Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ”იყინება” კონფლიქტები და რატომ ჭიანურდება მათი გადაწყვეტა


17 მაისს სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” მუშაობა დაიწყო ორდღიანმა კონფერენციამ თემაზე - ”ევოლუცია და კონფლიქტების ეფექტური მართვა: პრინციპები,

მიდგომები და ტექნოლოგიები”. მეორე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის პირველ დღეს ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, უკრაინელი, რუსი და ბულგარელი ექსპერტები წლების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას განიხილავდნენ და მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ რატომ ვერ ხერხდება ”გაყინული კონფლიქტების” ეფექტიანი მოგვარება. მინდა ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კონფერენციის შესახებ გესაუბროთ.

17 მაისს ექსპერტები მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ რატომ ”იყინება” კონფლიქტები ასე უსასრულოდ და რამდენად ამართლებს სახელს ”სამშვიდობო პროცესი”. როგორც რეალობა ცხადყოფს, ხშირ შემთხვევაში, ექსპერტებს სამწუხარო ფაქტის აღიარება უწევთ:

(ალექსანდრე რუსეცკის ხმა) ”რეალური მუშაობა, რომელიც მიმდინარეობს, როგორც სილაში წყალი, ისეა, ფაქტობრივად. შედეგებს ჩვენ ვერ ვხედავთ. აი, არც ამ კონფლიქტების შეფასება ხდება ადეკვატურად და არც ამ, ეგრეთ წოდებული, სამშვიდობო პროცესების. სამეცნიერო შეფასება ამ კონფლიქტების არ არსებობს; ესე იგი, ვინ ვინ არის ამ კონფლიქტში, ვინ არის მხარე და ვინ - სუბიექტი და ვინ შეიძლება იყოს მედიატორი და ვინ - არ შეიძლება.” (სტილი დაცულია)

ეს ალექსანდრე რუსეცკი გახლავთ - ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს კომიტეტის თავმჯდომარე, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და კონფერენციის ორგანიზატორი. ის ამბობს, რომ ”სამშვიდობო პროცესის” ამჟამად მოქმედი მექანიზმი უშედეგოა, იმიტომ რომ მან კონფლიქტების მოგვარების გასაღებს ვერ მიაგნო. გასაღები სულ სხვაგან და ბევრად უფრო ხელმისაწვდომ ადგილას იმალება. ალექსანდრე რუსეცკი ქართულ-ოსური კონფლიქტის მაგალითზე მსჯელობს:

(ალექსანდრე რუსეცკის ხმა) ”პრაქტიკულად, უსაფრთხოების საკითხი ეხება ორ თემას - ქართველებისა და ოსების თემებს, ხომ?! ესე იგი, ამ ორმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს ეს უსაფრთხოების საკითხი და არა - თბილისმა და მოსკოვმა და ვაშინგტონმა. შიგნით უნდა მოხდეს შეთანხმება სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. ჩვენ ახლა ბევრს ვსწავლობთ უცხოური გამოცდილებიდან, ჩამოგვაქვს რაღაც ისინი, ირლანდიაში დავდივართ, აქეთ დავდივართ, იქით დავდივართ... მაგრამ ჩვენთან, კავკასიაში, არის საკმაოდ დიდი პოტენციალი ტრადიციული მეთოდებით ბევრი რამის მოგვარების, რომელიც სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ნებისმიერ ქვეყანაში არსებულ ტექნოლოგიებს.” (სტილი დაცულია)

იმას, რომ ხალხი უმთავრესი ძალაა, კონფერენციის მონაწილე აბსოლუტურად ყველა ექსსპერტი ეთანხმება. თუკი კონფლიქტის მონაწილე მხარეები ერთიან ძალად არ იქცევიან, აზრი ეკარგება სამშვიდობო პროცესისთვის დახარჯულ უზარმაზარ თანხებს, პოლიტიკოსთა აქტიურობასა და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაციას. ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის აზერბაიჯანის კომიტეტის თანათავმჯდომარე, ულოფ პალმეს სახელობის მშვიდობის პრემიის ლაურეატი არზუ აბდულაევა ამბობს, რომ ხალხმა პოლიტიკოსების გადაწყვეტილების კორექტირება უნდა შეძლოს:

(არზუ აბდულაევას ხმა) ”ხალხი ძალად უნდა იქცეს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთად დგომისა და კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარის ინტერესთა გათვალისწინების შემთხვევაშია შესაძლებელი. რომელიმე მხარის ინტერესების იგნორირება ახალ კონფლიქტს გამოიწვევს. ასეთ შემთხვევაში მხარეები კვლავ დაშორდებიან ერთმანეთს და გადაწყვეტილებებს მხოლოდ პოლიტიკოსები მიიღებენ. სამწუხაროდ, კონფლიქტი ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. ხალხის ძალის გაერთიანება კი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების საშუალებას იძლევა.”

არზუ აბდულაევას მსგავსად, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში ხალხის მაქსიმალურ ჩართვას ცდილობს მისი სომეხი კოლეგა და მეგობარი ანაიდა ბაიანდური - ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის სომხეთის კომიტეტის თანათავმჯდომარე და ასევე ულოფ პალმეს სახელობის მშვიდობის პრემიის ლაურეატი:

(ანაიდა ბაიანდურის ხმა) ”მოლაპარაკებები სახელმწიფო დონეზეც წარმოებს, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ეს მხოლოდ ფიქციაა. ჩვენ მიერ წარმოებული მოლაპარაკებები კი - ეს თავად ცხოვრებაა... ეს ხალხის გაერთიანების დიდი სურვილია. მიზანია ის, რომ ადამიანებმა თავი მარტო, მიტოვებულად არ იგრძნონ. ჩვენ თავიდანვე ვებრძოდით მტრობას და ეს ჩვენ კარგად გამოგვდიოდა. ვიყავით გულწრფელი და ხალხს ჩვენი სჯეროდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.”

ანაიდა ბაიანდური დარწმუნებულია, რომ, ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებით სომეხი ხალხი თანდათან სულ უფრო ივიწყებს მტრობას და კონფლიქტის მოგვარებას ლოგიკური საზომებით უდგება. ექსპერტი ამბობს, რომ ბოროტებას, რომელიც სულ უფრო იკრებს ძალებს მთელ მსოფლიოში, ხალხი კეთილი ნებით უნდა დაუპირისპირდეს. გულწრფელი საუბარი და მოწინააღმდეგის პარტნიორად აღქმა მშვიდობის დამყარების ყველაზე ეფექტიანი რეცეპტია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG