Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ”თანასწორობის ინსტიტუტმა” ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა


”თანასწორობის ინსტიტუტი”, რომელსაც პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის იმედი აქვს, ხელისუფლებას ერთგვარ ულტიმატუმს უყენებს და,

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მწვავე საპროტესტო აქციებით ემუქრება. მოთხოვნა ასეთია: სულ მცირე - ადვოკატის თანდასწრებით, სასწრაფოდ დაიკითხონ ის პირები, რომლებიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეს, 28 იანვარს, “შარდენ-ბარში” იმყოფებოდნენ და რომლებსაც, გირგვლიანის ოჯახის წევრები, მკვლელობის დამკვეთებად მოიხსენიებენ. ”თანასწორობის ინსტიტუტის” ყურადღების ცენტრშია ასევე მოქცეული 2004 წლის 23 ნოემბერს საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოკლული 19 წლის ამირან რობაქიძის საქმე.

სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე შეაშფოთა ინფორმაციამ, რომელიც მას კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა:

(ირინა ენუქიძის ხმა) ”იმ უბედურ დღეს “შარდენ-ბარში” სუფრასთან მჯდომი ხალხი - შეიძლება, არა ყველა, მაგრამ ზოგიერთი - აპირებს დატოვოს ქვეყანა და მიიმალოს საზღვარგარეთ. და კიდევ, ზოგს უშვებენ სასწავლებლად, რომ მოაცილონ აქაურობას და მართლმსაჯულების წინაშე არ წარდგნენ.”(სტილი დაცულია)

ირინა ენუქიძე უნდობლობას უცხადებს ქალაქის პროკურორს, გიორგი ღვინიაშვილს, რომელიც, მისი თქმით, საქმეში მკვლელობის დამკვეთების არსებობას უარყოფს. გახმაურებული მკვლელობის საქმეში, რომელიც ერთი ოჯახის ტრაგედიას დიდი ხანია გასცდა, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, დამკვეთების კვალს ხედავს ”თანასწორობის ინსტიტუტი”. ხელისუფლებისადმი მიმართვაში კიდევ ერთხელ სახელდება საგანგებო გარემოებაში დასაკითხ პირთა გვარები:

(ლაშა ჩხარტიშვილის ხმა) ”ადვოკატს მიეცეს საშუალება დაესწროს დაკითხვას იმიტომ რომ, როგორც ჩანს, ისინი არ ეხებიან იმ ადამიანებს, რომელთა სახელები ყველასთვის არის ცნობილი, - ესენი არიან: ახალაია, სანოძე, მელნიკოვი, დონაძე და ვანო მერაბიშვილის მეუღლე, - არამედ ცდილობენ მაქსიმალურად აარიდონ მათ პასუხისმგებლობა.” (სტილი დაცულია)

”თანასწორობის ინსტიტუტის” წარმომადგენლის ლაშა ჩხარტიშვილის მიერ გახმიანებული მოთხოვნის შესასრულებლად ხელისუფლებას კონკრეტული ვადა ეძლევა. ულტიმატუმის პირობებს ამავე ინსტიტუტის ხელმძღვანელი ირაკლი კაკაბაძე აკონკრეტებს:

(ირაკლი კაკაბაძის ხმა) ”23 მაისს, 4 საათამდე, მე ვფიქრობ რომ, პრეზიდენტსაც და პროკურორ ღვინიაშვილსაც და ადეიშვილსაც და ასე შემდეგ, აქვთ დრო იმისათვის, რომ გამოხატონ კეთილი ნება და დაიწყონ პროცესი, რათა ეს პროცესი იურიდიულ ჩარჩოებში დარჩეს. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ დავიწყებთ პერმანენტულ აქციებს ძალიან მწვავედ და ამ მთავრობას 26 მაისის ზეიმის საშუალებას ნამდვილად არ მივცემთ. სხვანაირი ფორმის პროტესტთან ექნებათ საქმე, თუ ეს ასე დატოვეს.” (სტილი დაცულია)

ირაკლი კაკაბაძეს მეგობარ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებისა და საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს. სანდრო გირგვლიანის დედას თანადგომას უცხადებს 2004 წლის 23 ნოემბერს საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოკლული 19 წლის ამირან რობაქიძის დედა. ია მეტრეველი, რომელსაც ასევე ერთადერთი შვილი მოუკლეს, ძალოვან სტრუქტურებში გამეფებულ განუკითხაობაზე საუბრობს:

(ია მეტრეველის ხმა) ”თუ არ შეჩერდა ეს პროცესი და ამდენ ხალხს, რომლებსაც მიცემული აქვთ ძალაუფლება, არაპროფესიონალებს, და ყველაფრის უფლება აქვთ მიცემული, თუ ეს უფლება არ შეჩერდა და რაღაცით თუ არ შევაჩერეთ ხალხმა და, თუნდაც, პარლამენტის წევრებს მივმართავ, მე არ ვიცი, ეს სადამდე გაგრძელდება. ჩემს უბედურებას საზღვარი არ აქვს და არაფერი არ გვეშველება ჩვენ, მაგრამ ყველას მინდა მივმართო, რომ ხვალ ვისი ჯერი დადგება, არავინ იცის და ნურავინ იტყვის, რომ ჩემს შვილს ეს არ მოუვა... იმიტომ რომ, ჩემი შვილი ისეთი წესიერი იყო და ისეთი ფრთხილი...” (სტილი დაცულია)

ახალგაზრდების სიცოცხლის გადასარჩენად და ”სიკვდილის ბრიგადების” წინააღმდეგ საბრძოლველად ”თანასწორობის ინსტიტუტი” მოუწოდებს ყველას და, მათ შორის, ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც საღ აზრს ჯერჯერობით მხოლოდ პირად საუბრებში გამოთქვამენ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG