართლდა და საუბრები საქმითაც დადასტურდა. ”თბილგაზის” გასაყიდად გამოცხადებულ ტენდერში ყაზახურმა ”ყაზტრანსგაზმა” კონკურენტების გარეშე მიიღო მონაწილეობა და საწარმოს მფლობელიც გახდა. იმის გარდა, რომ ყაზახურ კომპანიას 12,5 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს, ”თბილგაზის” გაკოტრების მმართველი ილია ბასიშვილი ახალი ინვესტორის სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ვალდებულებებზე საუბრობს:

(ილია ბასიშვილის ხმა) ”‘თბილგაზისთვის’ პროფილის შენარჩუნება, იმ თანამშრომლების სამსახურში დატოვება, რომლებიც ჯერჯერობით მუშაობენ (ალბათ, მოხდება შემდგომ რეორგანიზაციაც, მაგრამ ეს პირობა ჯერ ერთ-ერთი პირობაა), მთლიანად “თბილგაზისა” და თბილისის გაზის ქსელების რეაბილიტაცია, რომელიც არცთუ ისე პატარა თანხას მოითხოვს.” (სტილი დაცულია)

ყაზახეთის კომპანიის შვილობილი კომპანია ”ყაზახტრანსგაზ-თბილისი” შენაძენით კმაყოფილია. სამაგიეროდ, უკმაყოფილებას გამოთქვამს თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფლანგი. მაგალითად, ლეიბორისტი პაატა ჯიბლაძე ამბობს, რომ საკითხი შესაბამისი მსჯელობის საგანი არასდროს გამხდარა და რომ ამგვარმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ცუდი შედეგები მოიტანოს:

(პაატა ჯიბლაძის ხმა) ”სინამდვილეში, ეს არის გადაცემა რუსეთისათვის - ”გაზპრომისათვის”. ყაზახეთის გაზსა და “გაზპრომს” შორის დადებულია ხელშეკრულება, რომ საერთაშორისო ურთიერთობებს, ანუ ყაზახეთის გაზის მიწოდებას, მთლიანად აკონტროლებს რუსეთი, ანუ ‘გაზპრომი’.” (სტილი დაცულია)

თუმცა, რუსეთი მხოლოდ ყაზახეთის გაზს არ აკონტროლებს. იმავე მდგომარეობაშია თურქმენეთიც. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვიდრე შაჰდენიზის გაზსადენის მშენებლობა დასრულდება, პროექტში მონაწილე მხარეებს როლები გაუნაწილდებათ და ცენტრალური აზია საკუთარი გაზის ტრანსპორტირების ახალ არხებს იპოვის, რუსეთი მონოპოლისტის როლს შეინარჩუნებს. ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ნიკო ორველაშვილი ამბობს, რომ ”თბილგაზის” ახალ მფლობელს - ყაზახურ კომპანიას - იმისათვის, რომ თბილისი ყაზახური გაზით მოამარაგოს, აუცილებლად მოუწევს რუსეთის ინტერესების გათვალისწინება:

(ნიკო ორველაშვილის ხმა) ”შეუძლებელია გაზის, ნავთობისა და სხვა რესურსების ინტერნეტით მიწოდება (იცინის). არც დიპლომატიური ფოსტა გამოდგება ამისთვის. ამას სჭირდება მაგისტრალური სადენები და მაგისტრალური გაზსადენები მთლიანად რუსული კომპანიის ხელში. “გაზპრომი” ამ გაზსადენებს იყენებს, ხშირად - უხეშადაც, იმისთვის, რომ მისი პოლიტიკა, მათ შორის - საფასო პოლიტიკაც, უკარნახოს თავის სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს.” (სტილი დაცულია)

რაც შეეხება გაზის საფასურის გაზრდას: მართალია, თბილისის მერი გიგი უგულავა ტარიფის შენარჩუნებას პრიორიტეტებს შორის ასახელებს და ამბობს, რომ გაზის საფასურის გაზრდა არ იგეგმება, მაგრამ თბილისელებს, უახლესი წარსულის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, ასეთი პერსპექტივის ნაკლებად სჯერათ. აქვე შეგახსენებთ, რომ 1 მაისიდან 1 კუბ/მეტრი ბუნებრივი აირის მოხმარებისთვის თბილისის მოსახლეობას, 27 თეთრის ნაცვლად, უკვე 34,2 თეთრის გადახდა უწევს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG